ევროპაში ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის ხსოვნის აქციები გაიმართა
გაზიარება
გაზიარება
პარიზში, სტრასბურგში, ბერლინში, ვენასა და ევროპის სხვა ქალაქებში გაიმართა ხსოვნის აქციები, რომლებიც 1944 წლის 23 თებერვალს, ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის დაწყების დღეს მიეძღვნა.
ცენტრალური აქცია სტრასბურგში გაიმართა, აქ ევროპის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ჩეჩნები შეიკრიბნენ. დემონსტრანტებმა აღშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ 1944 წლის გადასახლება გენოციდად არ შეფასდა, სხვა რესპუბლიკებისთვის გადაცემული მიწები კი ჩეჩნეთსა და ინგუშეთს დღემდე არ უბრუნდება. აქციის მონაწილეების აზრით, რეპრესირებული ხალხების სრული რეამბილიტაცია დღემდე არ მომხდარა, – იუწყება “კავკაზ.რეალიი”.
პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე, დეპორტაციის მსხვერპლთა მოსაგონებლად დაახლოებით ოცდაათი ადამიანი შეიკრიბა.
ბელგიაში გამართულ სამახსოვრო აქციაზე დაახლოებით 250-მა ადამიანმა მოიყარა თავი. ბერლინში “გერმანულ-კავკასიურმა კომიტეტმა” მოაწყო მვლელობა, რომელმაც ბრანდენბურგის ჭიშკრის მახლობლად ჩაიარა.
აქცია ვენაშიც ჩატარდა. მიტინგის მონაწილეები – რამდენიმე ათეული ადამიანი – სკანდირებდნენ ფრაზას “თავისუფლება ჩეჩნეთს”. დემონსტრანტებმა ლოცვა წაიკითხეს და გამოსვლის დროს ტრანსფარანტები ეკავათ, რომლებზეც ეწერა “1944 წლის გენოციდი”.
ამ თარიღთან დაკავშირებით ინგუშეთში სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართა. ჩეჩნეთში ეს ტრაგიკული თარიღი ოფიციალურად არ აღუნიშნავთ.
ჩეჩნეთის რეპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის განკარგულებით, 2011 წლიდან გლოვის დღე შეიცვალა და ამჟამად ეს დღე, 23 თებერვლის ნაცვლად, 10 მაისს აღინიშნება (2004 წლის 9 მაისის ტერაქტის შედეგად დაღუპული პრეზიდენტის, ახმატ კადიროვის სამახსოვროდ).
ოპერაცია კოდური სახელწოდებით “ოსპი” (“ჩეჩევიცა”), რომლის დროსაც ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ში მცხოვრები ჩეჩნებისა და ინგუშების უდიდესი ნაწილი ყაზახეთსა და შუა აზიაში გადაასახლეს, 1944 წლის 23 თებერვალს დაიწყო და იმავე წლის 9 მარტამდე გრძელდებოდა. რეპრესიის მიზეზებად მასობრივი დეზერტირობა, ომის დროს ჯარში გაწვევისაგან თავის არიდება და საბჭოთა არმიის ზურგში შეიარაღებული ამბოხების მომზადება დასახელდა. დეპორტაციის დროს ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან თითქმის 500 ათასი ადამიანი გადაასახლეს.
ჩეჩნებმა და ინგუშებმა სამშობლოში დაბრუნების უფლება მხოლოდ 1957 წელს მიიღეს. საბჭოთა კავშირის კანონი “რეპრესირებული ხალხების რეაბილიტაციის შესახებ” კი მხოლოდ 1989 წელს მიღეს.
არსებული შეფასებების თანახმად, დეპორტაციის შედეგად “ენკავედეს” თანამშრომლების ქმედებების, შიმშილის, სიცივისა და გაჭირვების გამო, დაახლოებით 100 ათასი ჩეჩენი და ინგუში დაიღუპა.