ერევნის მერიამ ქალაქის გარკვეულ ადგილებში მანქანების პარკირება აკრძალა. როგორც სომხეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, დედაქალაქის მერიამ „შესაბამისი“ ზომები მიიღო, კერძოდ, სასეირნო ზონებთან მიმართებით, სადაც ბევრი ტურისტი დადის – კომპლექს „კასკადთან“, ოპერისა და ბალეტის ეროვნულ აკადემიურ თეატრთან.
ტურისტების რაოდენობამ ამ წლის პირველ კვარტალში მოიმატა. ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტროს ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მეხაკ აპრესიანმა დააზუსტა, რომ გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სომხეთში ჩამოსული ტურისტების რიცხვმა 18,2%-ით მოიმატა. გაიზარდა რუსეთიდან, ირანიდან, ჩინეთიდან და ევროპიდან ჩამოსული სტუმრების რაოდენობა.
„ეს სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებული აქტიური და კომპლექსური ღონისძიებების შედეგია. როგორც იცით, ჩვენ ირანთან ხელი მოვაწერეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების მემორანდუმს. რუსეთის მოქალაქეებს თებერვლიდან შიდა პასპორტებით შეეძლებათ სომხეთში ჩამოსვლა. ჩინეთის მოქალაქეებისთვის სომხეთში შემოსვლა გამარტივებულია, მათ ვიზის მიღება ზედ საზღვარზე ან ონლაინ შეუძლიათ, რამაც ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობის ზრდა გამოიწვია“, – აღნიშნა მეხაკ აპრესიანმა.