თურქეთის ხელისუფლებას გერმანიაში მყოფი თურქებისთვის ღონისძიებების ჩატარების უფლებას ისევ არ აძლევენ
გაზიარება
გაზიარება
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს ჰამბურგში 7 მარტისთვის დაგეგმილ მიტინგზე გამოსვლა უსაფრთხოების დაცვის მიზეზით გაუქმდა. ქალაქის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ის დარბაზი, სადაც აქციის ჩატარება იყო დაგეგმილი, ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის სისტემის გაუმართაობის გამო დაკეტეს.
ჰამბურგი გახდა მეოთხე ქალაქი, სადაც თურქი ჩინოვნიკების მიერ თურქეთის საკონსტიტუციო რეფორმების მხარდამჭერი გამოსვლები გააუქმეს, – იტყობინება გერმანული ტალღა. 5 მარტს უარების სერიის გამო აღშფოთება გამოთქვა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, რომელმაც განაცხადა, რომ „გერმანია უკვე ასცდა დემოკრატიის გზას, მის ახლანდელ პრაქტიკას დემოკრატიასთან არაფერი აქვს საერთო, და მისი ნაცისტურ რეჟიმთან შედარებაც კი შეიძლება“.
ამ განცხადებამ ბერლინი აღაშფოთა. როგორც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, თურქეთის პრეზიდენტის სიტყვებს „არანაირი გამართლება არ აქვს“. მან აღნიშნა, რომ ერდოღანის განცხადება „მხოლოდ შეურაცხყოფს იმ ადამიანების გაუსაძლის ტანჯვას, რომლებიც ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაულისგან დაზარალდნენ“.
ამავდროულად, გერმანიის ლიდერმა აღიარა, რომ ბერლინსა და ანკარას შორის სერიოზული უთანხმოებაა, კერძოდ პრესის თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით და გერმანული გამოცემა Die Welt-ის კორეპონდენტის დენიზ იუსელის დაპატიმრების გამო.
თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული რეფერენდუმი, რომელმაც საპრეზიდენტო მმართველობა უნდა გააძლიეროს, 16 აპრილს შედგება. გერმანიაში ცხოვრობს დაახლოებით 1,4 მილიონი თურქი, რომლებსაც რეფერენდუმზე ხმის მიცემის უფლება ექნებათ. სწორედ ამიტომ დაგეგმა თურქეთის ხელისუფლებამ გერმანიაში საკონსტიტუციო ცვლილებების მხრდამჭერი ღონისიებების ჩატარება.