სომხეთის ეროვნული საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია „ელკის“ დეპუტატი ედმონ მარუკიანი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შეთანხმების დარღვევის შესახებ აცხადებს, რაც სომხეთის მოქალაქეების უფლებებსაც არღვევს, რადგან ქვეყანა ამ ორგანიზაციის წევრია.
სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი 2015 წელს გახდა. ორგანიზაციის დანარჩენი წევრები არიან – რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი.
დეპუტატმა წერილობით მიმართა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის კომისიის კოლეგიის ხელმძღვანელს ტიგრან სარგსიანს.
ედმონ მანუკიანმა, კერძოდ, იმაზე მიუთითა, რომ რუსეთში მცხოვრებ სომხეთის მოქალაქეებს სომხეთში მიღებული მართვის უფლებით სარგებლობა არ შეუძლიათ. მან აღნიშნა, რომ 1 იანვრიდან რუსეთში უცხოური (მათ შორის, სომხური) მართვის მოწმობით სამეწარმეო და შრომითი საქმიანობის განხორციელების აკრძალვა მოქმედებს, რაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ტერიტორიაზე მუშახელის თავისუფლად გადაადგილების პრინციპს ეწინააღმდეგება.
მან ასევე განაცხადა, რომ ევრაზიული კავშირის ფარგლებში მოქალაქეებისა და მუშახელის თავისუფლად გადაადგილების უფლების მიუხედავად, სამი ადმინისტრაციული დარღვევის შემდეგ რუსეთის ტერიტორიიდან სომხეთის მოქალაქეების დეპორტირება ხდება.
სხვა პრობლემებთან ერთად, დეპუტატმა აღნიშნა საქონლის და მომსახურების რუსეთიდან სომხეთში ექსპორტის დროს არსებული ფინანსური შეზღუდვები, და ასევე რუსეთში ევრაზიული კავშირში წარმოებული საქონლის ბრუნვის ნაწილობრივი შეზღუდვა.
დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა შემდეგი შინაარსის შეტყობინება გაავრცელა: „ჩამოთვლილ ფაქტებსა და ევრაზიული კავშირის შეთანხმებას შორის არსებული შეუსაბამობა მე იმავე შეთანხმებიდან ამონარიდებით გავამყარე. მე შევთავაზე ტიგრან სარსიანს, რომ შეთანხმების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად ეფექტური ზომები მიიღოს და სომხეთის მოქალაქეების უფლებები დაიცვას“.