გია ნოდიას თვალსაზრისი: ბიძინას არჩევანი
ოქტომბრის არჩევნები არ იქნება მხოლოდ ბოლო არჩევნები საქართველოში, როდესაც პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ (თუ კონსტიტუცია ისევ არ შეიცვალა).
ეს ყველაზე უცნაური არჩევნებიც იქნება.
ყველაზე დიდი უცნაურობა იმაშია, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება. თუმცა, იმავდროულად ეყოლება კიდეც, მაგრამ მას ბოლომდე თავისად არ აღიარებს.
არც ის იყო გასაგები, რატომ გადადო „ოცნებამ“ ბოლო მომენტამდე იმის თქმა, თუ ვის გამოუცხადებდა ნდობას საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა, რეალურად დიდი ხნის დაწყებული ჰქონდა თავისი ფავორიტი კანდიდატის მხარდაჭერა.
ამის ერთადერთი შესაძლებელი ახსნა პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის პერსონალური კაპრიზია.
დიდი ხნის შემდეგ თავის პირველ ვრცელ სატელევიზიო ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატს არ დააყენებდა. ის ან რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერდა მხარს ან საერთოდ არავის.
ეს განცხადება ივანიშვილის მომხრეებისთვისაც კი შოკი აღმოჩნდა.
ყოფილ პრემიერს არ დაუმალავს, რომ საკუთარ პარტიაშიც არ ეთანხმებოდნენ; ზოგმა პრესაში ფრთხილი კრიტიკაც გაბედა – საკუთარი კანდიდატის არწარდგენას პარტიის სისუსტის აღიარებად აღიქვამენ. მეორეც, თუ პარტია დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს, მის „დამოუკიდებლობას“ მაინც არავინ დაიჯერებსო, ამბობდნენ ისინი. ბოლოს და ბოლოს, უცხოს რატომ უნდა დავეხმაროთ, როცა თვითონ ამდენი შესანიშნავი კანდიდატი გვყავსო?
თუმცა თანაგუნდელების ამ მარტივმა არგუმენტებმა ივანიშვილი ვერ გადაარწმუნა. მისი ნების წინააღმდეგ წასვლა კი, გუნდის წევრებისთვის იმთავითვე გამორიცხულია.
როგორც კი ივანიშვილმა ეს განცხადება გააკეთა, ყველა უცებ მიხვდა, თუ ვინ იქნებოდა ეს „დამოუკიდებელი“ კანდიდატი: სალომე ზურაბიშვილი, ერთ დროს მიხეილ სააკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, შემდეგ კი მისი დაუძინებელი მტერი.
სალომე ზურაბიშვილის “დამოუკიდებლობის” ხრიკი მანამდე ერთხელ უკვე გათამაშდა: იგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში. სწორედ ამ უბანში „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი არ დაუყენებია და საკუთარი რესურსები ზურაბიშვილის დასახმარებლად გამოიყენა. ზურაბიშვილმა ადვილად გაიმარჯვა, ისევე როგორც „ოცნების“ ყველა კანდიდატმა საქართველოს ყველა მაჟორიტარულ უბანში, გარდა ერთისა (სადაც „ოცნებამ“ ასევე არ შეუშალა ხელი ქვაზი-ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას).
გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა ივლისში სალომე ზურაბიშვილისთვის სასიკეთო ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კოდექსში. კოდექსის ძველი ვერსია უკრძალავდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობის გარდა, კიდევ სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც აქვს. ამ ჩანაწერის გამო საფრანგეთის მოქალაქე ზურაბიშვილი საკუთარ კანდიდატურას ვერ წამოაყენებდა, ხოლო საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცედურები დიდ დროს წაიღებდა.
კოდექსის ახალი რედაქციის თანახმად, კანდიდატისთვის საკმარისია კანდიდატურის რეგისტრაციის მომენტისთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გამოსვლის პროცედურა დაწყებული ჰქონოდეს. ცვლილება აშკარად პირადად ზურაბიშვილზე იყო მორგებული: მას ამ არჩევნებში მონაწილეობის შანსი უნდა მისცემოდა.
აზრი არა აქვს იმაზე მსჯელობას, თუ რატომ შეაჩერა ივანიშვილმა არჩევანი სწორედ ზურაბიშვილზე: უბრალოდ, ასე მოინდომა.
ჩვენ ვიცით, როგორ ხსნის ხოლმე ივანიშვილი თავის გადაწყვეტილებებს, როდესაც ამას საჭიროდ თვლის.
მაგალითად, როცა პრემიერ-მინისტრად თავისი ყოფილი თანაშემწე ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა, გაიხსენა, რომ მასთან მუშაობის დროს ღარიბაშვილმა მოხერხებულობა გამოიჩინა და ფრანგებისგან ძალიან კარგ ფასად შეისყიდა ვერტმფრენი.
როდესაც განათლებით ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენად წარადგინა, ერთ-ერთი არგუმენტი ის იყო, რომ ივანიშვილს მასთან ფილოსოფიაზე საუბარი სიამოვნებდა.
ზურაბიშვილის შემთხვევაშიც, რაიმე პირადი მიზეზი იქნება – შეიძლება, ლიდერს უბრალოდ საფრანგეთი მოსწონს, მისი მეორე მოქალაქეობაც ხომ ფრანგულია. შეიძლება, ფრანგი დიპლომატის საქართველოს ცერემონიულ პრეზიდენტად ყოლა მომხიბლავ იდეად მოეჩვენა. ან იქნებ რაღაც სხვაა მიზეზი.
რაც არ უნდა იყოს ის, ერთი რამე ცხადია: ზურაბიშვილი მისი პოპულარობისთვის არ შეურჩევიათ. ის ცნობილია, როგორც ქედმაღალი სნობი, რომელსაც შესანიშნავად ეხერხება ადამიანებს მასთან ურთიერთობის სურვილი გაუქროს.
2005 წელს, როდესაც სააკაშვილმა იგი საგარეო საქმეთა მინისტრობიდან „გაუშვა”, ბევრმა ზურაბიშვილი მსხვერპლად და ოპოზიციის ახალ გამაერთიანებელ ფიგურად ჩათვალა. თუმცა, მისი მცდელობა, რომ საკუთარი პარტია შეექმნა, ჩავარდა.
სახელმწიფოს მომავალი მეთაურისთვის ძლიერ მხარედ ვერც ის ჩაითვლება, რომ საფრანგეთში ქართველი ემიგრანტების შვილმა, ქართული ხეირიანად ვერ ისწავლა.
მისმა განცხადებებმა, სადაც ის 2008 წლის ომის დაწყებას მიხეილ სააკაშვილს აბრალებდა და პუტინის მესიჯ-ბოქსს უახლოვდებოდა, ბევრი ისეთი ადამიანიც გააბრაზა, ვისაც სააკაშვილი არასოდეს ყვარებია. „ქართულ ოცნებასაც“ კი მოუხდა მისი პოზიციისგან დისტანცირება (შემდეგ, როცა მან თავისი ფორმულირებები რამდენამდე დააკორექტირა, „ოცნებამ“ მისი პოზიცია მისაღებად მიიჩნია).
როგორც ჩანს, ივანიშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ ნებისმიერი, ვისაც ის დაუჭერს მხარს, მაინც გაიმარჯვებს. შესაძლოა, ის მართალი იყოს.
უფრო საინტერესო შეკითხვა სხვაა: რაში სჭირდება ივანიშვილს ასე ძალიან კანდიდატის „დამოუკიდებლობის“ მირაჟი? ხომ ცხადია, რომ ამას მაინც არავინ დაიჯერებს?
ერთ-ერთი შესაძლო ახსნა ისაა, რომ მას კიდევ ერთხელ უნდა ხაზი გაუსვას პრეზიდენტის წმინდად ცერემონიულ პოზიციას და მმართველ პარტიას ამ პოსტის მიმართ ინტერესი გაუნელოს (თუმცა, რეალურად, ცხადია, ის ამას მნიშვნელობას ანიჭებს).
გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტის აშკარა უპატივცემულობისა, ამგვარი დამოკიდებულება დემოკრატიული სისტემის სულისკვეთებასაც ეწინააღმდეგება – პარტია, რომელიც პასუხს აგებს ქვეყნის პოლიტიკურ მიმართულებაზე, თავს არიდებს სახალხო არჩევნებში მონაწილეობას. და „ოცნების“ წამომადგენლების მხრიდან იმის ხშირი გამეორება, რომ ნებისმიერი მათი კანდიდატი მაინც გაიმარჯვებდა, ამ ვითარებას არ ცვლის.
როგორც ჩანს, ივანიშვილი ცდილობს, ერთგვარი ფორმალური თუ სიმბოლური დისტანციის დამყარებას საკუთარ პარტიასა და მომავალ პრეზიდენტს შორის. ამის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, წინა გამოცდილებიდან გამოტანილი გაკვეთილებია: ყველაზე, ვინც კი სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობებზე დაასახელა, მალევე აიცრუვა გული. აქ იგულისხმება როგორც პრემიერ-მინისტრები ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი, ისე პრეზიდენტი მარგველაშვილი.
ამდენი იმედგაცრუება უკვე უხერხულობას ქმნის: ხალხმა შეიძლება დაასკვნას, რომ პრობლემა ქვეყნის რეალურ ლიდერშია, რომელიც თავის ხელქვეითებს ხეირიანად ვერ არჩევს.
ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის შემთხვევაში შეცდომა კიდევ უფრო დრამატულია, რადგან პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრივით ვერ მოხსნი – ხუთწლიანი ვადის ამოწურვას უნდა დაელოდო. ამიტომაც, ამ პირობებში, როდესაც პრეზიდენტს რეალურად მაინც ვერ აკონტროლებ, მისმა თავდაპირველმა ფიქტიურმა „დამოუკიდებლობამ” შეიძლება რაღაც ფსიქოლოგიური კომფორტი შეგიქმნას.
ვიცი, რომ ბევრს ეს ახსნა არ დააკმაყოფილებს: ხალხი უფრო ჩახლართულ ვერსიებსაა შეჩვეული. მაგრამ საფიქრებელია, რომ ივანიშვილი ასეთ ფიქციებს მართლა ანიჭებს მნიშვნელობას. ბოლოს და ბოლოს, 2013 წელს მისი გადადგომის შემდეგ, არავის სჯეროდა, რომ ივანიშვილი რეალურად ჩამოშორდა ქვეყნის მართვის სადავეებს, თუმცა ის მაინც ჯიუტად ამტკიცებდა საპირისპიროს.
ის, რომ პარტიამ ოფიციალურად არ გამაოვლინა თავისი მხარდაჭერის ობიექტი 9 სექტემბრამდე, ვიდრე კანდიდატების რეგისტრაციის დრო არ ამოიწურა, შეიძლება სწორედ ამ ფიქციის შენარჩუნებას ემსახურებოდა.
ვიდრე საბოლოო განცხადებას გააკეთებდნენ, „ოცნების“ წარმომადგენლები, კიდევ ერთ დარეგისტრირებულ დამოუკიდებელ კანდიდატს – 81 წლის კინორეჟისორს, გიორგი შენგელაიას შეხვდნენ. ამით, როგორც ჩანს, იმის ილუზია შექმნეს, რომ კანდიდატი სერიოზული მსჯელობის შედეგად შეარჩიეს.
შეიძლება გამაკრიტიკონ, რომ ზედმეტად ბევრ ვარაუდს გამოვთქვამ და ეს არაპროფესიულია. რატომ არ შეიძლება, უბრალოდ დავიჯეროთ, რასაც გვეუბნებიან: იქნებ, „ოცნება“ მართლაც ბოლო მომენტამდე ყოყმანობდა და მართლა განიხილავდა შენგელაიას ვარიანტს?
შეიძლება, მაგრამ ეს მმართველი პარტიის ქმედებებს კიდევ უფრო უცნაურს გახდიდა.
ძირეული პრობლემა ისაა, რომ საქართველოში თითქმის ყველაფერი დამოკიდებულია ერთი ადამიანის ნებაზე, რომელიც თავის ჩანაფიქრებს არავის უმხელს. ამიტომაც, ბიძინას აზრთაწყობის გამოცნობა ეროვნულ სპორტად იქცა, რომელში პერიოდულად ჩართვასაც ძნელია თავი აარიდო.
გია ნოდია, “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” თავმჯდომარე