ირანის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები ლონდონში ირანის საელჩოს წინ პროტესტს გამოხატავენ. 2 იანვარი 2018. REUTERS/Simon Dawson
ირანის ბევრ ქალაქში ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ და ეკონომიკურ სიძნელეებსა და პოლიტიკურ რეპრესიებს აპროტესტებენ, –იუწყება ВВС.
ეს ირანში 2009 წლის შემდეგ ყველაზე დიდი არეულობაა, როდესაც მილიონობით ადამიანი განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებს მოითხოვდა.
ირანის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები რომში ირანის საელჩოს წინ პროტესტს გამოხატავენ. 2 იანვარი, 2018. REUTERS/TonyGentile
პროტესტის გეოგრაფია
დემონსტრაციები დაიწყო გასულ კვირას ირანის სიდიდით მეორე ქალაქ მაშჰადში, სადაც ადამიანები ძირითად პროდუქტებზე ფასების ზრდას აპროტესტებდნენ.
შემდეგ მათ კიდევ 50 დიდი და მცირე ქალაქი მოიცვეს, მათ შორის თეირანიც. პოლიციასთან შეტაკებისას 21 ადამიანი მოკლეს, დაპატიმრებულთა რიცხვი ასეულებს აღწევს.
ირანის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები ლონდონში ირანის საელჩოს წინ პროტესტს გამოხატავენ. 2 იანვარი 2018. REUTERS/Simon Dawson
მოთხოვნები
დემონსტრანტები თავიდან პრეზიდენტ როუჰანის ხელისუფლების მხრიდან ეკონომიკურ სიძნელეებთან, უმუშევრობასა და კორუფციასთან გამკლავების უუნარობას აპროტესტებდნენ. თავად ირანში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ისინი ასევე ეჭვქვეშ აყენებდნენ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში ჩარევის აუცილებლობასაც.
მაგრამ მათი მოთხოვნები რადიკალიზირდა, გაისმოდა რელიგიური ლიდერების ხელისუფლების დამხობისა და მონარქიის დაბრუნების მოწოდებებიც კი, რომელიც ირანში 1978 წელს გაუქმდა.
ხელისუფლების რეაქცია
თავიდან პოლიცია თავშეკავებულობას იჩენდა, მაგრამ პროტესტის გაფართოების კვალდაკვალ მისი რეაქცია სულ უფრო მკვეთრი გახდა.
პრეზიდენტმა როუჰანიმ განაცხადა, რომ ხელისუფლების კრიტიკა დასაშვებია, მაგრამ მათ, ვინც საზოგადოებრივ საკუთრებას აფუჭებს და პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას ეწევა, უნდა იცოდნენ, რომ მათდამი დამოკიდებულება შეუწყნარებელი იქნება.
ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ამენეიმ მომხდარში უცხოური სახელმწიფოები დაადანაშაულა.
პროტესტის შეჩერების მცდელობისას ხელისუფლებამ სოციალურ ქსელებსა და მესინჯერებზე წვდომა დაბლოკა.
მეპროტესტეები – ვინ არიან ისინი?
ВВС-ის ირანული სამსახურის მონაცემებით, ისინი ძირითადად მოსახლეობის ღარიბი ფენის წარმომადგენლები არიან. ბოლო დროის განმავლობაში ირანელები 15%-ით უფრო გაღარიბდნენ, რძისა და ხორცის მოხმარებამ 30—50%-ით იკლო.
პრეზიდენტმა როუჰანიმ პირობა დადო, რომ საერთაშორისო შეთანხმების შედეგად, რაც, ეკონომიკური სანქციების გაუქმების სანაცვლოდ, ირანის მხრიდან მის ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას გულისხმობს, ქვეყნის ეკონომიკა აღდგენას დაიწყებს, მაგრამ ირანელებმა მიიჩნიეს, რომ ეს ძალიან ნელა ხდებოდა.
საერთაშორისო რეაქცია
აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა თავის ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ ირანში „გარდაქმნების დრო დადგა“.
ევროპის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ყურადღებით ადევნებს თვალს სიტუაციის განვითრებას და ირანის ხელისუფლებისგან სიტყვისა და შეკრების თავისუფლების გარანტიას მოითხოვს.