თურქეთში პედოფილიის დაკანონება ვერ მოხერხდა
სკანდალური შესწორებები უარყოფილია
თუ მოძალადე დაქორწინდება თავის მსხვერპლზე, რომელსაც 15 წელი ჯერ არ შესრულებია, მაშინ მან პასუხი არ უნდა აგოს. ეს იყო ყველაზე გამაოგნებელი შესწორება თურქულ კანონმდებლობაში, რომელსაც მმართველი, “სამართლიანობის და თურქეთის განვითარების” პარტიის ექვსი დეპუტატი აწერდა ხელს და 2016 წლის 17 ნოემბერს ქვეყნის პარლამენტს გადაეგზავნა.
სახალხო დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა, ომარ სუხა ალდანმა წინადადებათა პაკეტის კომენტირებისას საინფორმაციო სააგენტო “დოგანს” განუცხადა, რომ ყველას უნდა ესმოდეს, თუ რამდენად საშინელი შესწორების შეტანას აპირებენ თურქეთის კანონმდებლობაში: “ეს შესწორება ეწინააღმდეგება მუხლს თანასწორობის შესახებ, და ამიტომაც საკონსტიტუციო სასამართლო მას არ მიიღებს. ეს არასრულწლოვნებზე ქორწინების უფლებას აკანონებს.”
ალდანმა მანამდე განაცხადა, რომ ეს წინადადება ისედაც უკვე მიღებულია მმართველი პარტიის 165 დეპუტატის მიერ, და 22 ნოემბერს დანიშნული კენჭისყრა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.
თუმცა განსახილველ შესწორებებს მედიასა და სოციალურ ქსელებში დიდი სკანდალი მოჰყვა, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კი – მკვეთრი კრიტიკა. მაგალითად, იუნისეფი-ს პრესმდივანმა, კრისტოფ ბულიერაკმა შეშფოთება გამოთქვა “კანონში ამ შესწორების მიღების გამო, რომელიც ასეთი დამნაშავეების შესაძლო შეწყალებას გულისხმობს”. სტამბულსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა.
საბოლოოდ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილიდირიმმა 22 ნოემბრს კანონში შესატანი შსწორებათა პაკეტი უკან გაიტანა.
მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მმართველი პარტია ამ საკითხს ისევ არ დააყენებს დღის წესრიგში.
შესწორებების შეტანის მომხრეები ირწმუნებიან, რომ ეს ქალების უფლებებს იცავს. იუსტიციის მინისტრის, ბეკირ ბოზდაგის კომენტარი სოციალურ ქსელში: “შესწორება მხოლოდ იმ შემთხვევებში იქნება გამოყენებული, როდესაც იმ ადამიანების ოჯახური ურთიერთობის დაკანონება იქნება საჭირო, ვინც უკვე დაქორწინდა, მაგრამ ასაკობრივი ცენზის გამო, ვერ შეძლო ქორწინების გაფორმება. ეს შესწორება მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ არც ქალი გაწვალდეს, არც მისი დაპატიმრებული ქმარი და არც მათი საერთო შვილები”.
ორსულობა – 15 წლის, მშობიარობა კი 16 წლის ასაკში
სევიმ ილქაი (სახელი შეცვლილია) ანკარასთან სულ ახლოს მდებარე სოფელ მიუხეში ცხოვრობს. 50 წლის წინათ ის მოიტაცა ქერემმა, რომელიც მასზე 10 წლით უფროსია.
სოფლებში ჯერ კიდევ ხშირია ქალების მოტაცება – საქრწინო ხარჯებისა და საპატრძლოს თანხმობასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როდესაც მშობლები ორივე მხრიდან თანახმა არიან ამგვარ ქორწინებაზე, და არასრულწლოვანი გოგონას მშობლები თავადვე სთავაზობენ სასიძოს მის მოტაცებას, რომ შემდეგ პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ.
ზოგჯერ არასრულწლოვან ქალიშვილს ათხოვებენ იმ მიზნით, რომ ოჯახებს შორის შუღლი შეწყდეს. თურქეთის აღმოსავლეთში არის შემთხვევები, როდესაც ღარიბი ოჯახები, მატერიალური მდგომარების გაუმჯობესების მიზნით, თავიანთ არასრულწლოვან ქალიშვილებს, 5-6 ძველებური ოქროს მონეტის სანაცვლოდ, უფროს მამკაცებზე, ზოგჯერ ორცოლიანებზეც კი ათხოვებენ (ასეთი გარიგებების დროს, მამაკაცები, როგორც წესი, არასრულწლოვან გოგონებს ანიჭებენ უპირატესობას). იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ერთი ოქროს მონეტის ფასი 250 ამერიკულ დოლარს უდრის, გოგონას ფასი, საშუალოდ -1000-1250 დოლარია.
კანონიერების თვალსაზრისით, ეს დანაშაულია. თურქეთში ხომ ქორწინების ასაკი -18 წელია, და ამ ნიშნულის 16 წლამდე დაწევა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი. თუმცა, ძირითადად, სქმე სასამართლომდე არ მიდის.
რამდენიც არ უნდა ებრძოლოს ამ მოვლენას თურქეთის ხელისუფლება, არასრულწლოვან გოგონებზე ძალადობის შემთხვევები, ვითომდა ოჯახის შექმნის მიზნით, სულ უფრო მატულობს.
სევიმ ილქაიც ამგვარი ძალადობის მსხვერპლია. ის მთელ დღეებს სახლის სამივე მხარეს განლაგებულ ბოსლებს შორის სირბილში ატარებს. თურქთისთვის დამახასიათებელი დაბალი სახლი თითქმის ჩაკარგულია ამ სამეურნეო ნაგებობებს შორის.
უკვე ერთი წელიწადია, რაც თითქმის ყოველ კვირას ჩავდივარ ამ სოფელში. წელიწადის დროები იცვლება, სევიმს კი სულ ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვია. “ჩვენ სქონლის და შინაური ფრინველის მოშენებით ვირჩენთ თავს. ქმრისთვის ბენზინსაც ამ ფულით ვყიდულობთ; ქალს აქ არ აფასებენ – ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში მოჰყავთ და მოსამსახურედ ამუშავებენ. რასაც გიბრძანებენ, იძულებული ხარ, ყველაფერი გააკეთო, შენ ხომ არც სამსახური გაქვს და არც პროფესია. მოიხედავ და, უკვე წელში მოხრილი დადიხარ, და ცხოვრებაც გასულია”.
სევიმი 14 წლის იყო, როცა მოიტაცეს. გოგონასთვის თანხმობის მიცემა არავის უთხოვია. მისი მშობლები არ იყვნენ წინააღმდეგი. “როდესაც ჩემი თანატოლები თამაშით ერთობოდნენ, მე საოჯახო საქმეებით ვიყავი დაკავებული, გარდა ამისა, ქმარს და მის მშობლებს უნდა მოვმსახურებოდი. მათთვის რა უნდა მომეთხოვა, როდესაც ჩემი საკუთარი მშობლები ვერ მიგებდნენ. არადა, ბავშვი ხარ და არც იცი, ქალი როგორ უნდა მოიქცეს, და ამის გამო სულ საყვედურს იღებ”.
15 წლის ასაკში სევიმი დაორსულდა, 16 წლისამ კი გააჩინა. “რამდენი რამის გადატანა მომიხდა – მე თვითონ ბავშვი ვიყავი და პატარა ბავშვით ხელში იძულებული ვიყავი, ოჯახს მოვმსახურებოდი. რაც ჩემი თავი მასხსოვს, სულ ვიღაც მხელმძღვანელობს. არსდროს მიგრძვნია თავი პიროვნებად. ჩემი ცხოვრება ამ ბოსლებს შორის სიარულში გავიდა. სიცივეში ზურგი მტკივდება, მაგრამ არც კი ფიქრობს ვინმე, რომ ექიმთან წამიყვანონ. ჩემი ქმარი ოდნავ გაციებული იყო, და დილიდან უკვე ექიმს მიაკითხა”.
ჩვენი საუბრის ბოლოს შინ მისი ქმარი ბრუნდება. “ხომ გითხარი, ქათმები ამ სიცივეში ეზოში არ გაუშვა-მეთქი”, – დაუყვირა ქალს. მიუხედავად იმისა, რომ სევიმი ქმარზე ბევრად ახალგაზრდაა, მძიმე ცხოვრება მის გარეგნობაზეც აისახა და ახლა ის თავისი ქმრის დედას უფრო ჰგავს.
ოთხი ათასი გარყვნილი
სტატისტიკის მიხედვით, თურქეთში ყოველწლიურად ბავშვებზე ძალადობის და სხვა სექსუალური ხასიათის 17 ათასი შემთხვევა აღინიშნება. ეს იმ საქმეთა რაოდენობაა, რომლებიც პოლიციაშია დარეგისტრირებული, და რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობს. იმის გათვალისწინებით, რომ 2006 წელს ეს ციფრი 2400 შემთხვევას შეადგენდა, შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამგვარი დანაშაულების რაოდენობის მნიშვნელოვნად ზრდაზე. რეალური ციფრი გაცილებით მეტია.
თურქეთის ადვოკატთა კოლეგიის წევრი საიდა ეკმენი ამბობს: “გამოდის, რომ თუ არასრულწლოვან გოგონას ოთხი-ხუთი კაცი გააუპატიურებს, და ერთ-ერთი მათგანი მსხვერპლზე დაქორწინებას დათანხმდება, დანარჩენი დამნაშავეები გათავისუფლდებიან. ამ შესწორებას, შესაძლოა, ასაკობრივი ცენზის 15 წლამდე დაწევაც მოჰყვეს, ან უფრო ქვევითაც. ამგვარად, გაიზრდება ადრეული ქორწინებების რიცხვი. ხოლო ამ ასაკში გათხოვილი გოგონა განათლებაზე მხოლოდ თუ იოცნებებს”.
საიდა ეკმენი მიიჩნევს, რომ სინამდვილეში, ეს არის ქორწინების დაკანონება სექსუალური ძალადობის მსხვერპლსა და მოძალადეს შორის: “ეს ნიშნავს 4000 გარყვნილის გათავისუფლებას (თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ შესწორებით ისარგებლებს დაახლოებით 4000 ადამიანი)”.
მოსამართლედ მუშაობის 20-წლიანი სტაჟის მქონე და მრავალი წიგნის ავტორი მურად აიდინი, რომელიც არასრულწლოვანი პატარძლების საქმეებს განიხილავს, სოციალური ქსელის მომხმარებლებს შეახსენებს, რომ ჯერ კიდევ 2005 წელს ახლანდელმა ხელისუფლებამ შესწორება შეიტანა – პატიმრობის გადავადებაზე უარის შესახებ, იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე მსხვერპლზე ქორწინდება; აიდინი ამ პოზიციაზე დაბრუნების მოწოდებით გამოვიდა. “ბავშვების დაცვა სახელმწიფოს და საზოგადოების ვალდებულებაა. ამ საკითხში მაინც უნდა გადავდოთ გვერდზე პოლიტიკური უთანხმოებები და გონივრულად მოვიქცეთ”.
ამასობაში პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი მიიჩნევს, რომ კანონის ეს ახალი შესწორებები ბავშვების ადრეული ქორწინების საკითხს გადაწყვეტს. ამ საკითხის მოგვარებას მმართველი პატრტია ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჰპირედებოდა მოსახლეობას: “ჩვენ დაპირება გავეცით. ჩვენი პარტიის პრინციპია, გადაუჭრელი პრობლემები შვილიშვილებს არ დავუტოვოთ. სწორედ მათ გადასაჭრელად წარვუდგინეთ პარლამეტს კანონის ეს შესწორება. და უცბად სკანდალი ატყდა”.
ბ.ილდირიმმა განაცხდა, რომ კანონპროექტი კანონში შესატანი შესწორებების შესახებ კომისიის ყველა წევრის აზრის გათვალისწინებით შეიცვლება, და პრობლემა აუცილებლად გადაიჭრება”.
გამოქვეყნებულია 24.11.2016