ბაქოში კაფე დახურეს და მისი მფლობელები კომუნისტურ და სომხურ პროპაგანდაში დაადანაშაულეს
ბაქოს ხელისუფლებამ სასამრთლოს გადაწყვეტილების გარეშე დახურა ქალაქის ცენტრში მდებარე კაფე „26“ და მისი ავეჯი და სხვა ქონება პოლიციის დახმარებით გაიტანა. ამის მიზეზად იქცა კაფეს დასახელება – ხელისუფლებამ კაფეს სახელწოდებაში 26 ბაქოელი კომისრის სახელობის ყოფილი ბაღის სახელზე მინიშნება ამოიკითხა.
26 ბაქოელი კომისარი, ბოლშევიკი სომხის სტეპან შაუმიანის მეთაურობით, საბჭოთა პროპაგანდის ერთ–ერთ კერპს წარმოადგენდა. ბაქოს კომუნა ხელისუფლების სათავეში დაახლოებით 100 დღეს იმყოფებოდა – 1918 წლის აპრილიდან ივლისამდე. 1918 წლის სექტემბერში ბაქოში თურქულ–აზერბაიჯანული ჯარის შესვლის შემდეგ კომისრები კასპიის ზღვის გავლით ბორნით გაიქცნენ კრასნოვოდსკში (ახლანდელი ქალაქი თურქმენბაში), თუმცა იქ ისინი ბოლშევიკების მტრებმა, ესერებმა დახვრიტეს. 26 ბაქოელ კომისარს ეძღვნებოდა პოემები, ფილმები, მათი სახელებს საბჭოთა ქალაქებში ქუჩებს არქმევდნენ (მოსკოვში ასეთი ქუჩა დღემდე არსებობს). აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ კომისრების ცხედრები ბაქოში გადმოასვენეს და ქალაქის ცენტრში დაკრძალეს, იქვე აღიმართა პანთეონიც, და ბაღს 26 კომისრის სახელი ეწოდა.
8 სექტემბერს ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ჰაჯიბალა აბუთალიბოვი ბაქოს ქალაქის პოლიციის დეპრატამენტის ხელმძღვანელის მოადგილის გენერალ–მაიორი საჰლაბ ბაგიროვის თანხლებით კაფე „26“- მივიდა და სასამართლოს რაიმე გადაწყვეტილების გარეშე, კარის დალუქვისა და ავეჯის გატანის განკარგულება გასცეს. კაფე მდებარეობდა „საჰილის“ პარკში (ყოფილი სახელწოდება „ 26 კომისრის სახელობის პარკი“), მწერალთა კავშირის შენობის პირველ სართულზე.
ამ დარბევას წინ უძღოდა ზოგიერთ ინტერნეტ–გამოცემასა და ტელეარხზე გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს კაფეს ეს სახელწოდება 26 კომისრის საპატივცემულოდ დაერქვა.
„მკვლელების ხელის შემწყობები, რომლებმაც აზერბაიჯანელების გენოციდი მოაწყვეს, სამწუხაროდ, დღემდე ცოცხლები არიან. ამის კვლადაკვალ მწერალთა კავშირის შენობის ფასადზე ახლახან გაჩნდა ციფრი „26“ და ინგლისურ ენაზე წარწერა “Twenty six“. დაე, სომხების ხელის შემწყობებმა, რომლებიც თავიანთ ისტორიას ცუდად იცნობენ, იცოდნენ, რომ ვიდრე აზერბაიჯანელი ხალხი ცოცხალია, ჩვენს მიწაზე სომხების ადგილი არ არის“, – უთხრა აბუთალიბოვმა სააგენტო АПА–ს.
ბუთალიბოვის განცხადებას კაფეს დახურვა მოჰყვა, წარწერა „26“ – „Twenty six“ მოიხსნა, ხოლო კაფეს ქონება შენობიდან გაიტანეს. შენობის დამქირავებელი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.
დახურვამდე ერთი დღით ადრე, კაფეს მეპატრონე რამინ მამედოვი ტელეარხ „ხაზართან“ ინტერვიუში ამბობდა, რომ კაფეს სახელი არავითარ კავშირში არ არის 26 ბაქოელ კომისართან. „26 რიცხვი ჩემთვის ძალიან ბედნიერია. 26 წლის ვარ, 26 რიცხვში ვარ დაბადებული, ჩემი მანქანის ნომერი 026-ია, და ჩვენი კაფეც 26 ნომერ სახლში მდებარეობს. როგორც ხედავთ, ინეტრიერში კომუნიზმის პროპაგანდაზე არაფერი არ მიუთითებს“.
სოციალური ქსელების მომხმარებლები ამ შემთხვევას აქტიურად განიხილავენ. უმეტესობას მიაჩნია, რომ ქალაქის ხელისუფლების მოქმედებები გაუმართლებელია. მოგვყავს ფეისბუკის მომხმარებლების რამდენიმე ციტატა.
„თუკი კანონი კაფეს ფუნქციონირების უფლებას აძლევს, მაშინ მისი დახურვის უფლება არავითარ მერს არ აქვს; სხვა შემთხვევაში, ის მერი კი არა, მეფეა“.
“რიცხვი 26 საერთოდ ყველგან უნდა აიკრძალოს. როგორც 4-იანი იაპონიაში. არ შეიძლება. არსად. ცათამბჯენ შენობებში 26-ე სართული უნდა ამოიღონ, კალენდრიდან უნდა გააქრონ, ყველა ამ დღეს დაბადებული ანათემას გადასცენ. ჰაჯიბალას სიტყვების შემდეგ ცოტა მრცხვენია კიდეც, რომ ჩემი ერთ–ერთი ბებია 26 რიცხვშია დაბადებული. მეორე ბებია პოლიტიკურად უფრო განათლებული იყო, და ამიტომ დედაჩემი 27-ში გაჩნდა“.
“ჰაჯიბალას, მგონი დაავიწყდა, რომ ჩვენ 26 ივნისს ეროვნული ჯარის დღე გვაქვს. ხოლო პირველი ლედის დაბადების დღე – 26 აგვისტოსაა!“
“თბილისის ცენტრში არის კფე “КГБ“. არ მგონია, რომ ქართველები საბჭოთა ხელისუფლებამ ჩვენზე ნაკლებად დააზარალა, თუმცა ამ კაფეს დაკეტვა არც არავის უფიქრია“.
„აბუთალიბოვი ამბობს, რომ სომხების ადგილი აზერბაიჯანში არ არის? აბა, ჰეიდარ ალიევის დანაპირებს რას უპირებენ – „ყველაზე ფართო ავტონომიის შესახებ“?