ექსპერტები ყარაბაღის მოვლენების შესახებ
16:00, 02.04.2016
ინფორმაცია ბაქოდან
კვლევითი ცენტრის ‘აღმოსავლეთი-დასავლეთი’ ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი არასტუნ ორუჯლუ: ‘ვითარების გამწვავება აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების დათბობით შეიძლება აიხსნას. რუსეთს სომხეთის ხელით აზერბაიჯანის გაფრთხილება უნდოდა, მაგრამ საპასუხო რეაქცია მოულოდნელი აღმოჩნდა. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით,ჩვენმა ჯარებმა არამხოლოდ მოიგერიეს იერიში, არამედ შეხების ხაზსაც გასცდნენ.
ვფიქრობ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება.რუსეთს თვად არ ძლევს ხელს, კონფლიქტის ცხელი კერა ჰქონდეს მისი საზღვრების მახლობლად.თუმცა, ჯერჯერობით შეტაკება გრძელდება’.
სულ ცოტა ხნის წინათ ფრონტის ხაზზე მდებარე ASAN Radio-ს ეთერში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ვაგიფ დარიახლიმ დაადასტურა, რომ საბრძოლო მოქმედებები სამხედრო ტექნიკის ყველა საშუალებით ხორციელდება; მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ გავრცელებულ ხმებს კი უარყოფს. დაუდასტურებელი მონაცემებით, მოსაზღვრე რაიონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარული თემაა – ‘რუსეთისა და აშშ-ს როლი კონფლიქტის მოულოდნელ ესკალაციაში’.
‘დღემდე ფრონტის ხაზზე მდგომარეობის გამწვავება რუსულ არხებზე ახალი ამბების თემა არ ხდებოდა. დღეს ‘ენ-ტე-ვე’ და ‘როსია24′ ამ ამბავს გამოშვებაში რიგით მეორე, ან მესამე სიახლედ გადმოსცემენ. ღმერთმა გვიშველოს!’
ინფორმაცია ერევნიდან
ალექსანდრ ისკანდარიანი:
‘ყარაბაღიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ეს ყველაფერი მაინცდამაინც არ ჰგავს ომის დაწყებას. ომის დასაწყებად სწორი ნაბიჯი იქნებოდა მთელი ფრონტის ხაზიდან ყარაბაღის შემხვედრი ხაზის გასწვრივ იერიშის მიტანა. სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა ვაშინგტონში გამოსვლისას აზერბაიჯანისა და თურქეთის პოზიციას ‘დესტრუქციული’ უწოდა და, თითქოს ამის დასტურად, აზერბაიჯანმა მაშინვე სამხედრო ქმედებები წამოიწყო.
შეიძლება გამოვთქვათ ეჭვი,რომ ფართომასშტაბიან ომს სწორედ ასეთი არაპროფესიონალური ქმედებით იწყებენ, მაგრამ მე მგონია, რომ ეს უბრალოდ მორიგი, მაგრამ დაპირისპირების ხარისხით საკმაოდ მწვავე აქციაა, რომელიც ამ დაპირისპირებას კიდევ უფრო ამწვავებს. და თუ ეს ასეა, მაშინ აშკარაა,რომ მოქმედებები დაიწყო ბრძანების საფუძველზე,რომელიც, სავარაუდოდ, ალიევმა გასცა ვაშინგტონიდან იქ შექმნილი რაღაც პრობლემის გამო. ჩემი აზრით, პრობლემის მოგვარების რაიმე პერსპექტივა არც აქამდე არსებობდა, მაგრამ მსგავსი აქციებით აზერბაიჯანი, პირველ რიგში,საკუთარ შესაძლებლობებს ამცირებს’.
სოციალური ქსელები:
‘ალიევს ნერვებმა უმტყუნა. ვაშინგტონში მას არც ისე კარგად შეხვდნენ – მკაცრი შენიშვნები მიიღო ადამიანის უფლებების და დემოკრატიული პრინციპების დარღვევისთვის, სიტყვის თავისუფლებისა და ოპოზიციის დევნისთვის, ხაზინის ძარცვისა და კორუფციის გამო.თუმცა, ამ განკარგულებით ისევ თავის თავს ავნო.შეტევა მიჩუმდა, ზურგიდან დახმარება ვერ მიიღეს – დამატებითი ძალები სადღაც ყარაბაღიდან შორს გაიჭედნენ; ეტყობა, შეტევის ბრძანებას ჯარი არ ელოდა. ახლა პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს’.
ინფორმაცია სტეფანაკერტიდან
ალექსანდრ ქანანიანი:
‘ჩემი მოკრძალებული აზრით, აზერბაიჯანელებს ნამდვილი,მსხვილმასშტაბიანი ომის დაწყება რომ სდომოდათ, ფრონტის ხაზზე სხვა მდგომარეობა იქნებოდა. ეს ყველაფერი სიტუაციის გაუთვალისწინებელ ესკალაციას უფრო ჰგავს, და უკონტროლობის ზღვარზეა. არწახში მყოფი ადამიანების თქმით, მდგომარეობს სტაბილურია.პანიკა არ არის და არც იქნება. ჩვენი ვალია,მოვლენების განვითარებას თვალყური ვადევნოთ და არ გავავრცელოთ გადაუმოწმებელი ინფორმაცია. და ბოლოს,შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი ან კარგად იქნება, ან – ძალიან კარგად.ჯერჯერობით სულ ესაა’.
სოციალური ქსელები:
‘პირველ რიგში, ყველა უნდა დავწყნარდეთ. ეს რომ ფართომასშტაბიანი ომი იყოს, ამ პოსტის დაწერის არანაირი საშუალება არ მექნებოდა. ინტუიცია მკარნახობს,რასაც ახლა ვხედავთ, ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შედეგია. ბაიდენი შეხვდა სერჟ სარქისიანს,ალიევს და პოროშენკოს,ობამა – ერდოღანს. ბირთვული უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის მიწვევა დაავიწყდათ’.
შეხვედრების შედეგის მიხედვით, თურქეთი და აზერბაიჯანი ‘საკვანძო ქვეყნებად’ დასახელდნენ. და რა არის ახალი?სიახლე მხოლოდ რუსული პოლიტიკისა და დიპლომატისთვისაა. ახლა მსაჯები ურთიერთდაპირისპირებული ჯარების ქმედითუნარიანობას აკვირდებიან და დასკვნები გამოაქვთ. ეს სიტუაცია 2008 წლის ლევონ–არხში მომხდარის ანალოგიურია. მაშინ ჩვენებმა სიტუაციის გამოსწორება შეძლეს.დარწმუნებული ვარ ახლაც შეძლებენ’.
ინფორმაცია რუსეთიდან
მიხაილ შეველიოვი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი:
“მოსკოვი სირიაში გლობალური მოთამაშის როლის მორგების აშკარად წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გარესამყაროსთან სასაუბროდ ნებისმიერ არგუმენტს ეძებს. ყარაბაღის კონფლიქტი ერთ-ერთია მის ხელთ დარჩენილი მცირერიცხოვანი შესაძლებლობებიდან. გარდა ამისა, კრემლს უკიდურესად ანერვიულებს ის მამხილებელი მასალა, რომლის გამოქვეყნებასაც დასავლურ მასმედია აპირებს. ამ ვითარებაში მისთვის მისაღებია ნებისმიერი სხვა ინფორმაციის მიზეზი,რაც მის მოსახლებას შიდა პრობლემებიდან ყურადღებას გადაატანინებს.
ვადიმ დუბნოვი, ‘ეხო კავკაზას’ (რადიო თავისუფლება) მიმომხილველი:
‘მომხდარში რუსეთის ხელი რომც ერიოს, ამ ყველაფერს პოლიტიკური ხასიათი მაინც არ აქვს და უბრალო, წუთიერ სამხედრო გადაწყვეტილებას ჰგავს. ზუსტად ისეთივე სურათი გვაქვს, როგორიც – 2014 წლის ზაფხულში გამწვავებული მდგომარეობის დროს. რუსეთისთვის ‘მინსკის ჯგუფი’ განსაკუთრებულად ღირებულია, რადგან ეს მოლაპარაკებათა ერთადერთი ფორმატია, რომელზეც რუსული და ამერიკული მხარეები ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან’.
12:00, წლის 2 აპრილი
ინფორმაცია ერევნიდან
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ დღეს დილით ყარაბაღის კონფლიქტის შეხების ხაზზე სამხედრო შეტაკებები დაიწყო.
სომხური მხარე ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანმა არტილერიის, ჯავშანტექნიკისა და ავიაციის საშუალებით შეტევა განახორციელა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით,’მოწინააღმდეგე ცდილობდა, მთიანი ყარაბაღის დაცვის სიღრმეში შეჭრილიყო და სტრატეგიული პოზიციები დაეკავებინა’.
სომხური მედიის ცნობით, ერთ-ერთ მონაკვეთზე ჩამოაგდეს აზერბაიჯანული ვერტმფრენი.სომხური ოფიციალური წყაროები იმასაც იუწყებიან, რომ გარდაცვლილი ადამიანები ორივე მხრეს არიან, თუმცა დაღუპული აზერბაიჯანელების რიცხვი გაცილებით მეტია.
ინფორმაცია ბაქოდან
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ (სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ) ასევე ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა,რომ სომხეთის შეხების ხაზთან და ყარაბაღის გარშემო შეტაკებები დაიწყო.
აზერბაიჯანული მხარე ამტკიცებს, რომ ‘სომხური სამხედრო ფორმირებები მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ მსხვილი კალიბრის იარაღიდან ესროდნენ აზერბაიჯანულ პოზიციებს,რასაც აზერბაიჯანულმა სამხედრო შენაერთებმა ცეცხლითვე უპასუხეს’. სამინისტრომ უარყო სომხური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩამოგდებული ვერტმფრენის შესახებ.
ინფორმაცია სტეფანაკერტიდან:
მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ოპერაციების დაწყების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.უწყების განცხადებით,ამჟამად (2016 წლის 2 აპრილს, დღის 12 საათზე) ‘მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არმიის მოწინავე ქვედანაყოფების აქტიური მოქმედებების წყალობით, მოწინააღმდეგე შეხების ხაზის მთელ პერიმეტრზე საწყის პოზიციებამდეა უკუგდებული – დიდი დანაკარგებით’. სამინისტროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
დოსიე, JAMnews
• მთიანი ყარბაღის გამო, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 19991-1994 წლებში სამხედრო კონფლიქტი მძვინვარებდა.ზავის დადების შემდეგ მთინი ყარაბაღი გახდა დე-ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა,რომელსაც არავინ _ მათ შორის, არც სომხეთი – აღიარებს.აზერბაიჯანი ყარაბაღსა და ომის დროს მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ მიმდებარე ტერიტორიებს ოკუპირებულ სივრცედ მიიჩნევს და მათ დაბრუნებას ითხოვს.
• კონფლიქტის მონაწილე მხარეები გამუდმებით იუწყებიან ფრონტის ხაზზე მიმდინარე შეტაკებების შესახებ და ერთმანეთს პროვიკაციაში ადანაშაულებენ.
ფოტო გევორქ ყაზარიანის არქივიდან. გადაღებულია 2012 წელს, სომხეთში, დსთ-ს წვრთნების დროს.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 02.04.2016