აფხაზი ოპოზიციონერი, რომელიც არჩევნების წინ მოწამლეს, პოლიტიკაში დაბრუნდა
აფხაზეთის მთავარი ოპოზიციონერი, ასლან ბჟანია 17 დეკემბერს, მძიმე მოწამვლის გამო, მოსკოვსა და ბერლინში, რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, სახლში დაბრუნდა. მთელი ეს დროა, ბჟანია ამტკიცებს, რომ მისი მოწამვლა სცადეს, რათა არ მიეცათ 2019 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.
ოპოზიციის დიდი ნაწილი არალეგიტიმურად მიიჩნევს 8 სექტემბერს გამართულ მეორე ტურში, პრეზიდენტის პოსტზე რაულ ხაჯიმბას ხელმეორედ არჩევას. ასლან ბჟანიას დაბრუნების შემდეგ, ოპოზიციური ძალები აფხაზეთში, ბრძოლის ახალ სტიმულს მიიღებენ, გაერთიანდებიან რა ყოფილი ლიდერის გარშემო.
_______________________________
ასლან ბჟანია გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი უნდა ყოფილიყო 2019 წლის აგვისტოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა, მოულოდნელად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მძიმე მეტალებით მოწამვლის ნიშნებით, საავადმყოფოში აღმოჩნდა.
თავად ბჟანია და მისი თანამებრძოლები დარწმუნებული არიან, რომ ეს მისი საპრეზიდენტო რბოლიდან ჩამოშორების მცდელობა იყო. მართალია, პირდაპირ ამის შესახებ არავის ულაპარაკია, მაგრამ პირველი ეჭვმიტანილი ამ შემთხვევაში, შეიძლება, აფხაზეთის პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა ყოფილიყო – რამდენადაც ის იყო ბჟანიას მთავარი კონკურენტი არჩევნებზე.
• თუკი ასლან ბჟანია მაინც მოწამლეს – ვინ და რატომ?
აფხაზეთში ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაუქმებას ითხოვს. მიზეზი ისაა, რომ კანდიდატებმა ხმათა თითქმის ერთნაირი პროცენტი მიიღეს – 47,39 პროცენტი მოქმედმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, 46,17 პროცენტი – ოპოზიციის კანდიდატმა, პარტია „ამცახარას“ ლიდერმა, ალხას კვიცინიამ.
ოპოზიცია, მათ შორის ასლან ბჟანია, ამტკიცებს, რომ კანონმდებლობის თანახმად, ეს შედეგები სინამდვილეში მეტყველებს იმაზე, რომ არჩევნებში არავის გაუმარჯვია და კენჭისყრა ახლიდან უნდა ჩატარდეს.
• აფხაზეთის 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ყველა დეტალი
ჯერ კიდევ მოსკოვში მყოფი ასლან ბჟანია პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ცხელ დროებას დაჰპირდა.
„თუკი ის განმეორებითი არჩევნების ჩატარებას არ დათანხმდება – ჩაითვლება ადამიანად, რომელიც უკანონოდ ფლობს ხელისუფლებას აფხაზეთში.
ჩვენ ამაზე შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, – განაცხადა სექტემბრის შუაში, გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცთან“ ინტერვიუში, ასლან ბჟანიამ.
20 სექტემბერს, აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა გასულ არჩევნებზე, მოქმედი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მთავარი კონკურენტის, ალხას კვიცინიას სარჩელზე, რომელიც ხაჯიმბას პრეზიდენტად გამოცხადების შესახებ, ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა.
კვიცინიამ, რომელიც ოპოზიციის კანდიდატი ფორსმაჟორულ ვითარებაში გახდა, სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ახლა მას საკასაციო ინსტანცია განიხილავს.
„ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ. ყველაფერს, რასაც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა ხაჯიმბა, ჩვენ გაორმაგებული ენერგიით გამოვიყენებთ. ყველაფერს, რაც დათესეს, მოსავლის სახით აიღებენ“, – დადო ჟურნალისტებთან საუბრისას პირობა ბჟანიამ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო