ევრაზიული კავშირი სომხეთში "ხელშეუხებელი სიწმინდის" სტატუსს კარგავს
სომხეთის ევრაზიული კავშირიდან გამოსვლისა და, ამის პარალელურად, ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობის გამტკიცების იდეა აღარ ითვლება მარგინალურად და აქტიურად განიხილება აქტუალურ დისკურსში. ბოლო დრომდე ევრაზიული კავშირში ინტეგრაციის იდეა სომხეთში ერთგვარ ხელშეუხებელ, წმინდა ღირებულებას წარმოადგენდა.
ამ საკითხზე საუბარი პირველად ფრაქცია „იელქის“ (ფრაქციის სახელი სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „გამოსავალი“) ერთ-ერთი ლიდერი, ედმონ მარუქიანი გამოეხმაურა . მან აღნიშნა, რომ სომხეთმა ევრაზიული კავშირიდან გამოსვლის ინიცირება უნდა მოახდინოს და უნდა დაიწყოს ახალი მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების შესახებ.
იმავე ფრაქციის დეპუტატმა მანე თანდილიანმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მიზეზს, რომელთა გამოც ქვეყანამ ევრაზიული კავშირი უნდა დატოვოს. მისი თქმით, ევრაზიულმა კავშირმა სომხეთის ეკონომიკას სარგებელი ვერ მოუტანა, ხოლო რუსეთი, რომელიც სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორია, აზერბაიჯანთან იარაღით ვაჭრობას არ წყვეტდა. ქვეყნის ევრაზიული კავშირში გაწევრიანებამ სომხეთის, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეა დაასამარა.
ამას გარდა, სომხურმა პარტიამ სახელწოდებით „მემკვიდრეობა“ გამოაქვეყნა განცხადება , რომელშიც გამოვიდა მოწოდებით, გადაიხედოს სომხურ-რუსული შეთანხმება ბუნებრივი აირის შესახებ. გარდა ამისა, სომხეთში უკვე ისმის პირდაპირი მოწოდებები ნატოში გაერთიანებისა და უსაფრთხოების ახალი გარანტიების ძიების აუცილებლობის შესახებ.
მმრთველი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები დღესაც აცხადებენ, რომ ევრაზიული კავშირი და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია სომხეთისათვის უალტერნატივო ორგანიზაციებს წარმოადგენენ, მაგრამ, ამავდროულად, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ისინი განსხვავებულად იქცევიან და ამ დისკუსიაში მონაწილეობაზე უარს აღარ აცხადებენ.
სომეხი ანალიტიკოსების თქმით, რესპუბლიკურ პარტიას სურს, რუსეთს აჩვენოს, რომ სომხეთში აღარ არსებობს უწინდელი ერთსულოვნება ქვეყნის უალტერნატივოდ პრორუსული ვექტორის საკითხში. ამ გზით სომხეთის რესპუბლიკურ პარტიას სურს, ერთგვარი კოზირები მიიღოს რუსეთთან ვაჭრობის დაწყებამდე. მეორე მხრივ, რუსეთისათვის (რომელიც რესპუბლიკურ პარტიას არასაკმარის ანაზღაურებას „აძლევს“ ლოიალურობისთვის) საყვედურის გამოცხადების საფუძვლად არგუმენტების სიმწირეც შეიძლება გამოდგეს.
ეკონომიკური სარგებელი – ბლეფი, თუ რეალობა?
სომხეთის ეროვნული კრების ვიცესპიკერმა, ედუარდ შარმაზანოვმა განაცხადა, რომ სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლის შემდეგ საზღვარზე არსებული გაზის ტარიფი ჩვენი თანამოქალაქეების სასარგებლოდ შეიცვალა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სომხეთი მსოფლიო მნიშვნელობის სხვა ცენტრებთან თანამშრომლობაზეც არ ამბობს უარს. ვიცესპიკერმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მკაფიო მაგალითია შეთანხმება ვოროტანის ჰიროელექტროსადგურების კასკადის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ სომხეთმა ვოროტანის ჰიდროკასკადი ამერიკულ კომპანია „კონტურ გლობალს“ მიჰყიდა, თუმცა, ორგანიზაცია დღემდე ვერ ახერხებს სომხეთის ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციას იმისათვის, რათა თავისუფალ კონკურენციაში ჩაებას. და ეს აშკარა მაგალითია იმისა, თუ როგორ აფერხებს სომხეთის ეკონომიკის განვითარებას ის, რომ რუსული სახელმწიფო კორპორაციები მის მონოპოლიზაციას ახდენენ.
სომეხი ანალიტიკოსები აქტიურად ამხელენ ხელისუფლებას, მმართველი გუნდი კი ცდილობს, ევრაზიულ კავშირში დარჩენა ეკონომიკური სარგებლით გაამართლოს. ყველაზე უფრო ზედაპირული „ფაქტჩეკინგიც“ კი აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ევრაზიულ კავშირში შესვლით სომხეთმა არამხოლოდ ევროკავშირის ეკონომიკური პრეფერენციები, არამედ ის საბაჟო შეღავათებიც დაკარგა, რომელიც საქართველოსთან და ირანთან კომუნიკაციის შემთხვევებში ჰქონდა.
ძალადობრივია ეს კავშირი, თუ ნებაყოფლობითი?
მაშ, რა აკავებს სომხეთს ევრაზიულ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში, თუკი ამ გაერთიანებებში დარჩენის უპირატესობებზე საუბრისას ხელისუფლებაც კი ვერ ახერხებს სათანადო არგუმენტების მოყვანას? ამ შემთხვევაში, ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველი – ის, რომ სომხეთის პოლიტიკური ელიტა დამოკიდებულია კრემლზე, რომლმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია, სომხეთში „ხელისუფლება შეცვალოს“ და მეორე – სახეზეა ზეწოლა მოსკოვის მხრიდან, რომელიც მუქარისა და შანტაჟის გამოყენებით მიმდინარეობს.
რამდენიმე დღის წინ ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ალმაზბეკ ატამბაევმა აღიარა, რომ „ერთ-ერთი სახელმწიფო“ ყირგიზეთს სარაკეტო თავდასხმებით ემუქრებოდა მაშინ, როდესაც მანასის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული ბაზა დისლოცირდებოდა. «ზოგიერთმა ქვეყანამ მითხრა, რომ რაკეტებს ამერიკულ ობიექტების მიმართულებით გაუშვებენ და ამით ყირგიზეთის მოქალაქეები დაზარალდებიან», — თქვა ატამბაევმა. მან განაცხადა, რომ ეს მუქარები გრძელდებოდა 2014 წლამდე, როდესაც რესპუბლიკიდან ამერიკული ბაზა გაიყვანეს.
ამას გარდა, რუსეთის მხრიდან ზეწოლის შესახებ მინიშნება სომხეთის პარლამენტის ვიცესპიკერმა, ედუარდ შარმაზანოვმაც გააკეთა. საქართველოსა და სომხეთის ტურისტულ სექტორებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ შესაძლოა, საქართველოს ურჩევნია, რომ ნაკლები ტურისტები ჰყავდეს, მაგრამ ტერიტორიები არ ჰქონდეს დაკარგული. სომხეთში ეს რეპლიკა აღიარებად აღიქვეს. გაჩნდა აზრი, რომ რუსეთი ერევანს ტერიტორიების დაკარგვით ემუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუკი სომხეთი ევრაზიულ კავშირში შესვლაზე უარს იტყოდა.
მართლა ემუქრებოდა რუსეთი სომხეთს? და რა შეიძლება, ეღონა მოსკოვს იმ შემთხვევაში, თუკი სომხეთი ევრაზიულ კავშირზე უარს იტყოდა? « რუსეთს არ შეეძლო ტერიტორიის სომხეთისათვის ჩამორთმევა, არ შეეძლო არცახის აზერბაიჯანისთვის გადაცემა და აპრილის ომზე უარესი მოვლენების ინიცირება», – მიიჩნევს Lragir.am-ის ანალიტიკოსი ჰაკოფ ბადალიანი. მისი აზრით, სომხეთის ხელისუფლება ევრაზიულ კავშირში მხოლოდ საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით გაერთიანდა.
უკურეაქცია
ყურადსაღებია, რომ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ ევრაზიული ინტეგრაციის სარგებლიანობის შესახებ გაკეთებული „გულთბილი განცხადებების“ პარალელურად რუსეთი სომხეთში იმ მომხრეებსაც კი კარგავს, რომლებიც ბოლო დრომდე ჰყავდა. და ეს სხვადასხვა სფეროებში ვლინდება. მაგალითად, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, სადაც 40 სტუდენტის ადგილი იყო გამოყოფილი, ერთ აბიტურიენტსაც კი არ შეუტანია განცხადი. და ეს მაშინ, როდესაც ყველა სხვა ფაკულტეტი მოთხოვნადი აღმოჩნდა.
მთლიანობაში კი რუსეთის მეტისმეტად ძლიერი ზეწოლა და სომხეთის ხელისუფლების ტოტალური ევრაზიული ლოიალურობა სომხეთში საზოგადოების უკურეაქციას იწვევს და ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ რუსეთი იარაღით ვაჭრობს აზერბაიჯანთან და დროდადრო ითხოვს, რომ ერევანმა რუსულ ენას ოფიციალური სტატუსი მიანიჭოს სომხეთში.
ჯერჯერობით სომხეთმა მხოლოდ რამდენიმე გამყოფი „წითელი ხაზი“ „მონიშნა“: 1) სომხეთში მხოლოდ ერთი სახელმწიფო ენა შეიძლება, არსებობდეს და ეს ენა სომხურია და 2) როგორც პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, ჯერჯერობით აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვას რაიმე სახის კატასტროფული შედეგი არ მოჰყოლია. მაგრამ თუ მოჰყვა…
შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის აქტივიზაცია
ევრაზიული ბლეფის გამოაშკარავების პარალელურად სომხეთში შეერთებული შტატები და ევროკავშირი გააქტიურდნენ. შეერთებული შტატების ელჩმა სომხეთში, რიჩარდ მილზმა განაცხადა, რომ შესაძლებელია, სომხეთის განახლებადი ენერგეტიკის სფეროში ამერიკულმა კომპანიებმა 8 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტიცია განახორციელონ. სომხეთისათვის, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 4 მილიონია, ეს თანხა კოლოსალურია. სომხეთის ენერგეტიკაში ინვესტირებისათვის მზადყოფნა საფრანგეთმა და გერმანიამაც გამოთქვეს.
ევროკავშირის მიერ სომხეთში გამოგზავნილი დელეგაციის ხელმძღვანელმა, დიპლომატმა პეტრ სვიტალსკიმ სომხეთს მზის განახლებადი ენერგიის გამოყენების სტიმულირებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ „ევროკავშირის წარმომადგენლობა სომხეთში ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ერევნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა უზრუნველყოს».
სომხეთის ხელისუფლებამ ეს შემოთავაზებები უპასუხოდ დატოვა. პირდაპირი პასუხის ნაცვლად საპრეზიდენტო დონეზე აღინიშნა, რომ სომხეთი მიესალმება შეერთებულ შტატებთან მაღალი ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლიბის პერსპექტივას. სომეხმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ სომხეთს არ შეუძლია სამამულო ენერგეტიკაში დასავლური კაპიტალის „შეუშვას“, იმიტომ რომ ეს სფერო პრაქტიკულად მთლიანად მონოპოლიზებული აქვს რუსეთს.
ამავდროულად ნატო აქტიურად ცდილობს სომხეთთან თანამშრომლობას. ბოლო ერთი თვის მანძილზე სომეხი სამხედროები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორ მსხვილმასშტაბიან წვრთნაში იღებენ მონაწილეობას. რუმინეთში გამართული სწავლების ფარგლებში წვრთნების მონაწილეებმა რუსეთის შესაძლო აგრესიის საწინააღმდეგო ზომები განიხილეს. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში კიდევ ერთი საწვრთნელი ღონისძიება საქართველოშიც დაიწყება, რომელიც ასევე რუსეთთან დაკავშირებულ საფრთხეებთან იქნება დაკავშირებული.
არსებობს თუ არა ალტერნატივა
ეროვნული კრების ვიცესპიკერი, ედუარდ შარმაზანოვი ამტკიცებს, რომ სომხეთის ეკონომიკა ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებთან უფროა დაკავშირებული „და ჩვენი საქონელი ევრაზიული კავშირის ბაზარზე კონკურენტუნარიანობით გამოირჩევა“. „ევრაზიულ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას ალტერნატივა არ აქვთ. ჩვენ ამ გაერთიანებებში იმისთვის გავწევრიანდით, რათა ჩვენი სახელმწიფო ინტერესები დაგვეცვა, და არა იმისთვის, რომ ვინმეს მოწონება დაგვემსახურებინა»,- განაცხადა მან.
თუმცა, როგორც პარტია „მემკვიდრეობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სომხეთს ნამდვილად გააჩნია ენერგეტიკული ალტერნატივა – როგორც ირანის, ისე განახლებადი წყაროების სახით. «შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შემოთავაზება სომხეთის ენერგეტიკაში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით არამხოლოდ ენერგეტიკული უსაფრთხოების, არამედ ეკონომიკური განვითარების წინაპირობას წარმოადგენს», –აღნიშნულია განცხადებაში.
გიუმრელი პოლიტოლოგი გაგიკ ამბარიანი გვთავაზობს, ვაიძულოთ რუსეთი, გიუმრის 102 ბაზის ხარჯები იტვირთოს. «ყირგიზული მანასის მსგავსად სომხეთმაც უნდა გამოყოს სადმე (მაგალითად, არზნიში) აეროპორტი, რომელზეც ნატოს პატარა ბაზა მოეწყობა», – განაცხადა ამბარიანმა.
ამბარიანს არ ეთანხმება სერჟ სარგსიანი. „მაგრამ განა შეიძლება დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარება და განა ხელგაშლილი გველოდება ნატო?“ –განაცხადა მან ერთ-ერთი სომხური არხის ტელეგადაცემა „რევოლუციის“ ეთერში.
რუსულ-სომხური ურთიერთობების კრიზისი
პოლიტოლოგი გაგიკ ამბარიანი სომხურ-რუსულ ურთიერთობებს ფარსად მიიჩნევს. «სტრატეგიულ მოკავშირეს უფლება არ აქვს ჩვენს მოწინაარმდეგეს იარაღი მიჰყიდოს. ამას გარდა, რუსული მონოპოლისტების სომხეთის ბაზარზე „მოღვაწეობა“ მოროდიორობას ემსგავსება. ბუნებრივი აირისა და რკინიგზის სფეროებში ჩვეულებრივ ძარცვას აქვს ადგილი. ჩვენი ყველა სტრატეგიული ობიექტი – ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სფეროები – რუსეთს ეკუთვნის.
ჩვენ მას ჩვენი უსაფრთხოება ვანდეთ, რუსული ბაზის კომუნალურ ხარჯებსაც ჩვენ ვიხდით, და სომხეთში დისლოცირებული რუსული სასაზღვრო ჯარების შენაერთების ხარჯების ნახევარსაც ჩვენ ვფარავთ. თუმცა, რუსეთი იძულებულია, სირიაში, ტაჯიკეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში განლაგებული ბაზების არენდის თანხა გადაიხადოს. ჩვენ გიუმრის ბაზისათვის უზარმაზარი ტერიტორია გამოვყავით, სამხედრო ნაწილის ჯარისკაცები კი ქალაქის მოურჩენელ ჭირად იქცნენ», – მიიჩნევს იგი.
თუმცა, პოლიტოლოგი ლევონ შირიანი აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას საპირისპირო შედეგი მოჰყვა: «ჩემი აზრით, მათ ძალიან ეშინიათ იმ ტრანსფორმაციის, რომელიც სომხების საზოგადოებრივ ცნობიერებაში შეიძლება მოხდეს. აპრილის ომის შემდეგ, როდესაც მეხუთე კოლონაც კი უშედეგო გამოდგა, ისინი მიხვდნენ, რომ ახალგაზრდა თაობა მზადაა, სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის იდეების სადარაჯოზე დადგეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური აქტია. მათთვის ფსიქოლოგიური სუვერენიზაცია ღამის კოშმარის მსგავს საშინელებას წარმოადგენს».
მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ეტაპზე სომხეთის პოლიტიკური ძალები ევრაზიული კავშირიდან გასვლის ინიცირებას დაიწყებენ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ შეთანხმება „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შესახებ“ ამ შესაძლებლობას ითვალისწინებს.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე თიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.