კორონავირუსი: როგორი სურათია მსოფლიოში 3 მარტს. ძირითადი ფაქტები და რიცხვები
ძირითადი წყაროები: BBC და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
• „მსოფლიო აქამდე უცნობ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ (კორონავირუსის) შეჩერება შეიძლება, თუკი ყველა იმოქმედებს სწრაფად, სწორად და, რაც მთავარია, მიიღებს პრევენციულ ზომებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა.
• „სტიგმა და პანიკა, რომელიც მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელდა – თავად დაავადებაზე სახიფათოა“, – განაცხადა ღებრეიესუსმა.
• 3 მარტის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3 117 ადამიანს მიაღწია. დაღუპულთა 90 პროცენტზე მეტი ჩინეთზე მოდის.
• თუმცა, ერთი დღე-ღამის განმავლობაში, 2 მარტს, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ცხრაჯერ მეტი კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა, ვიდრე შიგნით.
• საერთო ჯამში, 3 მარტის დილას, მთელ მსოფლიოში, დაავადების 90 937 შემთხვევაა კლინიკურად დადასტურებული. ვირუსმა 76 ქვეყანა და ტერიტორია მოიცვა.
• მთელ მსოფლიოში 48 017 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
• კორონავირუსის გავრცელების მსოფლიო სტატისტიკას შეგიძლიათ თვალი აქ ადევნოთ.
• 2 მარტის რიცხვები და სტატისტიკა შეგიძლიათ აქ ნახოთ.
•როგორ უნდა დავიცვათ თავი კორონავირუსისგან. პასუხები კითხვებზე 2-წუთიან ვიდეოში
•კორონავირუსი მსოფლიოსა და კავკასიაში. მოვლენების ქრონოლოგია
•ჩინეთში, 24 საათის განმავლობაში, გარდაცვალების 42 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა უბეის პროვინციაში, საიდანაც ეპიდემია წამოვიდა. სწორედ ამ რეგიონზე მოდის მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევათა 90 პროცენტზე მეტი. ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ჩინეთში დაავადების 206 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ქვეყანაში 22 იანვრიდან მოყოლებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გაწეული აქტიური შრომის შედეგია.
•ჩინეთის შემდეგ, კვლავინდებურად სამხრეთი კორეა, იტალია და ირანი „ლიდერობენ“. შეშფოთებას იწვევს იაპონიაში დაავადების სტატისტიკის ზრდა.
თუკი ჩინეთში კორონავირუსით დაავადების სტატისტიკა მცირდება, მის საზღვრებს გარეთ, პირიქით, რიცხვები მკვეთრად იზრდება. გრაფიკაზე მოცემულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები, რომელიც 22 თებერვლიდან 2 მარტამდე პერიოდს მოიცავს
• იტალიაში დაავადების შემთხვევების სწრაფი ზრდა გრძელდება – უკვე 2 036. 2 მარტის განმავლობაში, გარდაცვლილთა რიცხვი 34-დან 52-მდე გაიზარდა.
• ირანი დიდ შეშფოთებას იწვევს საერთაშორისო თანამეგობრობაში, რადგან ხელისუფლება, შესაძლოა, რეალურ სტატისტიკას მალავდეს და ის შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს, ვიდრე ცნობილია. ერთი დღის განმავლობაში, აქ გარდაცვალების კიდევ 12 შემთხვევის შესახებ განაცხადეს. ახლა კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა ირანში 66-ს მიაღწია. მათ შორის, გარდაიცვალა ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის მრჩეველი, მოჰამად მირმოჰამადი. დაინფიცირებულია და საავადმყოფოში იმყოფება კიდევ რამდენიმე მაღალი რანგის ჩინოვნიკი.
• თუმცა, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ქალაქების იზოლირებას არ გეგმავენ. დაკეტილი არ არის რელიგიური ცენტრი, ქალაქი ყუმიც კი, სადაც კორონავირუსის ყველაზე ბევრი შემთხვევაა გამოვლენილი. უფრო მეტიც – იქ აგრძელებენ აქტიურად მუშაობას რელიგიური ცენტრები, სადაც ასობით ადამიანი იკრიბება.
• აზერბაიჯანში, კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. სამივე ადამიანი ირანიდან ჩავიდა. აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა, მთელ ქვეყანაში იხურება სკოლები და საბავშვო ბაღები. კარანტინშია 200-ზე მეტი ადამიანი. ისინი უზომო ანტისანიტარიასა და ოთახებში ელემენტარული პირობების არარსებობაზე საუბრობენ, მათი თქმით, საპნისა და ანტისეპტიკის პრობლემაც კი დგას.
• სომხეთში, ერთი დადასტურებული შემთხვევაა. ინფიცირებული ადამიანი სამშობლოში ირანიდან დაბრუნდა. სომხეთმა ირანთან სავიზო რეჟიმი შემოიღო, დახურულია სკოლები და საბავშვო ბაღები.
• საქართველოში, სამი დადასტურებული შემთხვევაა. ორი მამაკაცი ირანიდან ჩამოვიდა, ერთი ქალი კი იტალიიდან დაბრუნდა. 40 ადამიანი კარანტინშია. საქართველომ ირანელებისთვის საზღვარი დაკეტა, დახურულია სკოლები და საბავშვო ბაღები.
• სამხრეთ კორეაში უკვე 4 812 ადამიანზე მეტია დაინფიცირებული. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 28-ს მიაღწია. მათი ნახევარზე მეტი – ქრისტიანული სექტის წევრია, რომელიც, სპეციალისტების აზრით, ვირუსის კერა გახდა, რადგან უარი თქვა დროულად ეცნობებინა მის გამოვლენაზე. სექტის ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სამხრეთ კორეაში დახურულია ყველა რელიგიის ყველა ტაძარი.
• აშშ-ში, 24 საათის განმავლობაში, კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, რის შედეგადაც დაღუპულთა საერთო რიცხვმა ექვს მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი – 103.
• დაავადებათა კონტროლის ევროპის ცენტრმა დაავადების რისკის დონე „ზომიერიდან“ „საშუალოზე მაღლამდე“ გაზარდა.
• საფრანგეთში, ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 24 საათის განმავლობაში 61-ით გაიზარდა და დაავადებულთა საერთო რიცხვმა 191-ს მიაღწია. ამ დროისთვის სამი ადამიანია გარდაცვლილი.
• გამოქვეყნდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანალიტიკური ანგარიში, რომელშიც გაანალიზებულია ჩინეთში კორონავირუსით დაავადებისა და გარდაცვალების 44 ათას შემთხვევაზე მეტი. ძირითადი დასკვნა: ვირუსი მოქმედებს ძირითადად 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებზე და ადამიანებზე, რომლებიც დასუსტებული და დაავადებულები არიან.