თურქეთში 227 მოსამართლე და პროკურორი გაათავისუფლეს
გაზიარება
გაზიარება
თურქეთში, იუსტიციის უზენაესი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, კიდევ 227 მოსამართლე და პროკურორი იქნა გათავისუფლებული. სამსახურიდან გატავისუფლების მიზეზად იქცა მათი შესაძლო კავშირი ფეთულლაჰ გიულენის მოძრაობასთან, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს, რომელიც გასული წლის ზაფხულში მოხდა.
გასული წლის ივლისიდან სულ 3800-ზე მეტი მოსამართლე და პროკურორია გათავისუფლებული. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 200 მათგანი საკუთარ თანამდებობებს დაუბრუნდება, დანარჩენი მოხელეების დიდი ნაწილის საქმეებთან დაკავშირებით კი გამოძიება მიმდინარეობს – იუწყება გამოცემა Hurriyet.
შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში თურქეთის ხელისუფლებამ თითქმის 4,5 ათასი სახელმწიფო მოსამსახურე გაათავისუფლა. ისინი გიულენის მოძრაობასთან კავშირში იყვნენ ეჭვმიტანილნი. გათავისუფლებულთა უმრავლესობას განათლების სფეროს თანამშრომლები წარმოადგენენ.
ადრე, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის თანმდევი “წმენდის” შედეგად, თურქეთის ხელისუფლებამ 40 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა. ამას გარდა, დაახლოებით 100 ათასი სახელმწიფო მოხელე დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლეს (ან სამსახურებს ჩამოაშორეს). თითოეულ მათგანს გიულენთან კავშირში ადანაშაულებენ. ხელისუფლების მიერ ჩატარებული წმენდის მსხვერპლთა შორის არაერთი მასწავლებელი, პოლიციელი, მოსამართლე და ჟურნალისტია.
ფეთულლაჰ გიულენი – მწერალი, ყოფილი იმამი და მქადაგებელი, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. გიულენმა სკოლებისა და უნივერსიტეტების მსოფლიო ქსელი დააარსა. 2008 წელს საერთაშორისო გამოცემებმა Prospect და Foreign Policy იგი ყველაზე გავლენიან ინტელექტუალად აღიარეს.
გიულენი რელიგიური ექსტრემიზმისა და ისლამის პოლიტიზაციის წინააღმდეგ გამოდის, იგი ტრადიციულ თურქულ ისლამს ქადაგებს და თავის სარწმუნოებას თანაგრძნობისა და სოციალური მხარდაჭერის რელიგიად განიხილავს. იგი სხვა კონფესიების წარმომადგენლებთან და განსხვავებული მოსაზრებების მქონე პირებთან დიალოგს ემხრობა.
2014 წელს თურქეთის სასამართლომ გიულენის დაპატიმრების ორდერი გასცა. მას ხელისუფლების ძალისმიერი გზით მიტაცების მცდელობის ორგანიზებაში სდებდნენ ბრალს.
2016 წელის მარტში ერდოღანმა გიულენი ქურთებით დასახლებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მომხდარი არეულობების ორგანიზებაში დასდო ბრალი. იმავე წლის ივლისში ხელისუფლებამ მას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დასდო ბრალი.
JAMnews-ის მიერ მომზადებული დეტალური მიმოხილვა ფეთულლაჰ გიულენისა და მისი მოძრაობის შესახებ იხილეთ აქ