კრიპტოვალუტის ბუმი - ფული “ჰაერიდან” თუ მომავლის ტექნოლოგია?
გიორგი ლალიაშვილი მეწარმეა. ორხევში საკუთარი ფერმა აქვს, სადაც ქათმებს ან გოჭებს კი არა, კრიპტოვალუტას ამრავლებს.
კრიპტოვალუტით გიორგი გასულ წელს დაინტერესდა და საქმეს სექტემბერში შეუდგა. თავდაპირველი გათვლებით, ჩადებული ფული ექვს თვეში უნდა ამოეღო, თუმცა ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი ჰქონდა.
ყველაფერი გაცილებით უკეთ წავიდა.
“უკვე რამდენიმე კვირაში ჩადებული ფული სრულად ამოვიღე. მეტიც, მოგებაში წავედი”, – ამბობს გიორგი.
მას უკვე მეორე ფერმაც აქვს, უფრო დიდი – ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. ახლა ბიზნესის გასაფართოებლად უცხოელ პარტნიორებს ეძებს.
იმ საქმეს, რასაც გიორგი და უკვე სხვა მრავალი ადამიანი აკეთებს საქართველოში, მაინინგი ჰქვია.
მაინინგი ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ეფუძნება. ბლოკჩეინი მონაცემთა ბაზას ნიშნავს, რომელიც თანმიმდევრულად დალაგებული “ბლოკებისგან” შედგება და ერთიან სერვერზე არ არის განთავსებული.
ბლოკების “ჯაჭვი” მუდმივად გრძელდება და მას ინფორმაციის ახალ-ახალი ბლოკები ემატება. ბლოკების სრული თანმიმდევრობა ერთდროულად ქსელის ყველა მონაწილის მოწყობილობებზე ინახება და მასში ცვლილებების შეტანა ან მისი გაყალბება შეუძლებელია.
მაინინგი არის პროცესი, რომლის დროსაც კომპიუტერები სპეციალური რიცხვის (ჰეშის) მისაღებად რთულ გამოთვლებს აწარმოებენ. ჰეშს წინასწარ განსაზღვრული პარამეტრები აქვს. ასეთი რიცხვის პოვნა ერთი ახალი “ბლოკის” შექმნას ნიშნავს, რომელიც ბლოკჩეინში სამუდამოდ შეინახება. მოწყობილობას, რომელიც ამ ოპერაციას ახორციელებს მაინერი ქვია. იმისთვის, რომ რთული ალგორითმები გამოითვალოს, მაინერი დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას ხარჯავს. ამ ოპერაციის წარმატებით განხორციელების და ჰეშის მიღების შემთხვევაში, მაინერი და მისი მფლობელი ჯილდოდ ბიტკოინის (ან სხვა კრიპტოვალუტის) ერთეულს მიიღებს.
პირველი კრიპტოვალუტა ბიტკოინი იყო და იგი 2009 წელს გაჩნდა. მას შემდეგ ახალი, ალტერნატიული კრიპტოვალუტებიც შეიქმნა. ყველა კრიპტოვალუტა ერთსა და იმავე ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. თითოეული მათგანის კურსი რეალურ (ფიატურ) ფულთან მიმართებაში მუდვივად იცვლება – ძირითადად იზრდება, თუმცა ცოტა ხნის წინ ბიტკოინის ფასის მკვეთრი ვარდნაც მოხდა.
კრიპტოვალუტის მაინინგ-ფერმა თბილისში, 2018 წ. თებერვალი. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews
ბოლო წლებში მსოფლიოში კრიპტოვალუტების ბუმია და ამ ბუმის ერთ-ერთი ლიდერი არც მეტი/არც ნაკლები, პატარა ქვეყანა საქართველოა.
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევით, 2017 წელს საქართველოში მაინინგისთვის გამოყენებული სიმძლავრეებით (60 მეგავატი) ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზე აღმოჩნდა. ამ კვლევის მიხედვით მესამე ადგილზეა აშშ.
კრიპტოვალუტის პოპულარობა საქართველოში ისე გაიზარდა, რომ ეროვნული ბანკი იძულებული გახდა, გასული წლის დეკემბერში სპეციალური განცხადებითაც კი მიემართა მოსახლეობისთვის. ეროვნული ბანკის განცხადებაში წერია, რომ კრიპტოვალუტა არ წარმოადგენს ქვეყანაში გადახდის კანონიერ საშუალებას, მასთან დაკავშირებული საქმიანობა არ რეგულირდება კანონით და არ არსებობს რაიმე ორგანო, რომელიც მოსახლეობას კრიპტოვალუტის გამო წარმოქმნილ პრობლემებს მოუგვარებს და რისკებისგან დაიცავს.
BitFury, ივანიშვილი და “აფერისტული ვალუტა”
მაინინგის დაწყება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც შესაბამის მოწყობილობას შეიძენს. თავდაპირველად მაინინგი ნიბისბიერი კომპიუტერიდან შეიძლებოდა. თუმცა, მაინერების რიცხვის ზრდასთან ერთად, ალგორითმიც გართულდა და ახლა მაინინიგს უკვე უფრო მძლავრი მოწყობილობები სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივი კომპიუტერია. ყველაზე მომგებიანი სამრეწველო მაინინგია, ანუ უზარმაზარი, ქარხნების მსგავსი “დატა-ცენტრების” შექმნა.
სწორედ ამგვარი სამრეწველო მაინინგის ერთ-ერთ მსოფლიო ცენტრად ყალიბდება დღეს საქართველო.
ჩვეულებრივ, მსხვილი მაინერი კომპანიები ისეთ ქვეყნებში იყრიან თავს, სადაც ან ელექტროენერგიაა იაფი, ან კიდევ ტექნოლოგიებია ძალიან განვითარებული.
საქართველო სწორედ ელექტროენერგიის სიიაფით გახდა მიმზიდველი – განსაკუთრებით რეგიონებსა და სპეციალურ ადგილებში, ე.წ. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, რომელიც საქართველოში რამდენიმეა.
თბილისში ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგია მაღალი ძაბვის კომერციული მომხმარებლებისთვის 16,1 თეთრი ღირს (6,5 ცენტი). რეგიონებში ფასი კიდევ უფრო დაბალია, ზოგიერთ მაღალმთიან რეგიონში კი მომხმარებლისთვის ელექტრენერგია საერთოდ უფასოა.
საქართველოში თავისი უზარმაზარი კრიპტომეურნეობა ბიტკოინების მწარმოებელ ერთ-ერთ მსოფლიო ლიდერ კომპანიას “BitFury”-ს აქვს გაშლილი, რომლის “დატაცენტრები” თბილისსა და გორში რამდენიმე ჰექტარზეა გაჭიმული.
2016 წელს მსოფლიოში მოპოვებული ბიტკოინების მეექვსედზე მეტს სწორედ ეს ერთი კომპანია ფლობდა.
საქართველოში ოპერირება “BitFury”-მ 2014 წელს დაიწყო, როდესაც გორში პირველი მსხვილი “დატაცენტრი” ააშენა. ამ დატაცენტრის ასაშენებლად “BitFury”-მ 10 მილიონიანი სესხი საქართველოს ექს-პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული “თანაინვესტირების ფონდიდან” აიღო.
თუმცა, ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ კომპანიას საქართველოში განსაკუთრებულ პირობებს უქმნიან და ეხმარებიან.
გორის შემდეგ “BitFury” ჯგუფმა მეორე დატაცენტრი უკვე თბილისში ააშენა. 18 ჰექტარი მიწა, რომელზეც ეს ცენტრია განლაგებული, “BitFury”-მ ეკონომიკის სამინისტროსგან სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიიღო.
მიწის გადაცემიდან რამდენიმე თვეში კი, ამ ტერიტორიას მთავრობამ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი მიანიჭა, რაც ბიზნესის წარმოებისთვის გამარტივებული პირობების არსებობას გულისხმობს.
თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში მოქმედი კომპანიები არ იხდიან დამატებითი ღირებულების (დღგ), მოგებისა და ქონების გადასახადებს.
ასევე დღგ-ს გარეშე ყიდულობენ ელექტროენერგიას, რაც მათთვის ტარიფს 18%-ით ამცირებს.
არაჩვეულებრივი პირობებია კომპანიისთვის, რომელიც მაინინგითაა დაკავებული და ძალიან ბევრ ელექტროენერგიას ხარჯავს.
სწორედ ამ განსაკუთრებული შეღავათების გამო, საქართველოში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ BitFury-Georgia საქართველოს ფაქტობრივ მმართველთან, ბიძინა ივანიშვილთან და მის ბიზნესინტერესებთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიაა.
წლის დასაწყისში, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის ტარიფი გაუძვირდა, BitFury-ს თემა კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური.
ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველო” მიიჩნევს, რომ მოსახლეობისთვის ტარიფის გაძვირება იმ “დაუმსახურებელმა და ქვეყნისთვის საზიანო შეღავათებმა” გამოიწვია, რომლებიც BitFury-მ ხელისუფლებისგან და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო.
“40 მეგავატზე მეტი სიმძლავრის საწარმო ელექტოერნერგიას შეღავათიან ფასში იღებს, რაც საბოლოოდ სამომხმარებლო ტარიფს დააწვა და “სემეკიც” იძულებული გახდა მოსახლეობისთვის დენი გაეძვირებინა”, – აცხადებს პარტიის წევრი აკაკი ბობოხიძე.
უფრო რადიკალურია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი – მისი თქმით, ივანიშვილმა “გაიპრივატა” ენერგეტიკის სექტორი და “თბილისში უფასოდ აფერისტულ ვალუტა ბიტკოინს ჭრის”.
თუმცა, BitFury-ში ოპოზიციის ამ არგუმენტებს უარყოფენ და საქართველოში მათთვის რაიმე განსაკუთრებული, სასათბურე პირობების არსებობას არ ადასტურებენ.
BitFury ამბობს, რომ ყველა ვალი დააბრუნა – “თანაინვესტირების ფონდიდან” აღებული კრედიტი უკვე გადაიხადა და სახელმწიფოს წინაშე აღებული საინვესტიციო ვალდებულებებიც პირნათლად შეასრულა.
BitFury-ის წარმომადგენელის, ეფრემ ურუმაშვილის განცხადებით, კომპანიისთვის 1 ლარად გადაცემული მიწა “აბსოლუტურად ხრიოკი” იყო და არაფერში გამოიყენებოდა.
“ჩვენ ჩავდეთ 40 მილიონ დოლარზე მეტი და მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და ინოვაციური ცენტრი შევქმენით. გარდა ამისა, 3 მილიონი ლარი დავხარჯეთ ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. ამ ყველაფერმა საბოლოოდ მსოფლიოს 70-ზე მეტი კომპანიის დაინტერესება გამოიწვია. ჩვენ ტრენდი შევქმენით და საქართველოს მსოფლიო ბაზარზე სახელი გავუთქვით”, – ამბობს ეფრემ ურუმაშვილი [სულ რამდენიმე დღის წინ “BitFury” ჯგუფმა, თბილისში მდებარე “დატაცენტრი” გაყიდა. მყიდველი ჩინური კომპანია “Chong Sing Holding”-ია, რომელიც ჰონგ-კონგშია რეგისტრირებული].
მომავალი, რომელიც “არასდროს არის გვიან”
“დატაცენტრების” გარდა, საქართველოში კრიპტოვალუტის გამომუშავება მცირე კომპანიებისა და ასევე კერძო პირებისთვისაც მიმზიდველი ბიზნესი გახდა.
Forbes-Georgia -ს აღმასრულებელი რედაქტორის, შოთა დიღმელაშვილის აზრით, ამგვარ ბუმს სამი მიზეზი აქვს; პირველ რიგში ეს დენის დაბალი გადასახადია, რაც მაინინგის პროცესს მიმზიდველს ხდის როგორც მოსახლეობისთვის, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის.
“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება საქართველოში არსებული უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელია, ან დასაქმებული პირების დაბალი შემოსავალი. არასასურველი ფინანსური მდგომარეობა, მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად უბიძგებს მაინინგისკენ, ვინაიდან მცირე ინვესტიციით შესაძლებლობა გაქვს, რომ გარკვეული რაოდენობის თანხა სისტემატიურად გამოიმუშავე და მოგებაში მალე გახვიდე. მაინინგისგან მიღებული თანხა ხშირად იმაზე მეტია, ვიდრე ნებისმიერ სამსახურში არსებული სტანდარტული ხელფასი”, – განმარტავს დიღმელაშვილი.
მესამე ფაქტორი, მისი აზრით, ლიბერალური საკანონმდებლო ჩარჩოა, რაც საბოლოო ჯამში როგორც მსხვილ ინვესტორებს, ასევე მცირე ბიზნესის და კერძო პირებს ამ საქმით დაკავებისკენ უბიძგებს.
ამ მიზეზებს ასახელებს გიორგი ლალიაშვილიც: “არსებული ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, ყველას ვურჩევ, რომ ამ საქმიანობაში ჩაერთოს. ეს არასდროსაა გვიან”, – ამბობს ის.
ლალიაშვილი არ იზიარებს სკეპტიკოსების მოსაზრებებს კრიპტოვალუტის მომავალთან დაკავშირებით. პირიქით, ის ამბობს, რომ კრიპტოვალუტა უახლეს ტექნოლოგიებს ეფუძნება, რაც მისი სანდოობისა და სტაბილურობის მაღალ სტანდარტს განსაზღვრავს.
“ამ პროცესების უკან იმდენად დაცული სისტემა დგას, რომ ძირითადი ანაგარიშსწორება და სხვადასხვა ფინანსური ოპერაციები მომავალში სწორედ კრიპტოვალუტების სახით განხორციელდება. ეს პროცესი გარდაუვალია”, – ამბობს ლალიაშვილი. იგი კროპტოვალუტით სავაჭრო ოპერაციებით – ტრეიდინგითაც არის დაკავებული და მისთვის ეს საქმეც მომგებიანი აღმოჩნდა – ჩადებული თანხიდან სულ მალე ხუთმაგი შემოსავალი მიიღო.
ის იმდენად არის დარწმუნებული კრიპტოვალუტის მომავალში, რომ მაინინგით მოპოვებულ ვალუტას არ ჰყიდის – იმ იმედით, რომ მომავალში მისი ფასი კიდევ უფრო მომგებიანი იქნება.
ბლოკჩეინი სახელმწიფო სერვისებში
კრიპტოვალუტის მიმართ კეთილგანწყობას საქართველოს მთავრობაც გამოხატავს, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიების სახელმწიფო სერვისებში დანერგვა დაიწყო.
ამ მხრივ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა (მსგავსი პროექტები დაწყებულია ესტონეთში, შვედეთსა და აშშ-ში).
2016 წელს, BitFury-სთან თანამშრომლობით, მთავრობამ საპილოტე პროექტი დაიწყო, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემების ბლოკჩეინის ტექნოლოგიით შენახვას ითვალისწინებს, რაც მათ დაცულობას ზრდის და გაყალბებას შეუძლებელს ხდის.
ეს ტექნოლოგია საჯარო რეესტრში სრულყოფილად 2017 წლის თებერვალში ამოქმედდა – ამ დროიდან ყველა ტრანზაქცია, რომელიც უძრავი ქონების რეგისტრაციას უკავშირდება, ჰეშირებას გადის და ბლოკჩეინში აისახება.
იუსტიციის სამინისტრო სიხალეების დანერგვას აგრძელებს – პროექტის ფარგლებში ბიზნესის რეგისტრაციის ბლოკჩეინზე გადასვლას და სმარტ კონტრაქტების – ელექტრონულად დამოწმებული და დაცული ხელშეკრულებების დანერგვას გეგმავს.