ბავშვთა სახლი სამხრეთ ოსეთში, ფილმი
ცხინვალის ობოლთა და მშობლების მეურვეობას მოკლებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატის დირექტორი, როლანდ თედეევი იხსენებს, რომ ომამდე, ბოლო წელს ქურთაში მდებარე ბავშვთა სახლში თერთმეტი ეროვნების აღსაზრდელი ცხოვრობდა. ამ ინტერნატში ბავშვები მთელი საქართველოდან მიჰყავდათ. პირველი ქართულ-ოსური ომის დროს ბავშვთა სახლი გაუქმდა.
ბავშვთა სახლიდან ინტერნატამდე
როლანდ თედეევი:
‘ცხინვალის ობოლ და მშობლების მეურვეობას მოკლებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატმა, ფაქტობრივად, ქურთაში არსებული ბავშვთა სახლისა და იმავე სოფლის სკოლის რუსული სექტორის ბაზაზე დაიწყო ფუნქციონირება. სახელი – ‘ბავშვთა სახლი’ ცუდად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე და ამიტომ ამ დაწესებულებას ‘ობოლ და მშობლების მეურვეობას მოკლებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატი’ ეწოდა. დღეს ჩვენთან 2-დან 17 წლამდე ასაკის 182 ბავშვი სწავლობს.
სრულიად ობოლი ბავშვების გარდა, ჩვენთან სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებიდან გამოსული მოზარდებიც სწავლობენ, რომელთა მშობლებიც თავიანთ უშუალო მოვალეობებს ვერ ასრულებენ. გვყავს ისეთი ბავშვებიც, რომლებიც შორეულ სოფლებში დაიბადნენ და მათი სახლებიდან უახლოეს სკოლამდე ათობით კილომეტრია.’
ინტერნატში ყველაფერია მუდმივი ცხოვრებისა და სწავლისათვის. გაკვეთილების შემდეგ დამატებითი, არჩევითი წრეებიც ფუნქციონირებს – ბავშვებს შეუძლიათ, შეისწავლონ ჭრა-კერვა, ცეკვა, თეატრალური ხელოვნება, საგუნდო მუსიკა და სიმღერა, დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა, გიტარაზე დაკვრა, მეფუტკრეობა, ფრენბურთი, ჩოგბურთი ან კალათბურთი.
სტაბილური რაოდენობა
როლანდ თედეევი:
‘ინტერნატის დირექტორად 2007 წლიდან ვმუშაობ. ჩვენთან კონტინგენტი არ მცირდება – პირიქით, შეინიშნება ზრდის ტენდენცია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენი აღსაზრდელების რაოდენობა 170-180 ბავშვს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსი 150 ადგილზეა გათვლილი, ეს მაჩვენებელი 170-ზე ქვემოთ არ ჩამოდის. იძულებულნი ვხდებით, ბევრ მსურველს უარი ვუთხრათ. დღეს სკოლა-ინტერნატის საკორექციო კლასებში 17 ბავშვი სწავლობს. მთლიანად რესპუბლიკაში ცერებრალური დამბლა და მსგავსი მძიმე დაავადებები 200-ზე მეტ ბავშვს აღენიშნება. ისინი საკუთარ სახლებში იმყოფებიან და სკოლაში არ დადიან.
კომპანია ‘რუსული რკინიგზის’ მხარდაჭერის წყალობით, ინტერნატს საოფისე ინვენტარის შეძენა აღარ ესაჭიროება. დაახლოებით ერთი წლის წინათ, კომპიუტერული კლასის, ლინგაფონური კაბინეტის მოწყობის მიზნით (ასევე მულტიმედიური პროექტორის შესაძენად), რუსეთის რკინიგზამ 450 ათასი რუბლი გამოყო.
ცნობილი სპორტსმენი და საზოგადო მოღვაწე, ჯამბულათ თედეევი ინტერნატს ულიმიტო ინტერნეტის დავალიანებას უხდის.
როლანდ თედეევი:
‘მე დიფერენცირებული სწავლების მომხრე ვარ. კარგი იქნება, თუკი მოსწავლეებს მიმართულებების მიხედვით დავყოფთ – გვექნებოდა ფიზიკა-მათემატიკის, ქიმია-ბიოლოგიის, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და აგროტექნოლოგიების მიმართულებები. 2015 წლიდან X და XI კლასებისათვის ავტომობილის მართვისა და რემონტის გაკვეთილები დავნერგეთ.
დღეს სამხრეთ ოსეთში არ არსებობს კანონი ‘ზრუნვისა და მეურვეობის’ შესახებ და, შესაბამისად, არც ამ სფეროზე პასუხისმგებელი უწყება გვაქვს. ქალაქ ცხინვალის ადმინისტრაციაში ფუნქციონირებს არასრულწლოვანი ბავშვების მეურვეობისა და მათზე მზრუნველობის კომისია, რომელსაც ფაქტობრივად არ აქვს უფლება, რომ უყურადღებო, დაუდევარ მშობლებს მშობლის უფლებები ჩამოართვას და მათი შვილები ინტერნატში გაამწესოს.’
გასულ წელს თოთხმეტი წლის გოგონამ (ინტერნატის აღსაზრდელმა) თავად მიმართა დირექტორს თხოვნით, მისი დედისთვის მშობლის უფლებები ჩამოერთმიათ.
როლანდ თედეევი
‘კარგად ვხვდები, რომ მშობლის უფლების ჩამორთმევა უკიდურესი ზომაა, მაგრამ იმ სიტუაციაში სხვა გზა აღარ მქონდა და, გოგონას დაჟინებული მოთხოვნით, იძულებული გავხდი, იურიდიული პირის სტატუსით მეჩივლა სასამართლოში. დედამისს მართლაც მიეცა გამოსასწორებელი ვადა, მაგრამ – ამაოდ. მას მშობლის უფლება ჩამოერთვა.’
ცხინვალის ინტერნატის დირექტორისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონებები იმ აღსაზრდელებს უკავშირდება, რომლებმაც ეს დაწესებულება იმიტომ დატოვეს, რომ სრულფასოვანი ოჯახების წევრები გახდნენ. როლანდ თედეევმა გაიხსენა და-ძმა მაკიევები, რომლებიც ვლადიკავკაზში მცხოვრებმა ოჯახმა იშვილა. ოქსანა ფიოდოროვა, რომელმაც ძმასთან და დებთან ერთად ახალი დედ-მამა იპოვა (ამ ოჯახზე 2011 წელს ფილმი გადაიღეს), დაიანა, რომელიც მამამისმა შვილად აღიარა.