ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ახალი პრეზიდენტი
28 ნოემბერს საქართველო, რიგით მეხუთე პრეზიდენტი აირჩია. იგი სალომე ზურაბიშვილი გახდა.
არჩევნების მეორე ტურში ხმები ასე გადანაწილდა:
სახელისუფლებო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი – 59. 52 %;
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე – 40. 48 %
ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ საქართველომ პირველივე ტურში ვერ აირჩია პრეზიდენტი.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ამის მთავარი მიზეზი არა იმდენად ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, არამედ ის უკმაყოფილება იყო, რაც მოსახლეობას “ქართული ოცნების” მიმართ დაუგროვდა.
გარდა ამისა, გადამწყვეტი როლი შეასრულა თავად სალომე ზურაბიშვილის ფიგურამ. ბიძინა ივანიშვილის პირადი ფავორიტი კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა ამომრჩევლისთვის და ეს მთელი წინასაარჩევნო კამპანიის გამმავლობაში ჩანდა.
• სალომე ზურაბიშვილს ნინოწმინდაში ნათქვამის გამო ეთნიკური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ
• რა თქვა კაცმა, რომელიც მართავს საქართველოს? ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მთავარი დეტალები
• ყველაზე მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე
ეს წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტო შემთხვევა იყო, როდესაც პროსამთავრობო კანდიდატის წინააღმდეგ არამხოლოდ ოპოზიცია, არამედ ხელისუფლების ზოგიერთი მომხრეც გამოვიდა.
ზურაბიშვილის წინააღმდეგ ფეისბუკზე ხმაურიანი კამპანია იყო გაჩაღებული, რომელშიც არამხოლოდ მისი პოლიტიკური ოპონენტები, არამედ „ქართული ოცნების“ ბევრი მხარდამჭერიც მონაწილეობდა.
ახლა, როდესაც არჩევნების შედეგები ცნობილია, გადავწვიტეთ შეგახსენოთ JAMnews-ის სექტემბერში გამოქვეყნებული სტატია, სადაც საუბარია სალომე ზურაბიშვილის გზაზე პრეზიდენტობისკენ და იმაზე, თუ რით გაანაწყენა მან ბევრი მოქალაქე?
___________________
საერთაშორისო დერეფნებიდან ოპოზიციურ ბარიკადებამდე
მისი კარიერა ქართულ პოლიტიკაში 2004 წელს დაიწყო, როდესაც მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწვევით, ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა.
იმ მომენტისთვის სალომე ზურაბიშვილს საქართველოში თითქმის არავინ იცნობდა.
• თვალსაზრისი: საქართველო-ნატო, ათი წელი მოჯადოებულ წრეზე
• მოსაზრება: როგორი უნდა იყოს საქართველოს აფხაზური პოლიტიკა
• სომხეთის საარჩევნო კოდექსში ახალი მთავრობის მიერ შეთავაზებული ცვლილებების მიღება ჩავარდა
ზურაბიშვილი დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა პარიზში. 1921 წელს საქართველოდან დევნილი პოლიტიკური ემიგრანტების შვილიშვილმა მრავალი წელი საფრანგეთის საგარეო უწყებაში დიპლომატად იმსახურა.
2003 წელს ის საქართველოში საფრანგეთის ელჩად დაინიშნა, ხოლო უკვე რამდენიმე თვეში სააკაშვილმა 52 წლის ფრანგი დიპლომატი თავის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.
მაშინ მიიღო ზურაბიშვილმა საქართველოს მოქალაქეობაც, და თან ფრანგული პასპორტიც შეინარჩუნა.
მისი დანიშვნის დროს სააკაშვილმა თქვა, რომ „ამ კლასის დიპლომატი საქართველოს არასდროს ჰყოლია“.
საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას ზურაბიშვილი თავის ერთ-ერთ მთავარ დამსახურებად მიიჩნევს საქართველოს ტერიტორიებიდან რუსული ბაზების გაყვანასთან დაკავშირებულ მოპალარაკებებს. სწორედ მისი მინისტრობის დროს მოეწერა ხელი იმ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომლის თანახმადაც რუსულმა ბაზებმა საქართველოს ტერიტორია დატოვეს.
თუმცა, სააკაშვილის და ზურაბიშვილის პოლიტიკური მეგობრობა დიდხანს არ გაგრძელებულა.
2005 წლის ოქტომბერში თანამდებობიდან გადაყენებული ზურაბიშვილი უკვე იპოდრომზე, მრავალათასიან მიტინგზე მეგაფონით ხელში იდგა და სააკაშვილის „კლანურ დიქტატურაზე“ ლაპარაკობდა.
სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მისი ცნობილი ფრაზა – “ქაჯები კი არ მოდიან, ქაჯები მიდიან”:
2005-დან 2010 წლამდე ის სააკაშვილის აქტიური ოპოზიცია იყო. თუმცა, მის ოპოზიციურ კარიერას წარმატებულს მაინც ვერ უწოდებ. მიუხედავად თავდაპირველი მოლოდინისა, ზურაბიშვილმა ვერ შეძლო გამხდარიყო ოპოზიციის მეთაური და იმდროინდელ ოპოზიციურ გაერთიანებებსა თუ კოალიციებში არასოდეს ყოფილა მთავარი ლიდერი.
2010 წელს ზურაბიშვილი საკუთარი პარტიის, „საქართველოს გზის” თავმჯდომარეობიდან გადადგა. ამავე პერიოდში ის წავიდა საერთო პოლიტიკიდან და საქართველოდანაც.
ზურაბიშვილი კვლავ გააქტიურდა 2012 წელს, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ. მან სააკაშვილის წინააღმდეგ მებრძოლ “ქართულ ოცნებას” მხარი დაუჭირა, თუმცა კოალიციის წევრი არ გამხდარა.
ზურაბიშვილი აგრძელებდა ნიუ იორკში ცხოვრებას და გაეროში მუშაობას.
2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც ტრადიციულად ყველა მკითხაობდა თუ ვის დაასახელებდა ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად, ერთ-ერთ ვერსიად სალომე ზურაბიშვილიც განიხილებოდა.
2013 წელს ზურაბიშვილს მართლაც სურდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ორმაგი მოქალაქეობის გამო, მას რეგისტრაციაზე უარი უთხრეს. ამჯერად, ზურაბიშვილს საკანონმდებლო დაბრკოლებები არ შეჰქმნია და ამ იურიდიული საკითხების მოგვარებაზე საპარლამენტო უმრავლესობამ იზრუნა, რომელმაც ივლისში საარჩევნო კოდექსში სალომე ზურაბიშვილისთვის სასიკეთო ცვლილებები შეიტანა.
2016 წლიდან ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტის დეპუტატია. იქ ის „ქართული ოცნების“ სერიოზული მხარდაჭერით მოხვდა.
საპარლამენტო არჩევნებში ის თბილისის ერთ-ერთი მაჟორიტარული ოლქის დეპუტატად იყრიდა კენჭს. მმართველმა პარტიამ ამ ოლქში საკუთარი კანდიდატი საგანგებოდ არ წარადგინა და მთელი ადმინისტრაციული რესურსი ზურაბიშვილის მხარდასაჭერად მიმართა.
ვინ დაიწყო აგვისტოს ომი?
უკანასკნელი თვეების განმავლობაში ფეისბუკის ქართულ სეგმენტში ხშირად შეხვდებით სტატუსებს, რომლებიც მოუწოდებენ მოქალაქეებს არ მისცენ ხმა სალომე ზურაბიშვილს. ხშირია ასევე ავატარები, რომლებზეც ზურაბიშვილის ფოტო წითელი ხაზით არის გადახაზული და აქვს წარწერა: „ომი რუსეთმა დაიწყო“.
ზურაბიშვილის კანდიდატურის წინააღმდეგ ასეთი მასობრივი კამპანიის მიზეზი მისი განცხადებებია, რომლებიც მან 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გააკეთა.
წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისში, ჟურნალისტთან საუბრისას მან თქვა: “ომი საუკუნის წინ რუსეთმა დაიწყო”, თუმცა 2008 წლის აგვისტოში სწორედ “ჩვენ ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში”.
“საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი საომარი ვითარების. ეს არის ცნობილი და ყველასთვის ოფიციალური ვერსია, რასაც ასევე ევროკავშირი ადასტურებდა”, – განაცხადა მან.
საქართველოს დადანაშაულებამ ომის დაწყებაში, ტანაც ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მხრიდან, საზოგადოებაში ქარიშხალი წარმოშვა.
ასევე ვებგვერდზეა: ქართველი პოლიტოლოგი იმის შესახებ, თუ რატომ არის საზოგადოებაში ამდენი დავა მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ
სალომე ზურაბიშვილის განცხადება არამხოლოდ ოპოზიციას არ მოეწონა, არამედ არც – მმართველი პარტიის ბევრ წარმომადგენელსა და საზოგადოების ლიბერალურ ნაწილსაც.
მოგვიანებით ზურაბიშვილი შეეცადა, აეხსნა, რომ 2008 წელს აგრესორის როლში რუსეთი იყო, მაგრამ სააკაშვილი პროვოკაციას წამოეგო და რუსეთმა ეს საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყების მიზეზად გამოიყენა.
“მე ყოველთვის ვამბობდი და გავიმეორებ, რომ ომი დაიწყო წინა საუკუნის დასაწყისში, ომი არ გაჩერებულა რუსეთთან და ეს იყო ერთ-ერთი საომარი მოქმედება, რომელიც დაიწყო სააკაშვილმა. ეს ჩემი ბრალი არ არის, ეს სააკაშვილის ბრალია და მას უნდა ვთხოვოთ ამაზე პასუხი. დანარჩენი არის საკმაოდ სასაცილო”;
“დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა რისი უფლებაც არცერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ გვინდა მთლიანობა ამ ქვეყნის. მე მინდა მთლიანობა ამ ქვეყნის და არ მინდა, რომ რომელიმე პრეზიდენტმა დაბომბოს თავისი ტერიტორია და თავისი მოქალაქეები”, – – განაცხადა მან, რითაც კიდევ უფრო მეტად გააბრაზა თავისი ოპონენტები და საზოგადოების წარმომადგენლები.
ფეისბუკზე წერდნენ:
„გვეყოლება პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს და კრემლის მესიჯებს იმეორებს“.
“სიტყვასიტყვით იმეორებს პუტინის და მედვედევის სიტყვებს“.
„როგორ დაიწყო საქართველომ ომი? ჩვენ რა, ტანკებით ვორონეჟს მივადექით?“
„ასეც რომ იყოს, პრეზიდენტობის კანდიდატი ამას უნდა ამბობდეს? ამ სიტყვების შემდეგ საერთაშორისო არენაზე როგორ უნდა იურთიერთოს და ქვეყნის ინტერესები როგორ უნდა დაიცვას?“
ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანიაში ეკლესიაც ჩაერთო, რომელიც, საკუთარი დიდ ავტორიტეტის წყალობით არც მანამდე ერიდებოდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას.
რამდენიმე გავლენიანმა სასულიერო პირმა ქადაგების დროს თავის მრევლს მოუწოდა, რომ ზურაბიშვილს ხმა არ მისცენ. თუმცა, ეკლესიის უკმაყოფილება არა იმდენად ზურაბიშვილის მიერ ომის შესახებ გაკეთებული განცხადებებით იყო გამოწვეული, რამდენადაც მის მიერ საქართველოში საექსპორტო მედიკამენტების დამზადების მიზნით მარიხუანას კულტივაციის იდეის მხარდაჭერით.
ვებგვერდზეა ასევე: რატომ შეაჩერა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მარიხუანას წარმოების შესახებ სამთავრობო კანონპროექტი
„თუ ზურაბიშვილის განცხადებები გააზრებული იყო, მაშინ იგი საქართველოს აშკარა მტერია, რაც ჩემთვის დაუჯერებელია, ხოლო თუ გაუაზრებელი იყო, მაშინ რაში გვჭირდება პრეზიდენტად ისეთი ადამიანი, ვისაც არ გააჩნია სათანადო გააზრების უნარი“, – კითხვას სვამს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგი ლადო პაპავა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება აგვისტოს ომზე იმის საფუძველს იძლევა, რომ პროცესი, რომელიც ჰააგაში მიმდინარეობს საქართველომ წააგოს სრული ფიასკოთი.
„10 წელზე მეტია, უამრავი ადამიანი იღვწის საერთაშორისო დონეზე, ჰააგაში, სტრასბურგში, რომ დადგინდეს რუსეთის აგრესია, დადგინდეს, როგორ დაზარალდა საქართველოს მოსახლეობა რუსეთის აგრესიიდან. თუ ეს განცხადებები, რომელსაც დღეს როგორც კანდიდატი, აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, გამეორდა შემდეგ უკვე პრეზიდენტის მიერ, ეს ნიშნავს პირდაპირ დარტყმას იმ ყველა ადამიანის ღვაწლზე და იმის დადგენაზე, რომ ეს ომი დაიწყო რუსეთმა და რომ სწორედ რუსეთმა დააზარალა ჩვენი მოსახლეობის ინტერესები. ესეთი განცხადებები გაკეთებული პრეზიდენტის ტრიბუნიდან, თითქმის იძლევა გარანტიას, რომ ამ პროცესებს, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ჰააგაში და სტრასბურგში, ეს პროცესები დასრულდება ფიასკოთი,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.
რატომ აირჩიეს ზურაბიშვილი კანდიდატად?
სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო სიაში დამოუკიდებელ კანდიდატად არის შესული, თუმცა ოპოზიცია და პოლიტიკური მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ მისი დამოუკიდებლობა სრულიად სიმბოლურია.
პირველი, რაც მის პოლიტიკურ ფიგურაში თვალშისაცემია – ეს არის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი მისი ღიად მტრული დამოკიდებულება.
ეს კი სულაც არ არის მეორეხარისხოვანი ღირსება ბიძინა ივანიშვილისთვის, ადამიანისთვის, რომელიც უკვე ექვსი წელიწადია ერთპიროვნულად წყვეტს, ვინ უნდა იყოს საქართველოში პრემიერი და ვინ – პრეზიდენტი.
თავიდან მმართველი პარტიის შიგნით ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ერთსულოვნება ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა, სწორედ ექს-პრემიერ ივანიშვილის გადაწყვეტილებით, მმართველმა პარტიამ საბოლოოდ მის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
ზურაბიშვილი – ეს მისი პირადი არჩევანია. ივანიშვილის გადაწყვეტილებას კი, მმართველი გუნდი ღიად არასოდეს უპირისპირდება.
„ფაქტია, რომ მმართველი გუნდის მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა თავისთავად გახლავთ უხარისხო გადაწყვეტილება, ვინაიდან ზურაბიშვილის „დამოუკიდებელ კანდიდატად” წარმოჩენა ტრაგიკომიკურია, ვინაიდან იგი წლების განმავლობაში მმართველი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული აქტივისტი გახლდათ. ჩვენს საზოგადოებას ეს ახსოვს და რატომ ჰგონია „ოცნებას“, რომ ხალხს ამნეზია სჭირს, გაუგებარია“, – ამბობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ინტერპრესნიუსთან საუბარში.
მისი აზრით, მმართველი პარტიისთვის მთავარია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ [სააკაშვილის პარტია]კანდიდატის გამარჯვება არ დაუშვას.
ასევე ვებგვერდზეა: საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება – ვინ არიან ოპოზიციის კანდიდატები?
„ქართული ოცნების“ წიაღში არ იყო კანდიდატი, რომელიც უპირობოდ დაამარცხებდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ამიტომ „ოცნება“ იძულებულია, სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი“, – მიაჩნია ხუხაშვილს.
და კიდევ, ექსპერტების თქმით, დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ზურაბიშვილი ის პრეზიდენტი არ იქნება, რომელიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს და მას სამშობლოში დაბრუნების საშუალებას მისცემს, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ივანიშვილისთვის.
პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის აზრით, ზურაბიშვილი იმის გამო აირჩიეს, რომ ის ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში დიდად არ უყვართ:
„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ნომინალური ფიგურაა, პოტენციურად მას მაინც აქვს შანსი, რომ გახდეს ნამდვილ სახალხო ლიდერი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის გაერთიანებას და ხელისუფლებასთან დაპირისპირებას შეძლებს.
სჭირდება კი „ქართულ ოცნებას“ ასეთი სცენარი? რასაკვირველია – არა. სწორედ ამიტომ აირჩია ივანიშვილმა პრეზიდენტის როლზე უკიდურესად კონფრონტაციული ფიგურა, რომელიც თავის სიცოცხლეში ვერ გახდება სახალხო ლიდერი და მით უმეტეს ოპოზიციის გაერთიანებას ვერ შეძლებს“, – მიაჩნია ლაგაზიძეს.
„პარიზის გადმოსახედიდან“
მიუხედავად მის წინააღმდეგ დაწყებული სერიოზული კამპანიისა, ზურაბიშვილი მაინც საპრეზიდენტო რბოლის ფავორიტად არის მიჩნეული. ამ რბოლაში , ცენტრალური საარჩევნო კომისიის თქმით, 46 კანდიდატი მონაწილეობს, რომელთა უმრავლესობა ყველასთვის უცნობი პირია.
ზურაბიშვილი ხშირად ლაპარაკობს საკუთარ ემიგრანტულ ფესვებსა და ცნობილ წინაპრებზე. მან თავისი წარმომავლობა წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ მესიჯად აქცია.
ის ქართულად ცუდად ლაპარაკობს. ზოგჯერ მისი ნათქვამის გაგებაც კი ჭირს.
ერთ-ერთ შეხვედრაზე მან ემიგრანტებს მიმართა:
„მოვდივარ ჩემი ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის, თურმე დასაწუნია, რასაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს… მინდა მივმართო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს არიან საზღვარგარეთ.. როგორი ქართულითაც დაბრუნდებით, დაბრუნდით! ჩემი მაგალითი სწორედ ეს არის. მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები“.
როდესაც ქართველი ექსპერტები და ჟურნალისტები მკვეთრ სამკაულებსა და ელეგანტურ სამოსში გამოწყობილ 66 წლის პოლიტიკოსზე ლაპარაკობენ, ისინი პირველ რიგში იმას აღნიშნავენ, რომ ის სახალხო ლიდერი კი არა, არამედ უფრო „ის პოლიტიკოსია, რომელიც ადამიანებს ზემოდან ქვემოთ უყურებს“.
ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვას: „რატომ გველაპარაკებით თითქოს პარიზის გადმოსახედიდან.. ისე, თითქოს, თქვენ ზევით ხართ და ჩვენ ქვევით?“
მან უპასუხა:
„ალბათ იმიტომ, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს“.