აბაშიძე: ლავროვის სიტყვებს რეგიონში საფრთხეების შესახებ საქართველოსთან მიმართებაში ვერ მივიღებთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ, რაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ხელს უშლის.
ზურაბ აბაშიძის თქმით, შარშან დაახლოებით 1 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა რუსეთიდან საქართველოში. მისი თქმით, “ეს რიცხვი და ის, რომ უცხოელი ტურისტები საქართველოში ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, არის დასტური იმისა, რომ ჩვენში უსაფრთხოების ხარისხი მაღალია, ამაზე მეტყველებს მრავალი კვლევა და ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ”.
“ამიტომ ლავროვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება “ბოევიკების”, ტერორისტების, ექსტრემისტების მარშრუტი, საქართველოსთან მიმართებით არანაირად არ არის მართებული. ამას ვერანაირად ვერ მივიღებთ”, – აღნიშნა აბაშიძემ.
18 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ყოფნისას ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას სერგეი ლავრივმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების წინაპირობად რუს და ქართველ სამართალდამცველ ორგანოებს შორის “სრულფასოვან თანამშრომლობას” მიიჩნევს.
მან ასევე განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას დიპლომატიური ურთიერთობების არქონის გარდა, უსაფრთხოების საკითხებიც უშლის ხელს.
“ჩვენ კმაყოფილი ვართ, რომ საქართველოსთან ურთიერთობები, ასე თუ ისე ნორმალიზდება… რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, გავიმეორებ, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია. უვიზო რეჟიმის სირთულე უკავშირდება არამარტო დიპლომატიური ურთიერთობების არქონას, თუმცა ასეთ ურთიერთობების არქონის შემთხვევაში სავიზო რეჟიმის გაუქმება ცოტა უცნაურია, არამედ ასევე დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან იმ პირობებში, როდესაც არამარტო ცენტრალური აზია, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება მარშრუტი, რომლის გამოყენაბასაც აქტიურად ცდილობენ “ბოევიკები”, ექსტრემისტები, ტერორისტები და ნარკომოვაჭრეები”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
- 2001 წელს რუსეთმა, უსაფრთხოების მოტივით, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შემოიღო. სავიზო რეჟიმი არ შეხებიათ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის მაცხოვრებლებს (ცოტა ხნით 2004 წელს – აჭარისაც). რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი საქართველომ დააწესა.
- 2002 წლიდან რუსეთმა დაიწყო აფხაზეთისა და ცხინვალის (სამხრეთი ოსეთი) მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალქეობის შეთავაზება. დღეისთვის ორივე რეგიონის მოსახლეობის 90% – რუსეთის მოქალაქეა.
- 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ, საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.
- 2010 წელს საქართველომ რუსეთი ჩრდილოკავკასიელი მოსახლეობისთვის საქართველოში 90 დღით უვიზო შესვლა დააწესა. რუსეთის დანარჩენ მოქალაქეებს ვიზების მიღება საქართველოში შესვლისას შეეძლოთ.
- 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.
- 2015 წლის დეკემბერში რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაამარტივა. ახალი წესების თანახმად, საქრთველოს ნებისმიერ მოქალქეს, რომელსაც რუსეთის ფედერაციის საიმიგრაციო ორგანოებში გაფორმებული მიწვევა აქვს რუსეთის ნებისმიერი მოქალაქისგან (და არა მხოლოდ ახლო ნათესავისგან, როგორც მანამდე), შეუძლია ნებისმიერი სახის ვიზის მიღება, ტურისტულის გარდა.
- გასული წლის დეკემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არ გამორიცხა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება.