გაუჩნდებათ თუ არა რქები და ჩლიქები მათ, ვინც აცრას გაიკეთებს?
ავცრათ თუ არა ბავშვი? ამ დილემის წინაშე მთელი მსოფლიოს დედები დგანან და, ამ მხრივ, გამონაკლისი არც აზერბაიჯანია.
სახელმწიფო (ჯანდაცვის სამინისტროს სახით) ამ შეკითხვას დადებით პასუხს სცემს. პირველი აცრები სამშობიაროშივე კეთდება, შემდეგ კი მშობლებს პოლიკლინიკიდან ურეკავენ და საავადმყოფოში მისვლასა და ბავშვის უფასოდ აცრას სთავაზობენ ხოლმე.
ამჟამად ეროვნულ კალენდარში 11 დაავადების (B ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ტუბერკულოზის, ტეტანუსის, ქუნთრუშას, დიფტერიის, წითელას, წითურას, პაროტიტისა და პნევმოკოკიური და ჰემოფილიური) ინფექციების ვაქცინა შედის. პირველი სამი აცრა ბავშვის დაბადებიდან პირველ 12 საათში კეთდება. სახელმწიფო პოლიკლინიკებში აცრები უფასოა, კერძო ცენტრებში კი საკმაოდ ძვირი ღირს.
[toggle title=”რას ნიშნავს აცრა: ისტორია”]
ვაქცინაცია რაიმე დაავადების საწინააღმდეგოდ ორგანიზმში ანტისხეულების, ან დასუსტებული ვირუსის შეყვანის პროცესია, რომლის მიზანია იმუნური პასუხის გამოწვევა, რათა მომავალში ადამიანი ამ ავადმყოფობით არ დაავადდეს. აცრების პრაქტიკა პირველად ინგლისელმა ექიმმა ჯენერმა გამოიყენა 1796 წელს. მას პაციენტების სხეულში შეჰყავდა ძროხის ყვავილის ვაქცინა, რომელიც ადამიანისთვის სახიფათო არ არის. ამ გზით იგი ცდილობდა, მოქალაქეები ნამდვილი ყვავილისგან დაეცვა. იმ პერიოდში ეს დაავადება ნამდვილ უბედურებას წარმოადგენდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვაქცინაციის წყალობით ყოველწლიურად 2,5 მილიონი სიცოცხლის გადარჩენა ხერხდება. 2007 წლის შემდეგ ამ დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგრძნობლადაა შემცირებული. 1980 წელს ქუნთრუშას ვაქცინაციის მასშტაბები 20%-ით განისაზღვრებოდა, 2006 წლისთვის კი ამ მაჩვენებელმა 79% შეადგინა. ამასთან, ბევრ ქვეყანაში B ჰეპატიტისა და წითურას ვაქცინაციის მნიშვნელობას დღემდე არასათანადოდ აფასებენ.
ვაქცინაციის წყალობით თითქმის მთლიანად მოისპო 20 დაავადება – მათ შორის ყვავილი, რომელმაც მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. 1979 წელს ეს დაავადება უკვე აღარ არსებობდა.
[/toggle]
მაგრამ ბავშვებს ყველა არ უკეთებს ვაქცინაციას. სოციალურ ქსელებში ხშირად გადააწყდებით დედებს, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან აცრებს და სხვებს უყვებიან იმ საშინელი პესპექტივების შესახებ, რომლებიც ამ პრაქტიკას შეიძლება ახლდეს თან. ამასთან, ისინი აცრების თავიდან აცილების საშუალებებზეც მსჯელობენ ხოლმე: “უარის წერილი დაწერეთ. რა თქმა უნდა, შეეცდებიან, გადაგარწმუნონ დაგაშინებენ. გეტყვიან, რომ ბავშვი ავად გახდება და პასუხისმგებელი თქვენ იქნებით. და თუკი პრობლემა შეგექმნებათ, მაკონტროლებელი მოისყიდეთ. ბოლო დროს ბევრი იქცევა ასე. ნუ ასახიჩრებთ ბავშვებს, ეს ბიზნესია. ფეხებზე ჰკიდათ ჩვენი ბავშვები. რაც უფრო ხშირად ვართ ავად, მით უფრო მეტად ევსებათ ჯიბეები” [სტილი დაცულია – რედ.]
“ბავშვი სტერილური იბადება და მას პირში პოლიომიელიტის დასუსტებულ ვირუსს აწვეთებენ. არ ვიცი, როგორ მოქმედებს ეს პრაქტიკა ახალშობილზე, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არასწორია. პოლიომიელიტის ცოცხალი ვაქცინისგან, შესაძლოა, ვაქცინოასოცირებული პოლიომიელიტი გაჩნდეს. ამასწინათ გავიგე, რომ უკრაინაში ერთი ბავშვი დაავადდა და შემდეგ ავადმყოფობა სხვა ბავშვსაც გადაედო. და ეს ყველაფერი ვაქცინის გამო მოხდა”.
“ჩვენს ექიმებს ერთი უარყოფითი თვისება აქვთ – თუკი მცირეწლოვანი ბალღით შედიხარ კაბინეტში, მაშინვე გეკითხებიან, არის თუ არა ბავშვი აცრილი. როგორც კი გაიგებენ, რომ არ არის აცრილი, მაშინვე იწყებენ დაშინებას”.
“მე და ჩემი ქმარი აცრილები ვართ. წლინახევრის ისე გახდა, რომ უახლოესი ნათესავების გარდა, არავინ უნახავს. არასდროს ყოფილა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მისი ყველა სათამაშო ხარისხიანი მასალისგანაა დამზადებული.
მხოლოდ ნატურალურ, ორგანულ საკვებს იღებს. სახლში ვერცხლისწყლის თერმომეტრიც კი არ გვაქვს და, შესაბამისად, არ არსებობს იმის საშიშროება, რომ გატყდება. მაშ რამ შეიძლება, გახადოს ავად?”
ავცრათ, თუ არ ავცრათ?
რამდენი ადამიანი ეწინააღმდეგება აცრებს აზერბაიჯანში? ლოგიკური იქნებოდა, თუკი ამ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეების რაოდენობას იმ ადამიანების რიცხვის მიხედვით განვსაზღვრავდით, რომლებმაც აცრებზე უარი განაცხადეს, მაგრამ ვინ აღრიცხავს ამ მონაცემებს იმ პირობებში, როდესაც მშობლები ფულად “გარიგებაზე” მიდიან – ისე, როგორც ამას disput.az-ზე გვირჩევენ? რატომ იქცევიან ასე?
კანონში “აუცილებელი სამედიცინო დისპანსერიზაციის შესახებ” აღნიშნულია, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. არამხოლოდ მოზრდილს, არამედ ბავშვსაც აქვს უფლება, დაცული იყოს ავადმყოფობებისგან. მშობლებმა, რომლებიც აცრაზე უარს აცხადებენ, სათანადო განმარტებითი განცხადება უნდა წარმოადგინონ. ამასთან, მიზეზების გრაფაში არ შეიძლება დაიწეროს “არ მინდა”. ვაქცინაცია და ეპიდემიის პრევენცია სახელმწიფო მასშტაბის ამოცანაა და ვინმეს სურვილის მიხედვით არ სრულდება”, – ამბობს აზერბაიჯანის მთავარი პედიატრი, ნასიბ გულიევი.
ამდენად “არ მინდას” ნაცვლად სამედიცინო ბარათზე ჩნდება წარწერა რაიმე სახის ალერგიის, ან უკუჩვენების შესახებ (რასაც “ცრუ არიდება” ეწოდება). თუმცა, ეს ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ექიმმა ქრთამი აიღო. ზოგჯერ პასუხისმგებელი მუშაკი უბრალოდ ხვდება, რომ მშობელს ვაქცინაციას ვერ აიძულებს. ამასთან, ზემდგომი ორგანოები ყველას აცრას ითხოვენ, სამედიცინო მუშაკებს კი სტატისტიკის გაფუჭება სურთ და საბოლოოდ, ექიმები მარტივ გზას ირჩევენ ხოლმე.
[toggle title=”სტატისტიკური მონაცემები”]
სტატისტიკის სახელმწიფო კომისიის მონაცემებით, 2000 წელს დიფტერიის – 2, ქუნთრუშას – 11, ტეტანუსის – 3, წითელას – 212, წითურას – 218 და ეპიდემიური პაროტიტის 6859 შემთხვევა აღინიშნა — 2015 წლის მონაცემებით, ქვეყანაში დიფტერიის, წითურას, წითელასა და ქუნთრუშას შემთხვევები საერთოდ არ აღნიშნულა; თუმცა, იმავე წელს ტეტანუსის 8 და პაროტიტის 7 შემთხვევა გამოვლინდა.
უცნობია, მოჰყვა თუ არა ამ ფაქტებს ავადმყოფობით სიკვდილის შემთხვევები, მაგრამ ცნობილია, რომ 2015 წელს ინფექციური და პარაზიტული დაავადებებით ერთ წლამდე ასაკის 65 ბავშვი გარდაიცვალა.
2016 წელს ტეტანუსით 13 ადამიანი დაავადდა, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. ამ დაავადებისგან ადამიანს კომპლექსური აცრა – დყტ (დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსი) იცავს.
[/toggle]
“არსებობს ფარმაცევტული კიმპანიისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაფია. ისინი ფრინველის, ღორის, თევზის, ტარაკნისა და სხვა დაუსრულებელ გრიპებს იგონებენ და ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – ფული”, – განაცხადა disput.az-ის კიდევ ერთმა მომხმარებელმა. თუმცა, ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენი ადამიანი იზიარებს ამ მოსაზრებას. დაბეჯითებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, “რომ აზერბაიჯანში აცრის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა ნამდვილად არ არის ისეთი ძლიერი და მასშტაბური, როგორც – რუსეთში. და ამ კატეგორიას მეტწილად საკმაოდ განათლებული ადამიანები მიეკუთვნებიან – ისინი აცრების მავნებლობის შესახებ მხოლოდ ინტერნეტით არ იგებენ.
უკვე შვიდი წელია, რაც აჰმედ რაჰმანოვის ოჯახისთვის ინტერვიუები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა – მას შემდეგ, რაც მათი შვილი აუტისტი გახდა. აჰმედი მიიჩნევს, რომ მისი ვაჟი აცრებით დაავადდა და ეს საკითხი საჯარო განხილვის საგნად აქცია.
ჩვენ ერთმანეთს კერძო კლინიკის იპლირებულ პალატაში ვხვდებით -აქ ბიჭს ხანგრძლივ ინექციებს უკეთებენ. იგი საწოლზე, კომპიუტერის წინ ზის და მაუსის გორგოლაჭს აწკაპუნებს. მეორე ხელზე პლასტირით დამაგრებული ნემსები აქვს შერჭობილი. წვრილი მილები პატარა ყუთამდე მიდის, რომელიც ტრადიციულ წვეთოვანს წარმოადგენს.
რაფაელის დედა, ულქიარ ხანუმი (რომელსაც, სხვათა შორის, სამედიცინო განათლება აქვს) აღნიშნავს:
“თავიდან ყველა აცრას დროულად, გეგმურად ვუკეთებდით. მაგრამ ჩემ ვაჟს ადრეული ასაკიდან აწუხებს კუჭის დაავადებები და ვფიქრობ, ამის მიზეზი ის აცრებია, რომელიც ბავშვს სამშობიაროშივე გაუკეთეს, მაგრამ ვაქცინაციაზე მაინც არ ვამბობდით უარს – უბრალოდ, ცოტას ვაყოვნებდით “.
წლინახევრის ასაკში რაფაელი ნორმალურად ვითარდებოდა – უკვე შეეძლო რაღაც სიტყვებისა და მოკლე ფრაზებს წარმოთქმა, მაგრამ მოგვიანებით ეს ყველაფერი თანდათნ გაქრა”.
ბიჭის მამამ, აჰმედ რაჰმანოვმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა და ვაქცინის შემადგენლობის გამჟღავნება მოითხოვა.
“საუბარია ექვსი-შვიდი წლის წინანდელ ამბავზე. ამჟამად ნებისმიერი ვაქცინის ანოტაციის პოვნა შეიძლება, მაგრამ მაშინ ეს ძალიან რთული იყო”.
უბნის ექიმები ანოტაციის გაცემაზე უარს ამბობდნენ და მთავარ ექიმთან გზავნიდნენ. მთავარმა ექიმმა ურჩია, ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიემართა.
“ბოლოს მაინც შევძელით “კონტრაბანდული გზით” მოგვეპოვებინა ვაქცინების ინსტრუქციები. მაშინ მხოლოდ რუსული და ინდური პრეპარატების შემადგენლობაში შემავალი ვერცხლისწყლისა და ალუმინის რაოდენობა დაშვებულ ნორმას 30-40-ჯერ აღემატება”. აჰმედ რაჰმანოვის თქმით, ვაქცინების ორი ინსტრუქცია არსებობს – ერთი უბრალო მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი, მეორე კი – მიმწოდებლებისთვის: “მიმწოდებლების ოცდაათგვერდიანი ანოტაციის მეთერთმეტე გვერდზე აღნიშნულია, რომ აცრამ, შესაძლოა, აუტიზმის განვითარება გამოიწვიოს”.
“როდესაც შენი შვილი აუტიზმით ავადდება, ყველაფერზე ხარ წამსვლელი რომ ბავშვი გამოჯნმრთელდეს, – ამბობს რაფაელის დედა, – რა არ ვცადეთ! იპოთერაპიასაც მივმართეთ და დელფინოთერაპიასაც, გამოვრიცხეთ გლუტენი და ჰელირება გავიარეთ. სხვა პროცედურებიც ჩავუტარეთ. ცვლილებები სახეზეა, მაგრამ გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს”.
იმის დასამტკიცებლად, რომ ვაქცინები სახიფათო ნივთიერებებს შეიცავდა, რაჰმანოვმა ჯანდაცვის სამინისტროს უჩივლა: “სასამართლო პროცესზე გაზეთში გახვეული ნათურა მივიტანე, დავამტვრიე და სასამართლო სხდომაზე შეკრებილ ადამიანებს ვთხოვე, ნათურის დალეწვის შედეგად მიღებული ფხვნილი გაესინჯათ. გაოცებით შემომხედეს. თუკი ბავშვებს ვაქცინების გზით აძლევთ ვერცხლისწყალს, თავად რატომ არ სინჯავთ იმავე ნივთიერებას, რომელიც ნათურის შემადგენლობაში შედის-მეთქი, – ვიკითხე”.
აჰმედ რაჰმანოვმა სასამართლო პროცესი წააგო და ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინაციის პოლიტიკის მხილებით დაკავდა
“როგორც წესი, პოლიკლინიკებში ამ ბროშურებში მოყვანილი იყო ამონარიდები აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონებიდან, სადაც ცალსახადაა აღნიშნული, რომ ყველა მშობელს აქვს უფლება იცოდეს იმ ვაქცინის შემადგენლობა, რომელსაც მის შვილს უკეთებენ. ამას გარდა, იმავე დოკუმენტების მიხედვით, ვაქცინაცია სავალდებულო პროცედურას არ წარმოადგენს. ჩვენს სინამდვილეში ეს აცრების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიად მიიჩნევა, რადგან პოლიკლინიკები ვაქცინების შემადგენლობას არ ამჟღავნებენ. ბოლოს, მშობლებს ვურჩევდი, ბრმად არ დამორჩილებოდნენ ექიმებს და თავად გადაეწყვიტათ, სურდათ თუ არა შვილების ვაქცინაცია”, – ამბობს მამა.
დავუჯეროთ ექიმებს?
ექიმები მიიჩნევენ, რომ ვაქცინაცია აუტიზმს არ უკავშირდება, მაგრამ ბევრი მშობელი მათ უბრალოდ არ უჯერებს.
სამედიცინო ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, ფსიქიატრმა ქიამრან სალაევმა განგვიმარტა, რომ ფსიქიკური დაავადებები ხშირად სხვადასხვა ფაქტორის – გენეტიკის, გარემოსა და სხვა მიზეზების – რთული კომბინაციის შედეგად ჩნდება, აცრები კი ზოგჯერ უბრალოდ ამ დაავადებების სიმპტომებს ავლენს, მაგრამ საკუთრივ დაავადებას არ იწვევს.
“აუტიზმსა და აცრებს შორის კავშირი არ არსებობს. ამ თემაზე ბევრი სერიოზული კვლევაა ჩატარებული (ამ ნაშრომების შედეგები სამეცნიერო ჟურნალებში ქვეყნდებოდა). ამას გარდა, ვერ დამტკიცდა კავშირი ტიმერასოლსა და აუტიზმს შორის. ამჟამად ტიმერასოლი იშვიათად გამოიყენება ვაქცინების დამზადებისას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აუტიზმის დიაგნოზის მქონე ბავშვების რაოდენობა მაინც იზრდება”.
რაც შეეხება არგუმენტებს გვერდით ეფექტებთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ, ექიმები, როგორც წესი, აღნიშნავენ, რომ გვერდითი ეფექტი აბსოლუტურად ყველა წამალს აქვს – მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტების საშუალებით ყოველდღიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ხერხდება. ამასთან, თუკი ვაქცინაციამდე ბავშვს სათანადო გამოკვლევას ჩავუტარებთ (და, რა თქმა უნდა, ასეც უნდა მოვიქცეთ), უკუჩვენების ალბათობა მინიმუმამდე შემცირდება.
ახდენენ თუ არა ექიმები საკუთარი ბავშვების ვაქცინაციას?
ჩინარა, მისი მეუღლე და მათი წლინახევრის ქალიშვილი პატარა, სუფთა ბინაში ცხოვრობენ. შემოსასვლელში დიდი, მასიური კატა გვეგებება – “ძალიან მეგობრული კატაა. სტუმრები”, – ამბობს ოჯახის დიასახლისი. ხშირად ის ოჯახები, სადაც პატარა ბავშვები იზრდებიან, უარს ამბობენ შინაურ ცხოველებზე და ამას იმით ხსნიან, რომ რაც არ უნდა შინაური იყოს ცხოველი, ის მაინც ბინძურია და არავინ იცის, ბავშვს რა დაავადებებს გადასდებს. მაგრამ ჩინარის ოჯახში ბევრი ექიმია და ამიტომ ყოველთვის მაინტერესებდა მედიცინა. ვიცი, რომ სტერილურ პირობებში ბავშვის იმუნიტეტი ვერ გაკაჟდება. ამასთან, ეს კატა სუფთა და სტერილიზირებულია. გარეთ არ გადის ხოლმე. კატების დაავადებები კი ადამიანებს არ გადაეცემათ”.
“ზოგიერთი ადამიანი აცხადებს, რომ ექიმები საკუთარ შვილებს ვაქცინაციას არ უტარებენ, – ამბობს ის, – მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენი ოჯახის ყველა მედიკოსი ვაქცინაციას იკეთებს და პრობლემა არავის შექმნია. მე იმ დაავადებებით დავინტერესდი, რომელთა წინააღმდეგაც ვაქცინებს იყენებენ. ერთი ნათესავი გვყავს, რომელსაც მცირე ხნის წინ ასი წელი შეუსრულდა. მის ოჯახში ექვსი ბავშვი იზრდებოდა. სრულწლოვანებას მხოლოდ ორმა მიაღწია. მაშინ ბევრ დაავადებას სისხლის გამოშვებით მკურნალობდნენ. ჩემი აზრით, აცრები მედიცინის მიღწევაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, უკეთესად ვიცხოვროთ”.
თავისი ქალიშვილის ვაქცინაციისთვის ჩინარი კერძო კლინიკებს მიმართავს ხოლმე, სადაც, როგორც წესი, ევროპული ქვეყნებიდან ჩამოტანილი ვაქცინები აქვთ.
“დარწმუნებული არ ვარ იმაში, რომ სახელმწიფო პოლიკლინიკებში ხარისხიანი ვაქცინები ინახება და ეჭვი მეპარება, რომ ამ პრეპარატებს სწორი მეთოდით ინახავენ. ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ექვსკომპონენტიანი ვაქცინა სახელწოდებით “ჰექსის ინფანრიქსი” 145 მანათი ჯდება. სულ სამი ასეთი კომპლექსის გაკეთებაა საჭირო. როგორ მოვიქცე?! ბავშვის ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია . ბავშვის სტაციონარული მკურნალობა გაცილებით უფრო ძვირი დამიჯდება. უმჯობესია ძვირადღირებული ტანსაცმლისა და ფაფების შეძენისგან შევიკავო თავი და ამ გზით დავზოგო ფული ბავშვის ვაქცინაციისთვის”.
დავუჯეროთ თუ არა სახელმწიფოს?
ხშირად ვაქცინების მიმართ უნდობლობა ექიმებისა და მთლიანად სახელმწიფო მედიცინის მიმართ უნდობლობის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდა დედები ინდურ ვაქცინებს გაურბოდნენ, ექიმები კი თავად ურჩევდნენ პაციენტებს კერძო კლინიკებში მისვლას. რამდენად აქტუალურია ეს საფრთხე დღეს?
ჩვენ ბაქოს ერთ-ერთი პოლიკლინიკის ექიმს ვესაუბრეთ, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა. სახელწიფოს მიერ დაქირავებული თანამშრომლების უმრავლესობის მსგავსად, არც ის გამორიცხავს, რომ უფროსობას არ მოეწონოს ის, რომ იგი პრესასთან ურთიერთობს. ექიმი მიიჩნევს, რომ წარმატებული ვაქცინაციის წინაპირობა
“ადრე (მაშინ ჯერ კიდევ არ ვმუშაობდი ამ კლინიკაში) აქ ინდური ვაქცინებს იყენებდნენ, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ინდურ პრეპარატებს არ ვიყენებთ. მაგალითად, ჩვენთან დიფტერიის საწინააღმდეგო ვაქცინა კორეულია. მცირე ხნის წინათ “პრევენარი” ჩამოვიდა – ბელგიური პრეპარატი, რომელიც პნევმოკოკის წინააღმდეგ გამოიყენება. არასდროს მსმენია, ვინმეს დაეჩივლოს ამ პრეპარატების გამო. ამასთან, ძალიან მკაცრი გამგე გვყავს. ზოგიერთ ინექციის ერთ შეკვრაში ათი დოზაა, მაგრამ ვადა ძალიან მალე გასდის. შეკვრის გახსნისთანავე ვურეკავთ მშობლებს და პოლილლინიკაში ვიწვევთ. რამდენიმე საათითაც მაინც თუ გადავაცდენთ ვადას, გამგე მთელი ყუთის გადაგდებას მოითხოვს. ჩვენ კი გვლანძღავენ იმის გამო, რომ სახელმწიფოს ზიანს ვაყენებთ”.
ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, უბნის ექიმი მშობლების დაყოლიებას ცდილობენ, მაგრამ თუ ვერ ითანხმებენ, უარის წერილის დაწერას ითხოვენ ხოლმე. ავადმყოფობენ თუ არა აცრილი ბავშვები? თურმე ავადმყოფობენ, მაგრამ – იშვიათად.
“აგერ მთელი ოჯახი დაავადდა ქუნთრუშით, – ჩაერთო საუბარში მედდა, – ოთხი ბავშვი. ყველა დაავადდა და საავადმყოფოში მოხვდა. მათი მშობლები კი რელიგიური ადამიანები არიან. დედას აი, ასე აქვს სახე დაფარული, – თქვა მან და ხელის მტევნის კიდე ცხვირის ფუძეზე მიიდო, – თურმე რელიგია უკრძალავთ აცრას. უკვე დავიღალე ყველასთან რეკვით. უარს ამბობენ. ჰოდა ჩვენც ვურჩევთ, უარის განცხადება დაწერონ”.
ასეთ შემთხვევაში, პაციენტის ბარათში რაიმე სხვა დაავადებას წერენ. ექიმის თქმით, მათ ნამდვილი დიაგნოზის დასმის უფლებას არ აძლევენ, რადგან “ოფიციალური ვერსიით”, ყველა აცრილი უნდა იყოს. როგორც ჩანს, სწორედ ეს არ იძლევა საშუალებას, გავარკვიოთ, თუ რამდენი ადამიანი დაავადდა აცრაზე უარის თქმით. ასეთი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს.
ვაქცინების ხარისხზე რესპუბლიკის მთავარი პედიატრი, ნასიბ გულიევი აგებს პასუხს: “აზერბაიჯანში შემოსული ვაქცინები არაფრით განსხვავდება ამავე დანიშნულების მქონე იმ პრეპარატებისგან, რომლებიც სხვა ქვეყნებში შედის. მსოფლიოში სულ სამი-ოთხი კომპანია აწარმოებს ვაქცინებს და ყველა ამ საწარმოს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია აკონტროლებს. ექსპერტულ-ტექნიკურ ჯგუფში შემავალი სპეციალისტები ვაქცინის შემადგენლობასა და მომზადების პროცესს აკონტროლებენ. რის შემდეგაც ამ კომპანიების მიერ წარმოებულ ვაქცინებს მთელ მსოფლიოს აწვდიან.
ამ ვაქცინებს ბელგიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ინდოეთიდან, რუსეთიდან და დანიიდან ვიღებთ. “ზოგიერთს მიაჩნია, რომ ინდური ვაქცინები ევროპულზე უფრო სახიფათოა, – ამბობს ექიმი, – ეს ასე არ არის. ეს ვაქცინები, პირველ რიგში, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ლიცენზიებს იღებს. ეს ჭორები კერძო კლინიკების მოგონილია. სახელმწიფო მოსახლეობას უფასო ვაქცინებით უზრუნველყოფს. კერძო კლინიკებს კი თავად ჩამოაქვთ და ამიტომაც ღირს ასე ძვირი ის პრეპარატები, რომლებიც მათ აქვთ”.
დავუჯეროთ თუ არა მეცნიერებს?
ზაურ ორუჯევი – თერაპევტ-ჰეპათოლოგი და “ფეისბუკის” სამედიცინო-საკონსულტაციო ჯგუფის მოდერატორი:
“ჯენერს მის სიცოცხლეშივე დასცინოდნენ. მასზე კარიკატურებს ხატავდნენ – რქიან და ჩლიქებიან ადამიანებს გამოსახავდნენ და ამით გულისხმობდნენ იმას, რომ აცრის შემდეგ ადამიანი ძროხად გადაიქცევა. იგივე ხდება ახლაც – ყვითელ პრესაში ხშირად ჩნდება ამ თემაზე შექმნილი სასაცილო სურათები და არასამეცნიერო სტატიები. აცრების დაცინვის მიზნით, სპეციალური წიგნებიც კი იწერება. ამასთან, ხშირად არა რომელიმე კონკრეტულ ვაქცინას, არამედ, ზოგადად, ვაქცინაციის პრინციპს დასცინიან ხოლმე.
უცნაურია, როგორ მოიპოვა აცრების საწინააღმდეგო მოძრაობამ ასეთი პოპულარობა – ისე, რომ საერთოდ არ გამოუყენებია სერიოზული სამეცნიერო კვლევები. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ იყენებენ ფუნდამენტურ სამეცნიერო ნაშრომებს, უნდა აღინიშნოს, რომ მათი გამტარებელი ოფიციალური კვლევები უბრალოდ არ არსებობს.
კიდევ ერთი რამ მაოცებს – აცრების მოწინააღმდეგე აქტივისტები ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ სამეცნიერო წრეებში ვაქცინაციის შესახებ დავობენ. სინამდვილეში სამეცნიერო წრეებში, უკვე დიდი ხანია, დასრულებულია კამათი ვაქცინაციის აუცილებლობისა და სქემების შესახებ. უკვე დიდი ხანია, ყველა დარწმუნდა, რომ ვაქცინაცია ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ჩემი ნაცნობი ყველა ექიმი ვაქცინაციას იტარებს და არც საკუთარ შვილებსა და ახლობლებს ტოვებს აცრის გარეშე. ნამდვილად სასტიკად ჟღერს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ რაც არ უნდა ძვირი იყოს ვაქცინაცია, ბავშვის პატარა კუბო კიდევ უფრო ძვირი ჯდება.
დიახ, კარგად ვიცი, რა არგუმენტები აქვთ აცრების მოწინააღმდეგეებს. მაგალითად ამბობენ, რომ ვაქცინები ვერცხლისწყალს შეიცავს და ამ ნივთიერების მოცულობა ნორმას აჭარბებს. უნდა ითქვას, რომ ბევრი სამედიცინო პრეპარატი შეიცავს ვერცხლისწყალს, რომელიც კონსერვანტის როლს ასრულებს. ამას გარდა, არ არსებობს კვლევა, სადაც აღნიშნული იქნება, რომ ეს კომპონენტი მავნებელია და შეგვიძლია შევისწავლოთ პორტალ Pubmed-ის მასალები, რომლებშიც ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი სამედიცინო კვლევაა წარმოდგენილი. მეტიც, ვაქცინების ბევრი მწარმოებელი ითვალისწინებს მომხმარებლის შეშფოთებას და ვერცხლისწყალს საერთოდ აღარ იყენებს. FDA-ს (Food and Drug Аdministration) ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ვერცხლისწყლის გარეშე დამზადებული ვაქცინები გამოდის წარწერით “Mercury free”. და ეს მართლაც მხოლოდ ფარმაცევტების კომერციული სვლაა და სხვა არაფერი
პოპულისტური და არასწორი დასკვნები იმის შესახებ, რომ აცრები აუტიზმს იწვევს, უკვე დიდი ხანია, უარყოფილია სამედიცინო გამოკვლევებით”.