მოსამართლე უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, გამოვა თუ არა ციხიდან სომხეთის ექს-პრეზიდენტი
მოსამართლე ანა დანიბეკიანი სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბირო ოთახში გავიდა. სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი „საკონსტიტუციო წყობის დამხობის“ ბრალდებით დააპატიმრეს.
• საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ექს-პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის საქმეზე
4 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც კოჩარიანის ადვოკატებისა და პროკურატურის მხრიდან სხვადასხვაგვარად არის განმარტებული. ადვოკატების გუნდი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ექს-პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. პროკურორები კი ამტკიცებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში საამისოდ რაიმე საფუძველი არ არსებობს.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატების შუამდგომლობასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას მოსამართლე 17 სექტემბერს გამოაცხადებს.
მოსამართლე ანა დანიბეკიანმა ეს პირველი რიგის საკითხად მიიჩნია. მაგრამ არსებითად, ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლოში 12 სექტემბერს „1 მარტის“ საქმეზე სასამართლო განხილვა დაიწყო.
საუბარია 2008 წლის 1 მარტის საქმეზე, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასობრივი დემონსტრაციის დარბევის დროს 10 ადამიანი დაიღუპა. მოქმედი პრეზიდენტი იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ რობერტ კოჩარიანი იყო, თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, უკვე არჩეული იყო ახალი პრეზიდენტი – სერჟ სარგსიანი.
2018 წლის გაზაფხულზე, „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ იმ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება განაახლა, და ერთ-ერთი პირველი ბრალდებული რობერტ კოჩარიანი გახდა. უკანასკნელი წლის განმავლობაში ის რამდენჯერმე დააპატიმრეს და ისევ გაათავისუფლეს.
ამ საქმეში რობერტ კოჩარიანთან ერთად, „საკონსტიტუციო წყობის დამხობის“ მუხლით, ფიგურირებენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი სეირან ოგანიანი და გენერალური შტაბის ექს-ხელმძღვანელი იური ხაჩატუროვი. სომხეთის ყოფილ ვიცე-პრემიერ არმენ გევორგიანს ბრალად საკონსტიტუციო წყობის დამხობის ხელშეწყობა ედება.
• სომხეთის ექს-პრეზიდენტმა მოქმედი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სარჩელზე უარი განაცხადა. რატომ?
რა საკითხს განიხილავს კონკრეტულად სასამართლო
„1 მარტის“ საქმის გამოძიების დაწყებამდე სასამართლომ რობერტ კოჩარიანის ადვოკატების შუამდგომლობის – ექს-პრეზიდენტის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ მსჯელობა დაიწყო.
კოჩარიანის დამცველთა გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და ექს-პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვდა.
მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ 35-ე მუხლი კონსტიტუციას არღვევს, კერძოდ კი, 27- მუხლს, რომელიც ყველა ყოფილ პრეზიდენტს პირადი თავისუფლების გარანტიას აძლევს.
სომხეთის კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი თავისი უფლებამოსილების ვადის დროს და მის შემდეგაც არ შეიძლება სისხლის სამართლის დევნას დაექვემდებაროს და მას პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ ქმედებებისთვის, რაც მისი სტატუსით არის განპირობებული.
ბრალდება კარდინალურად სხვა აზრისაა, და ამტკიცებს, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კოჩარიანის ქმედებები მისი სტატუსიდან არ გამომდინარეობდა.
დაძაბული სიტუაცია სასამართლო დარბაზში და შენობის წინ
სასამართლოს სხდომას საქმეში ბრალდებული ყველა პირი ესწრებოდა. სხვათა შორის, მათ შორის პატიმრობაში მხოლოდ რობერტ კოჩარიანი იმყოფება.
მან სასამართლო სხდომის დროს თქვა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდება აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას. ამავდროულად, ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთის ისტორიაში ეს ყველაზე სამარცხვინო სისხლის სამართლის საქმეა:
„ამ წლის განმავლობაში ჩემი უფლებები ბევრჯერ დაირღვა. ეს პერსონიფიცირებული საქმეა, ის პოლიტიკური დევნის ელემენტს შეიცავს, და ყველაფერი კეთდება ერთი ადამიანის მიმართ, რომელიც ყარაბაღსა და სომხეთში პრეზიდენტი იყო. მე ერთ რამეს მივხვდი: პროკურატურისთვის კანონი პლასტელინივითაა – როგორც სურთ, ისეთ კომენტარებს აკეთებენ“.
სასამართლოს შენობის წინ, უკვე ტრადიციულად, კოჩარიანის ასობით მხარდამჭერი და მოწინააღმდეგე შეიკრიბა. და მათ, როგორც ყოველთვის, პოლიციის კორდონი ყოფდა. ერთი ჯგუფი სამართლიან განხილვას და კოჩარიანის გათავისუფლებას მოითხოვდა. მეორე კი იმის მტკიცებას აგრძელებდა, რომ ექს-პრეზიდენტი დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს.
კოჩარიანის მომხრეები ასევე მიიჩნევენ, რომ ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე შეთითხნილია და მას პოლიტიკური კონტექსტი აქვს.
რა ედება ბრალად ექს-პრეზიდენტს
2018 წლის ივლისში რობერტ კოჩარიანს 2008 წლის „1 მარტის“ საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წყობის დამხობის ბრალდება წარედგინა.
საქმე 2008 წლის 19 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხება.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, გამარჯვებულად სერჟ სარგსიანი გამოაცხადა. მაგრამ სომხეთის ოპოზიციამ, რომელსაც სათავეში პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი ედგა, რომელიც ერთ-ერთი კანდიდატი იყო, საპროტესტო აქციები გამართა. ოპოზიციონერები ტერ-პეტროსიანის გამარჯვებაში დარწმუნებულები იყვნენ და არჩევნების შედეგების გადახედვას მოითხოვდნენ.
დემონსტრაციის დარბევის დროს სამხედრო იარაღი გამოიყენეს, დაიღუპა 10 ადამიანი.
ქვეყნის პრეზიდენტი იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ რობერტ კოჩარიანი იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით არჩეულ სერჟ სარგსიანს უფლებამოსილების აღსრულება ჯერ დაწყებული არ ჰქონდა. ამიტომ, ახლა დემონსტრაციის მკაცრად დარბევა ბრალად კოჩარიანს ედება.
„1 მარტის“ საქმეზე გამოძიება სომხეთის 2018 წლის „ხავერდოვან“ რევოლუციამდე ერთი ადგილიდან არ იძვროდა. ახალმა ხელისუფლებამ, რევოლუციის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით, ამ საქმეს ხელი მალევე მოჰკიდა.
2018 წლის 28 ივლისს ექს-პრეზიდენტი ამ საქმეზე პირველად დააპატიმრეს. თუმცა, ორ კვირაში ის გაათავისუფლეს.
სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის მიერ მისი დაკავების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო. გათავისუფლების საფუძვლად კონსტიტუციის ის მუხლი იქცა, რომელიც რობერტ კოჩარიანის, როგორც ყოფილი პრეზიდენტის, ხელშეუხებლობას ეხებოდა.
კოჩარიანმა საპატიმრო საკანი 2018 წლის აგვისტოში დატოვა.
2018 წლის 7 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ ექს-პრეზიდენტის ხელმეორედ დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოიტანა.
იმ დღიდან სომხეთის მეორე პრეზიდენტი 2019 წლის 18 მაისამდე ისევ ციხეში იმყოფებოდა.
ამ დღეს, კოჩარიანის ადვოკატების მიერ მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე დაყენებული შუამდგომლობის განხილვის შემდეგ მოსამართლე დავიდ გრიგორიანმა მისი პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება გამოიტანა. მან გაითვალისწინა მთიანი ყარაბაღის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების – ბაკო სააკიანისა და არკადი გუსაკიანის შუამდგომლობა. ისინი სასამართლოს სთხოვდნენ, რომ კოჩარიანისთვის აღმკვეთი ღონისძიება მათი თავმდებით შეეცვალა, და გაეთვალისწინებინა კოჩარიანის ღვაწლი „ორი სომხური რესპუბლიკის შექმნის საქმეში, ასევე ყარაბაღის ომსა და სომხური ჯარის შექმნაში შეტანილი მისი უდიდესი წვლილი“.
თუმცა, 2019 წლის თებერვლიდან კოჩარიანის წინააღმდეგ კიდევ ერთი ბრალდებაა წარდგენილი – в получении взятки в 927 миллионов драмов [около $3 млн.]. ამის შესახებ მეწარმე სილვა ამბარცუმიანმა განაცხადა.
კოჩარიანმა განაცხადა, რომ მეორე საქმე მასზე იმისთვის არის აღძრული, რომ მისი ქონება დაყადაღდეს. საკონსტიტუციო წყობის დამხობის საქმე, ქონების კონფისკაციის სახით, დამატებით სანქციას არ ითვალისწინებს – მაგრამ, სავარაუდო ქრთამის აღების საქმის შემთხვევაში, ეს შესაძლებელია.
ბოლოს რობერტ კოჩარიანი 25 ივლისს დააპატიმრეს.
ექს-პრეზიდენტი მის წინააღმდეგ წაყენებულ არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს და მათ პოლიტიკურ დაკვეთად და სომხეთის ახლანდელი ხელისუფლების მხრიდან ვენდეტად მიიჩნევს.
რატომ არის 2008 წლის 1 მარტის მოვლენები ასეთი მნიშვნელოვანი პრემიერი ფაშინიანისთვის
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მძვინვარე ოპოზიციონერი იყო. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის პრეზიდენტ ლევონ ტერ-პეტროსიანის ინტერესებს წარმოადგენდა.
ფაშინიანი აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, რომლებიც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. 1 მარტს, დემონსტრაციის დარბევის შემდეგ ის, მასობრივი არეულობების მოწყობის ბრალდების გამო, წელიწადითა და ოთხი თვით იატაკქვეშეთში გაუჩინარდა.
2010 წლის 1 ივლისს ფაშინიანი ნებაყოფლობით გამოცხადდა პროკურატურაში, ის დააპატიმრეს და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
წელიწადისა და 11 თვის შემდეგ მას სომხეთის დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ამნისტია შეეხო.
უფლებადაცმველები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მაშინ ეს ნაბიჯი იძულებით, საერთაშორისო სტრუქტურების ზეწოლით გადადგა.
რობერტ კოჩარიანმა ღიად და არაერთხელ განაცხადა, რომ სომხეთის ახალი ხელისუფლების კატეგორიული მოწინააღმდეგეა.