გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.
ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის პირადი ფავორიტი იყო და 2013 წელს პრეზიდენტობის კანდიდატადაც სწორედ ივანიშვილმა შეარჩია, ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ “ავტორიტარიზმისკენ გადაუხვია”. ყოფილი პრეზიდენტი წერს, რომ საფრთხეშია ქვეყნის როგორც საგარეო კურსი, ისე შიდა ერთობა.
„ავტორიტარიზმის არჩევით, „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზები გადაკვეთა. არ არის დემოკრატია – არ იქნება ეროვნული ერთობა და დასავლური კურსი. ვერ ვუყურებ, ეს როგორ მოხდება. ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას. ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევანის მისიას, ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად“, – წერს მარგველაშვილი.
By choosing authoritarianism, Georgian Dream crossed red lines. No democracy – no national unity, no western path. Won’t watch this happen. Returning to active politics. Will serve the mission of our western choice with my friends and the Georgian people.
— Giorgi Margvelashvili (@MargvelashviliG) February 17, 2020
ეს მარგველაშვილის პირველი პოსტია ტვიტერზე 2018 წლის 17 დეკემბრის შემდეგ – ამ დღეს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია იყო. მაშინ მარგველაშვილმა ინაუგურაციის ცერემონიის ფოტოები გააზიარა და აღნიშნა, რომ ეს იყო ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა.
• საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020
• Bloomberg: საქართველოს “ჩრდილოვანი ბოსი” აშშ-ში ახალ ლობისტებს ქირაობს
ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით და ვისთან ერთად ბრუნდება მარგველაშვილი პოლიტიკაში და გაერთიანდება თუ არა ის რომელიმე პარტიასთან.
2020 წლის ოქტომბერში საქართველოში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი 2013 წელს გიორგი მარგველაშვილი გახდა. მან ამ პოსტზე მიხეილ სააკაშვილი შეცვალა. პროფესიით ფილოსოფოსი მარგველაშვილი, რომელსაც მწირი პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა, საპრეზიდენტო კანდიდატად თავად ბიძინა ივანიშვილმა წამოაყენა.
თუმცა, ივანიშვილის და მარგველაშვილის ურთიერთობა ინაუგურაციისთანავე გაფუჭდა. მარგველაშვილმა ივანიშვილის ნების საწინააღმდეგოდ თავის სამუშაო რეზიდენციად სააკაშვილის მიერ აშენებული ავლაბრის სასახლე აირჩია, რითაც საბოლოოდ გაანაწყენა ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ოლიგარქი.
მარგველაშვილის პრეზიდენტობის ხუთი წლის განმავლობაში ივანიშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მარგველაშვილი მისი მთავარი იმედგაცრუება იყო, მმართველი გუნდი კი, პრეზიდენტს მუდმივ ოპონირებას უწევდა.
ვადის ამოწურვის შემდეგ მარგველაშვილმა თქვა, რომ აღარ ჰქონდა პოლიტიკური ამბიციები და მიდიოდა პოლიტიკიდან. მას შემდეგ ის არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ გაერთიანებულა, თუმცა ზოგჯერ მონაწილეობდა სატელევიზიო გადაცემებში, უფრო როგორც ექსპერტი და აფასებდა მიმდინარე მოვლენებს.
გიორგი მარგველაშვილი მხარს უჭერდა ზაფხულში დაწყებულ საპროტესტო ტალღას. ის და მისი მეუღლე არაერთხელ გამოსულან ანტისახელისუფლებო მიტინგებზე სიტყვით.