აჭარის ტელევიზიის 90-მდე თანამშრომელი გაფიცვას აპირებს. რას ითხოვენ ისინი?
საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მასშტაბური გაფიცვა იგეგმება. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 90-მდე თანამშრომელი 21 დღიან ვადას აძლევს ახალ მენეჯმენტს – ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა აღადგინონ სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლები.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ ახალი დირექტორი ხელისუფლების მიერ დანიშნული კადრია, რომლის მიზანი არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.
ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მედიაექსპერტები თანხმდებიან, რომ ხელისუფლება სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში -აჭარაში წინასაარჩევნოდ ლოიალური მედია გარემოს ფორმიორებას ცდილობს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 90-მდე ჟურნალისტი არხის ხელმძღვანელობასთან კოლექტიურ დავას იწყებს და გაფიცვისთვის ემზადება.
• ფეისბუკმა გამოავლინა საქართველოს ხელისუფლების კავშირი ასობით ყალბ გვერდთან და ანგარიშთან
• გახარია – ახალი პრემიერი. რას ნიშნავს ეს? შეფასებები
ალტერნატიული პროფკავშირი, რომელიც აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა იანვარში შექმნეს, ჭარის ტელევიზის ახალ დირექტორს ოთხ მოთხოვნას უყენებს:
1) აღდგეს საშტატო სტატუს კვო. ანუ ახალი დირექტორის მიერ წამოწყებული საშტატო ცვლილებები გაუქმდეს. ეს გულისხმობს საინფორმაციო სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის და მისი მოადგილის მაია მერკვილაძის სამსახურში აღდგენასაც;
2) შემუშავდეს და გაიცეს სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები;
3) დაცულ იქნას შრომითი უფლებები, რომელიც სარედაქციო დამოუკიდებლობასთანაა გადაჯაჭვული: “ადამიანებმა, რომლებიც ქმნიან მაუწყებელს, უნდა იგრძნონ თავი დაცულად,” – ამბობენ ჟურნალისტები.
4) ჩამოყალიბდეს სტრატეგიული ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ იყოს მაუწყებელი მოწყობილი და როგორ უნდა იმართებოდეს.
განცხადება, სადაც ეს ოთხი პუნქტია ჩამოწერილი, ალტერნატიული პროფკავშირების წევრებმა უკვე ჩააბარეს საზოგადოებრივი მაუწყებლის კანცელარიაში.
შრომითი უფლებების შესახებ კანონის თანახმად, პროცედურა ასეთია – უახლოესი 21 დღის განმავლობაში ჟურნალისტებმა და არხის ხელმძღვანელობამ უნდა მოილარარაკონ და მივიდნენ საერთო გადაწყვეტილებამდე. ამ პროცესში მედიატორი იქნება შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო. თუ პროცესი ჩიხში შევიდა და მხარეებმა ვერ მოილაპარაკეს, კანონი ჟურნალისტებს უფლებას აძლევს შრომითი უფლებების დასაცავად ყველაზე რადიკალურ ზომას – გაფიცვას მიმართონ.
ნოემბერში დანიშნულმა ახალმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ საშტატო ცვლილებები ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, თუმცა განსაკუთრებით დრამატული გადაწყვეტილებები ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიიღო – ჯერ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის მაია მერკვილაძის შტატი გააუქმა, შემდეგ კი, დაითხოვა თავად საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი.
ჟურნალისტები ამ საკადრო ცვლილებებს “სპეცოპერაციას” უწოდებენ და ამბობენ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, ტელევიზიაში შექმნილია სტრესული გარემო:
„ადამიანები ვართ შიშით იმის მოლოდინში, რომ თავისუფალ სიტყვას შეგვიზღუდავენ. გვეშინია, რომ სამსახურიდან გაგვიშვებენ. ამას ემატება არაჯანსაღი სამუშაო პირობები,” – წერია განცხადებაში, რომელსაც აჭარის ტელევიზიის კოლექტივი ავრცელებს.
როგორ დაიწყო კრიზისი აჭარის ტელევიზიაში?
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებები 2019 წლის აპრილში დაიწყო.
მაშინ მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტით გადააყენა ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე. კაპანაძეს ამ თანამდებობაზე სამუშაოდ რვა თვე ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ საბჭო ამ ვადის ამოწურვას არ დაელოდა და უნდობლობა გამოუცხადა მას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არხის რეიტინგის ვარდნა იყო.
კაპანაძეს აჭარის ტელევიზიის გუნდის ერთსულოვანი მხარდაჭერა არ ჰქონდა და ბევრი თანამშრომელი მისი მართვის სტილით უკმაყოფილო იყო, თუმცა მისი რვა თვით ადრე, იმპიჩმენტით გათავისუფლება ბევრმა იმთავითვე უარყოფით სიგნალად აღიქვა:
„თვალს ვადევნებ ამბების განვითარებას, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ნათია კაპანაძის მიმართ არსებულ უკმაყოფილებას ეხება. იმედია, მაუწყებელი გააგრძელებს თავისი მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებას და მისი დამოუკიდებლობა იქნება შენარჩუნებული“, – დაწერა მაშინ ტვიტერზე ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირმა.
I follow developments surrounding a complaint against Ms. Natia Kapanadze, Director of public broadcaster Adjara TV and Radio in #Georgia. I hope that the broadcaster will continue to fulfil its important public service mandate, and that its independence will be maintained.
— OSCE media freedom (@OSCE_RFoM) April 18, 2019
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ დირექტორად 2019 წლის ნოემბერში, კონკურსის გამოცხადების მეოთხე ცდაზე, მრჩეველთა საბჭომ გიორგი კოხრეიძე აირჩია.
ახალი დირექტორის არჩევის ჩახლართული და გაწელილი პროცესი ბევრ ეჭვსა და კითხვის ნიშანს ბადებდა. საბოლოოდ კოხრეიძე ხუთწევრიანი საბჭოს სამმა წევრმა აირჩია. სამივე მათგანი ამ საბჭოში მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” კვოტიტ არჩეულები არიან და “ქართული ოცნების” ინტერესებს წარმოადგენენ.
არხზე მოსვლისთანავე, ახალმა დირექტორმა პირდაპირ დააფიქსირა თავისი აზრი, რომ არც თუ ისე კმაყოფილია არხის მუშაობით და მისი სარედაქციო პოლიტიკით.
მაგალითად, ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტები “ყოველთვის საფრთხეებზე კივიან და წივიან”.
მეორე მაგალითი: აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას, გიორგი კოხრეიძეს დაუსვეს კითხვა სახელისუფლებო გუნდის წევრების აშკარა აგრესიაზე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ. კოხრეიძემ ეს ფაქტი თავად ჟურნალისტების პრობლემად მიიჩნია. მან თქვა, რომ არხმა ისეთი კომფორტული სიტუაცია უნდა შეუქმნას სახელისუფლებო პარტიის წევრ სტუმარს, რომ მას ეთერში მოსვლა სურდეს, ხოლო მაუწყებელი მისი აზრით ამ კომფორტს არ უზრუნველყოფს.
თებერვლის დასაწყისში არხი დატოვა დირექტორის პირველმა მოადგილემ ნათია ზოიძემ.
“ჩემი გადადგომა არ არის ნებაყოფლობითი,” – თქვა მან წასვლის დროს.
ზოიძე მას შემდეგ გადადგა, რაც ახალმა დირექტორმა მისი შრომითი ხელშეკრულება შეცვალა – კონტრაქტით ზოიძეს სარედაქციო პოლიტიკის მართვა, თანამშრომლების საქმიანობის კონტროლი და სხვა მმართველობითი ფუნქციები ევალებოდა. ახალმა დირექტორმა კი მას საქმედ მხოლოდ „სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პერიოდული ანალიზი და ანგარიშების შედგენა/წარდგენა“ დაუტოვა.
მანამდე, კოხრეიძის არჩევისთანავე, აჭარის ტელევიზიიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს ასევე ავტორიტეტულმა ჟურნალისტებმა ზვიად ქორიძემ და მარინა ვაშაყმაძემ, რომლებიც ამ არხზე კონსულტანტებად მუშაობდნენ.
კოხრეიძის ტელევიზიის დირექტორად არჩევა შეფასდა, როგორც „ოცნების“ პოლიტიკის გამტარებელი პირის მოსვლა აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტში.
„საბოლოო ჯამში „ქართულმა ოცნებამ“ გადაიფორმა აჭარის ტელევიზია… ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც მიდის იქეთკენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლებას ჰქონდეს რაც შეიძლება ძლიერი მედია დაფარვა საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის,” – ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მკვლევარი, მალხაზ ჭკადუა.
მმართველ გუნდს აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც”. ქარტია თავის განცხადებაში ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მაუწყებლის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა და არ დაუშვას თუნდაც ერთი თანამშრომლის დათხოვნა.
„ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ ხელმძღვანელის ნათია კუპრაშვილის თქმით, პროცესები, რომელიც აჭარის ტელევიზიაში ვითარდება, არ არის ერთი ადამიანის გადაწყვეტილება.
„მიამიტური იქნება ფიქრი იმაზე, რომ ეს არ არის დაგეგმილი პროცესი“, – აღნიშნავს კუპრაშვილი.
როგორი სატელევიზიო მედიაგარემოთი ხვდება საქართველო არჩევნებს?
საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საკმაოდ კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე.
ნათია ზოიძის წასვლა ამ წერილში „პოლიტიკურ ზეწოლადაა“ შეაფასებული, ხოლო ზოგადად საქართველოში მედიაში არსებული მდგომაფრეობაზე საუბრისას აღნიშნულია, რომ “საქართველოში მზარდია პოლიტიკური ზეწოლა მედიაზე” და “მთავრობის მოკავშირეები სულ უფრო მეტ კონტროლს იღებენ კრიტიკულ, ან დამოუკიდებელ მედიაზე”.
საქართველოში მოსახლეობის 70 პროცენტი ინფორმაციას ტელევიზიით იღებს, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ სატელევიზიო სივრცეში არსებული მდგომარეობა.
მით უფრო, რომ სულ რაღაც რვა თვეში საქართველოში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია, რომლებიც გადაწყვეტს, ვინ მართავს ქვეყანას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლების მედია პოლიტიკა უფრო ხისტი გახდა.
რუსთავი 2-ის გარშემო 2019 წლის მეორე ნახევარში განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს მედია ლანდშაფტი საქართველოში.
“რუსთავი 2”-მა, რომელიც მანამდე ყველაზე პოპულარული ოპოზიციური არხი იყო, რადიკალურად შეცვალა თავისი სარედაქციო პოლიტიკა მას შემდეგ, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხელისუფლების მიერ ლოიალუირად განწყობილი ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის ხელში გადავიდა.
მფლობელის შეცვლის შემდეგ არხი თითქმის ყველა წამყვანმა პროდიუსერმა, ჟურნალისტმა და ტელე-სახემ დატოვა. რუსთავი 2-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ახალი ოპოზიციური არხი – “მთავარი” შექმნა და რუსთავი 2-დან წასული თანამშრომლების ნაწილი დაასაქმა. მეორე ნაწილი კი, კიდევ ერთ ახალ ოპოზიციურ არხზე “ფორმულაზე” მუშაობს.
დღეს თითქმის ყველა ოპოზიციური ტელეკომპანიის მფლობელის, დირექტორის თუ პროდიუსერის წინააღმდეგ ან სისხლის სამართლებრივი საქმეებია აღძრული ან მათ შ0გადაშიგ პროკურატურაში მოწმის სახით იბარებენ მრავალსაათიან გამოკითხვებზე.
ტელეკომპანია “მთავარის” გენერალურ დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, ასევე უთვალთვალებენ მისი ოჯახის წევრებს; ამავე ტელეკომპანიის მთავარი მეწილე გიორგი რურუა დაკავებულია იარაღის უკანონო ტარება-შენახვისთვის; ტელეკომპანია პირველის მფლობელის, ვახტანგ წერეთლის მამა, 70 წლის ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი თიბისის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია და ბოლო თვეებია მუდმივად იბარებენ პროკურატურაში.
კიდევ ერთი ახალი ტელეკომპანიის, “ფორმულას” დირექტორი, ამ ტელეკომპანიის ეთერში გასვლის დღესვე, 1 ოქტომბერს დაიბარეს პროკურატურაში და ცხრა საათის განმავლობაში კითხავდნენ “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით.