მედეა და ჯუმბერი
საერთაშორისო ფესტივალი “ხიბლა გერზმავა გიწვევთ” 2001 წელს დაარსდა და ყოველწლიურად იმართებოდა აფხაზეთში. 2014 წელს კი მოსკოვში, სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკალური თეატრის სცენასა და ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა.
2015 წელს მე-14 ფესტივალი ვენაში, მუზიკფერაინის ცნობილ ოქროს კედლებში გაიმართა, 2016 წელს კი – შვეიცარიულ სანკტ-მორიცში.
ხიბლამ გადაწყვიტა, წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებული ყოფილიყო, რასაც ფესტივალისთვის შერჩეული მოედანი, ბილეთების გამო დაწყებული აჟიოტაჟი და, რა თქმა უნდა, საკუთრივ პროგრამაც ადასტურებდა.
მართლაც მოულოდნელი იყო, რომ სწორედ “მედეა” უნდა სწვეოდა ქალაქს. გადაწყდა, რომ საიუბილეო ფესტივალი “ხიბლა გერზმავა გიწვევთ” დიოსკურების სანაპიროზე, სახელმწიფო ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალ “სოხუმის ციხე-სიმაგრეში” გამართულიყო და ორ საკონცერტო პროგრამად დაყოფილიყო. ციხე-სიმაგრის ტერიტორიის გაწმენდისა და კეთილმოწყობის სამუშაოები ივნისის ბოლოს დაიწყეს.
მოსწრება
ბილეთების გაყიდვა 12 ივლისს დაიწყო. რუსული დრამატული თეატრის სალაროებში 900-ზე მეტი ბილეთი მიიღეს. სალაროების გახსნიდან ერთი საათის შემდეგ თეატრის შენობასთან დაახლოებით ორმოცდაათი ადამიანი შეიკრიბა. ბილეთების შეძენის მსურველების რაოდენობა ყოველ წუთს იზრდებოდა. რიგის მოსაწესრიგებლად სიის შედგენა დაიწყეს. დღის მეორე ნახევარში ფესტივალის ორივე დღის ყველა ბილეთი გაყიდული აღმოჩნდა.
მოგვიანებით, აფხაზეთის მეორე პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის სახელობის მოედანზე “მედეას” ტრანსლაციისთვის ოთხი მეტრის სიგრძისა და სამი მეტრის სიგანის უზარმაზარი ეკრანი დამონტაჟდა.
ქალაქი ნანგრევებში
28 ივლისის საღამოს ჩამოვიდა თორმეტი სატვირთო მანქანა, რომლებშიც კონსტრუქციები და ტექნიკა იყო განთავსებული. დილით სცენისა და თითქმის ათას მაყურებელზე გათვლილი ამფითეატრის მონტაჟი დაიწყო. მხოლოდ სასცენო კონსტრუქციების აწყობას 30 ადამიანი დასჭირდა. დაახლოებით ამდენივე მუშა დასაჯდომ ადგილებს ამონტაჟებდა.
თავად ხიბლა მოედანზე ხშირად მოდიოდა და სამუშაოების მიმდინარეობას აკვირდებოდა. მისი თქმით, ფესტივალისთვის შერჩეულ ამ ადგილს განსაკუთრებული მაგიური ძალა აქვს.
ფესტივალის შესახებ ყველგან და ყველაფერს ლაპარაკობდნენ – ახალი ამბების გამოშვებებში, სოციალურ ქსელებში… სოხუმელები მშენებარე თეატრის შორიახლოს დგებოდნენ და ღია ცის ქვეშ გადაშლილი თეატრის ისეთი რაკურსით გადაღებას ცდილობდნენ, რომელიც “ინსტაგრამის” აფხაზურ სეგმენტში მანამდე არასდროს ასახულა.
ბუნების დახმარებით
3 აგვისტოს, საღამოს, მაყურებლებმა სპექტაკლის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყეს დიოსკურების სანაპიროზე შეკრება. ამფითეატრი თანდათან მაღლდებოდა და, შესაბამისად, თითოეული წერტილიდან ჩინებულად მოჩანდა სცენა, რომელსაც ზღვა, ცა და დიოსკურია აგრძელებდნენ. და რომ არა ფოტოაპარატების სინათლე და მაყურებლების თავზე მფრინავი კვადროკოპტერი, დროსა და სივრცეში დაკარგვა ძალიან მარტივად იქნებოდა შესაძლებელი.
“მედეას” ყველა ანონსი ერთხმად ღაღადებდა, რომ “არგონავტები ბრუნდებიან!” გასულ წელს სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მოსკოვის აკადემიური მუსიკალური თეატრის მიერ დადგმულმა ამ სპექტაკლმა ორჯერ მიიღო პრესტიჟული პრემია “ოქროს ნიღაბი”, რომელთაგან ერთ-ერთი ხიბლა გერზმავას ერგო ნომინაციაში “ქალის საუკეთესო როლი”. მოგვიანებით ხიბლამ თავისი “ოქროს ნიღაბი” აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმს გადასცა.
კერუბინის ოპერის მოქმედება რეჟისორმა მეოცე საუკუნეში გადაიტანა. დეკორაციები ბეტონის “ტეტრაპოდებს”, ერთგვარ ტალღმჭრელებს განასახიერებდა. სადღაც სცენის მიღმა გემები დაცურავდნენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ერთ-ერთმა მედეა კრეონტის სამეფოში, იასონისა და გლავკეს დღესასწაულზე ჩამოიყვანა.
კოლხ ჯადოქარ მედეას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ იასონისა და გლავკეს შეუღლებას არ დაუშვებდა. პირველი აქტის ბოლოს მედეამ ზეცას შესძახა, რომ ქორწილი არ შედგებოდა. და მას ნამდვილმა ზეცამ წვიმის პირველი წვეთებით უპასუხა. ანტრაქტისათვის ორკესტრისა და არტისტების მიკროფონებმა შხრიალი დაიწყო, სცენა კი სრიალა გახდა.
პირველი წვეთებითვე ვიგრძენი ნამდვილი კოკისპირული წვიმა; მაგრამ ამფითეატრში შეკრებილი ადამიანები დაშლას არ აპირებდნენ. ვიღაცამ ქოლგა გაშალა – ისე, რომ ადგილიდან არც კი წამომდგარა. ოპერატორებმა კამერები შალითებში გაახვიეს, მაგრამ აშკარად მზად იყვნენ გადასაღებად. ჩემ წინ უკვე კოკისპირულ წვიმაში ისხდნენ ქალები. ერთმა მათგანმა თქვა, – სამაგიეროდ, როდესაც დაიწყებენ, მხოლოდ ჩვენი სკამები იქნება მშრალიო. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ დაიწყებდნენ.
ამფითეატრში უქოლგოდ დადიოდა კულტურის მინისტრი ელვირა არსალია, მარჯვანე კულისებში ხიბლა გერზმავა იდგა, სანაპიროზე კი დიოსკურებსა და ორკესტრს ფელიქს კორობოვი ესაუბრებოდა.
ნახევარი საათის შემდეგ განაცხადეს, რომ “მედეას” გაგრძელება შუაღამისას გაიმართებოდა აფხაზეთის დრამატულ თეატრში.
მამაკაცები ორკესტრს ინსტრუმენტების გადატანაში ეხმარებოდნენ, გალუმპული მაყურებლები კი ახლობლებსა და მეგობრებს ურეკავდნენ და დრამატულ თეატრში იწვევდნენ.
სანაპიროზე საღამოს კაბებში გამოწყობილი გოგონები დარბოდნენ – მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებითა და ვარცხნილობების ნარჩენებით.
შეიძლება ითქვას, რომ თეატრი “მედეასთვის” და სტიქიური მოვლენისათვის მზად არ იყო. ტექნიკური კოლექტივი შვებულებაში გახლდათ, მაგრამ რამდენიმე წუთში შეიკრიბა. ხმის, სინათლისა და ინსტრუმენტების თავიდან აწყობას შეუდგნენ. თეატრის შიგნითაც კი ისმოდა ქარიშხლის ხმა, რომელიც წვიმამ წარმოშვა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ წვიმამ თეატრის სახურავი გაარღვია. ელექტრიკოს ჯუმბერს ეძებდნენ, რომ სასწრაფოდ გამორთულიყო სოფიტები. მოკლე ჩართვამდე მართლაც რამდენიმე წამი რჩებოდა.
ეს ყველაფერი აბსოლუტურად სიურრეალისტურად გამოიყურებოდა – ხიბლა გერზმავა, დრამატული თეატრის გარღვეული სახურავი და ჯუმბერი.
“ჩვენ მშვენიერ განწყობაზე ვართ. უბრალოდ თქვენი გვრცხვენია, თითქოს ჩვენი ბრალია, რომ ბოლომდე ვერ ვასრულებთ ნაწარმოებს. მაგრამ ეს ხომ ოპერაა! ამ ნაწარმოების შესრულება ინსტრუმენტების გარეშეც შეიძლება! ასე ხომ არ გვეცადა?” – მკითხა ერთ-ერთმა “არგონავტმა”, რომელიც თეატრის კორიდორში, მაგიდაზე იჯდა.
“ასე გვიან თეატრში არასდროს ვყოფილვარ. მართლა გაივსო მთელი დარბაზი? აუცილებლად გამოვალთ სცენაზე. გპირდებით,” – მხარი აუბა კოლეგას მეორე “არგონავტმა”.
ამ დროს მაყურებელი მამაკაცები პერსონალს მუსიკალური ინსტრუმენტრების ჩამოტვირთვაში ეხმარებოდნენ. აშკარა იყო, რომ ჯუმბერიც იპოვეს – სოფიტები გამორთეს.
ღამის პირველ საათზე მაყურებლებს სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მოსკოვის აკადემიური მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ტიტელმა მიმართა.
“ზეცა არ გვაძლევს საშუალებას, დავასრულოთ სპექტაკლი. იქნებ ამის მიზეზი თავად მედეაა? ცოტა მოიცადეთ, საკონცერტო ვარიანტს შევასრულებთ – დეკორაციების გარეშე!”
ათი წუთის შემდეგ “მედეას” მეორე აქტი დაიწყო – პირველი აქტის დასრულებიდან სამ საათნახევარი იყო გასული. გარღვეული ჭერის გამო, არტისტები სცენის მხოლოდ 50 პროცენტს იყენებდნენ. მესამე აქტი მეორის დასრულებისთანავე გაითამაშეს – ანტრაქტის გარეშე. შენობაში ჭექა-ქუხილისა და დაუსრულებელი წვიმის ხმა ისმოდა. სოხუმსა და მედეას ფანჯრიდან ვენეცია და თავად კერუბინი უკაკუნებდნენ.
თვალებით ვეძებდი იმ ორ “არგონავტს”, რომლებსაც რამდენიმე წუთის წინ რცხვენოდათ, რომ ვერ შეძლეს. ვიპოვე. დასველებულები, გამშრალები და ისევ დასველებულები. მაგრამ სცენაზე მდგომ ადამიანებს ეტყობოდათ, რომ ნამდვილ ბედნიერებას განიცდიდნენ.
ღამემ ყველა ერთად შეყარა – ევრიპიდედან დაწყებული, ჯუმბერით დასრულებული. როდესაც ფინალური აპლოდისმენტები გაისმა, უკვე თითქმის თენდებოდა. ფეხზე მდგომი პუბლიკა არტისტებს აცილებდა. გარეთ უკვე აღარ წვიმდა – მხოლოდ მისი შედეგებიღა იყო დარჩენილი. იმ ღამით თეატრის შენობიდან გამოსული ყველა მაყურებელი ცოტათი არგონავტი გახდა, რადგან სახლამდე ცურვით უნდა მიეღწიათ; თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 07.08.2016