ახალ კონსტიტუციაში შრომის ზედამხედველობაზე ჩანაწერი არ გაკეთდება
გაზიარება
გაზიარება
საქართველოში შრომის ზედამხედველობის ორგანო აღარ შეიქმნება. მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივა, რომლებიც კონსტიტუციაში სპეციალურ ჩანაწერს ითხოვდნენ. ინიციატივის მიხედვით, სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას შრომის ზედამხედველობის ორგანოს შექმნაზე. აღნიშნული ჩანაწერი საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლო ვარიანტიდან ამოღებულია.
“ხელისუფლება ამ ჩანაწერის ამოღებას მთავრობის ეკონომიკური გუნდის წინააღმდეგობით ხსნის”, – განაცხადა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის წევრია.
არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, შრომითი უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს შექმნისა და კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებისკენ მთავრობას მოუწოდებს სახალხო დამცველიც.
ამ ორგანოს შექმნის აუცილებლობაზე აშკარად მიუთითებს სტატისტიკაც. ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, 2011-15 წლებში საქართველოში 212 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 691 კი დაშავდა.
სამუშაო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დაცვა 2006 წლამდე შრომის დაცვის ინსპექციას ევალებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შრომის კოდექსში ცვლილებები შევიდა, ეს სამსახური გაუქმდა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად საქართველოში კონსტიტუციის შეცვლის პროცესი მიმდინარეობს. დოკუმენტზე სპეციალური საკონსტიტუციო კომისია მუშაობს, რომელმაც ქვეყნის მთავარ კანონში შესატანი ცვლილებები უკვე აპრილის ბოლოს პარლამენტს უნდა გადასცეს განსახილველად.