აფხაზეთი, ანგოლა, ბანგლადეში
აფხაზეთში უკვე 6 თვეა არსებობს კანონი “სახელმწიფოს მიერ დედისა და ჯერ არდაბადებული ბავშვის სიცოცხლის დაცვის შესახებ”, უფრო მარტივად თუ ვიტყვით – აბორტი აკრძალულია.
თავის დროზე ამ კანონს მხარი 26-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი მხოლოდ 3 იყო.
1. აბორტის საჭიროება სამედიცინო მაჩვენებლის შესაბამისად
‘კანონის განხილვის პროცესში მკვეთრ განცხადებებს ვაკეთებდი და სათანადო სამედიცინო დიაგნოზის შემთხვევებში აბორტის გაკეთების ლეგალიზაციას ვითხოვდი. კანონში ამ პუნქტის შეტანას ყველა ექიმი ელოდა, რადგან ეს ნაყოფის გავითარების ისეთ პრობლემებთააა დაკავშირებული, რაც საბოლოოდ ან დაბადებისთანავე ბავშვის სიკვდილს ან მისი შესაძლებლობების უკიდურესად შეზღუდვას იწვევს.ზოგჯერ დედის სიცოცხლესაც ექმნება საფრთხე. სხვა ქვეყნების გამოცდილება იმის მტკიცების საფუძველს გვაძლევს, რომ აბორტების სრულ აკრძალვას უარყოფითი შედეგი აქვს. ამას პირველივე წელი გვიჩვენებს’, – ამბობს ექიმი-გინეკოლოგი ილონა აგრბა-კობახია.
იგივე მოსაზრება აქვთ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროშიც, სადაც კანონის განხილვის პროცესში დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ აბორტი აუცილებელია იმ შემთხვევაში, როდესაც დედის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
2. ფულადი დახმარება უფრო შედეგიანი იქნებოდა
‘ორი შვილის დედა ვარ. მე და ჩემი მეუღლე მესამე შვილის გაჩენასაც ვგეგმავთ, მაგრამ ეს ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან სახელწიფო არ გვეხმარება. მრავალშვილიანი ოჯახები შემწეობას, საცხოვრებელ ფართს საჭიროებენ. ამ კანონის მიღებამდე ბევრი რამ უნდა გაკეთებულიყო. ჩემი აზრით, ეს შუა საუკუეების კანონია’, – ამბობს სოხუმის მკვიდრი კრისტინა ბაზბა.
ამ მოსაზრებას მხარს უჭერს აფხაზეთის პრეზიდენტის საპარლამენტო წარმომადგენელი დმიტრი შამბა. მისი თქმით, უბრალო ამკრძალავი ზომებით მიზნის (შობადობის ზრდის) მიღწევა შეუძლებელია. ‘ამის მისაღწევად კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ერთდროულად რამდენიმე სოციალური პრობლემა უნდა გადაწყდეს’, – ამბობს შამბა.
3. აკრძალვის უაზრობა
თავად აკრძალვის ფაქტი ვერაფერს წყვეტს. ის ქალები, რომლებმაც აბორტის გაკეთება გადაწყვიტეს, ამ შეზღუდვას ადვილად აუვლიან გვერდს რუსეთში, სადაც ეს ოპერაცია ლეგალურია. ‘მათ, ვისაც აბორტის გაკეთება სურს, რუსეთისკენ მიმავალი გზა ხსნილი აქვთ’, – ამბობს სოციალური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, აპოლონ გურგულია.
ექიმი-გინეკოლოგი ილონა აგრბა-კობახია აღნიშნავს, რომ სახლის პირობებში აბორტის გაკეთების უამრავი მეთოდი არსებობს. ‘ტექნიკურად ყველაფერი ძალიან მარტივია და ამისათვის სამ დღე და ხუთი აბია საჭირო. რისკი მინიმალურია, საჭირო აბები კი თავისუფლად იყიდება. დღეს აფხაზეთში აბორტის საუკეთესო პროფილაქტიკა სწორად შერჩეული კონტრაცეფციაა’.
ასლან აგრბა, ორი შვილის მამა: ‘ის, ვისაც აბორტის გაკეთება სურს, ამის გასაკეთებლად უამრავ საშუალებას გამონახავს. აბორტის აკრძალვა, ან მისი ლეგალიზაცია მთავარი არ არის. თუკი წყვილმა გადაწყვიტა, რომ ბავშვის გაჩენა არ უნდა, კანონი ვერ დააკავებს’.
4. სხვათა გამოცდილება
გასულ წელს რუსეთის ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, არასამედიცინო მიზეზით აბორტის გაკეთება სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა გამოცხადებულიყო. უნდა აღინიშოს, რომ რუსეთში ყოველწლიურად 5-8 მილიონი აბორტი კეთდება.
მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამო, 2013 წელს საქართველოს პარლამენტში აბორტების აკრძალვასთან დაკავშირებით წინადადება შევიდა. თუმცა, ამ ინიციატივამ საზოგადოებაში დაპირისპირება გამოიწვია და ის უარყვეს. დღეს საქართველოში აბორტი მხოლოდ 12 კვირამდე ორსულობის პერიოდშია დაშვებული.
JAM-news-ის დოსიე
• ყოველწლიურად აფხაზეთში დაახლოებით 2050 ბავშვი იბადება.
• აფხაზეთში წელიწადში 800-ზე მეტი აბორტი კეთდება.
• მთლიანობაში, გამოდის, რომ აბორტებისა და შობადობისა შეფარდება არის 1:2,5.
• მსოფლიოში ორსულობების დაახლოებით 21 პროცენტი ხელოვნურად წყდება. აბორტების 25% დედის სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკების გამო კეთდება, 12 % კი _ ნაყოფის განვითარებასთან დაკავშირებული ანომალიების გამო.
• აბორტების სრული აკრძალვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებით აფაზეთი ისეთი ქვეყნების სიაში მოხვდა, როგორებიცაა: ანგოლა, ავღანეთი, ბანგლადეში, ვენესუელა, გვატემალა, ჰონდურასი, ეგვიპტე, ინდონეზია, ერაყი, ირანი, ირლანდია, იემენი, კოლუმბია, ლიბანი, ლიბია, მავრიტანია, მალი, ნეპალი, ნიკარაგუა, გაერთიანებული საემიროები, ომანი, პარაგვაი, პაპუა-ახალი გვინეა, სალვადორი, სირია, ჩილე და ფილიპინები.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ავტორის ტერმინოლოგია მის პოზიციას გადმოსცემს და, შესაძლოა, რედაქციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს