კორონავირუსი: როგორი სურათია მსოფლიოში 2 მარტს. ძირითადი ფაქტები და რიცხვები
• მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2 მარტის დილით 3 ათასს გადააჭარბა.
• 2 მარტის დილით, მსოფლიოში, კორონავირუსით დაინფიცირების 88 360 შემთხვევაა კლინიკურად დადასტურებული. ვირუსი გავრცელებულია 67 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.
• მთელ მსოფლიოში 42 728 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
• ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავინდებურად ჩინეთზე მოდის. 29 თებერვალს, იქ დადებითი ტენდენცია გამოვლინდა – დღე-ღამეში გაცილებით ნაკლები ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, უკვე 1 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კვლავ დაიწყო ახალი შემთხვევების რიცხვის მატებამ ჩინეთში, უჰანის პროვინციაში, საიდანაც წამოვიდა ეპიდემია.
• ჩინეთის შემდეგ, იმ ქვეყნების სიაში, სადაც დაავადება გამოვლინდა, ლიდერობენ – სამხრეთი კორეა, იტალია და ირანი.
• როგორ უნდა დავიცვათ თავი კორონავირუსისგან. პასუხები კითხვებზე 2-წუთიან ვიდეოში
•კორონავირუსი მსოფლიოსა და კავკასიაში. მოვლენების ქრონოლოგია
• განსაკუთრებით რთული ვითარება რჩება ირანთან დაკავშირებით. ოფიციალურად იქ, დაახლოებით, ათასი ადამიანის დაინფიცირებისა და 54-ის გარდაცვალების ფაქტია დადასტურებული. მაგრამ საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება, შესაძლოა, რეალურ სტატისტიკას მალავდეს და ის გაცილებით უფრო მაღალი იყო. ირანის ყოფილი ელჩი ვატიკანსა და ეგვიპტეში, ჰადი ჰოსროუშაჰი კორონავირუსით გარდაიცვალა, დაინფიცირებულია და საავადმყოფოში იმყოფება რამდენიმე მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკი.
• ევროპაში კორონავირუსის გავრცელების მხრივ ლიდერად იტალია რჩება. მხოლოდ პირველ მარტს, იქ ინფიცირების 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იტალიაში ინფიცირებული თითქმის 1 700 ადამიანიდან 34 დაიღუპა.
• საქართველოში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. ირანიდან ჩამოსული, დაახლოებით, 50 წლის ორი მამაკაცი და ერთი იტალიიდან დაბრუნებული 31 წლის ქალი, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ განყოფილებაში მუშაობდა. ახლა ის კარანტინშია მოთავსებული. ირანთან საზღვარი საქართველომაც დაკეტა.
• აზერბაიჯანში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთი ინფიცირებული რუსეთის მოქალაქეა, ორი – აზერბაიჯანის მოქალაქე. სამივე ირანიდან ჩავიდნენ. აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი უკვე ჩაკეტა.
• სომხეთში ერთი დადასტურებული შემთხვევაა. ინფიცირებული სამშობლოში ირანიდან დაბრუნდა. სომხეთმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა.
როგორ გავრცელდა კორონავირუსი მსოფლიოში 2020 წლის 22 იანვრიდან 26 თებერვლამდე. ცისფერი შკალა – დაავადებაა, წითელი შკალა – სიკვდილი. WorldOmeter-ის მონაცემები:
• სამხრეთ კორეაში უკვე 3 500-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. მათი თითქმის ნახევარი – რელიგიური სექტის წევრები არიან, რომელიც, სპეციალისტების აზრით, ვირუსის კერა გახდა, რადგან უარი თქვეს დროულად ეცნობებინათ მის გამოვლენაზე. სექტის ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სამხრეთ კორეაში, 2 მარტისთვის დაკეტილია ყველა რელიგიის ეკლესია და ტაძარი.
• 1 მარტს, დიდ ბრიტანეთში 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ექვსი მათგანი იტალიაში მოგზაურობდა, ორი – ირანში. საერთო ჯამში 36 ინფიცირებულია. სიტუაციის კომენტირებისას, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „კორონავირუსის აფეთქებამ, შესაძლოა, დიდ ბრიტანეთს მთელი ქალაქების ჩაკეტვა აიძულოს“.
• 1 მარტს, ჩეხეთში, სამი პირველი ინფიცირებული ერთდროულად გამოვლინდა. სამივე მათგანი ქვეყანაში იტალიის მონახულების შემდეგ ჩავიდა.
• დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ისლანდიაში – 60 წლის მამაკაცი იტალიიდან ჩავიდა.
• 26 ახალი შემთხვევაა ესპანეთში. საერთო ჯამში, 2 მარტის დილის მონაცემებით, აქ 84 შემთხვევაა.
• აშშ-ში, ავსტრალიასა და ტაილანდში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.
• 2 მარტის მონაცემებით, აშშ-ში, საერთო ჯამში, 76 ადამიანია ინფიცირებული. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ „სავარაუდოა“ ახალი შემთხვევებიც.
• კორონავირუსით დაავადების პირველ შემთხვევებში აფრიკის რამდენიმე ქვეყანასა და ბრაზილიაში, ინფიცირებულები იტალიიდან ჩავიდნენ.
• კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მორწმუნეებს მოუწოდა, არ შეეხონ ეკლესიებში ხატებს და ასევე, არ გამოიყენონ საერთო ჭურჭელი.
• მონღოლეთის პრეზიდენტი თვითიზოლაციაშია. ის ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ჩინეთიდან, სადაც ქვეყნის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა. ის პირველი და ერთადერთი ლიდერია, რომელიც კორონავირუსის აფეთქების შემდეგ ჩინეთში იმყოფებოდა.
• პარიზში, 1 მარტს, კორონავირუსის საფრთხის გამო, ლუვრის 300-მა თანამშრომელმა ფაქტობრივად ერთდროულად განაცხადა უარი სამსახურში გასვლასა და მუზეუმის მნახველებისთვის გაღებაზე. ფრანგული კანონმდებლობის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს საკუთარი ვალდებულების შესრულებაზე იმ შემთხვევაში, თუკი მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას „სერიოზული და გარდაუვალი“ საფრთხე ემუქრება. ამავდროულად, სრულად ინარჩუნებს საკუთარ ხელფასს და არ შეიძლება დაეკისროს სანქციები. 2 მარტის მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაიცვალა ორი ადამიანი.
• Reuters-ის შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკა უკვე განიცდის მრავალმილიარდიან დანაკარგებს. 2020 წლის 24 თებერვლიდან 1 მარტამდე კვირა, უკვე გახდა ყველაზე ცუდი კვირა საფონდო ბირჟებისთვის 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ.
• ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეპიდემიას „ძალიან მაღალი რისკის“ სტატუსი მიანიჭა.