აფხაზ ჩინოვნიკებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობა აუკრძალეს
აფხაზეთის ხელმძღვანელი სტრუქტურების თანამშრომლებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ მოგზაურობაში მონაწილეობა ეკრძალებათ. სხვა სიტყვებით, მათ, ვინც აფხაზეთში გადაწყვეტილებების მიღებაში, ასე თუ ისე, მონაწილეობს, ეკრძალებათ იმ საერთაშორისო შეხვედრებზე დასწრება, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის ორგანიზებული.
ეს გადაწყვეტილება აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო, და ამის შესახებ განცხადება მათ ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. მთლიანობაში კაბინეტმა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ამგვარი რეგულაციების შთამბეჭდავი ჩამონათვალი შეიმუშავა – ვებგვერდზე გამოქვეყნებულია 100-ზე მეტი შეტყობინება.
მათ რიცხვში არის კიდევ ერთი დავალება ყველა უწყებისთვის, რომელიც აფხაზეთის სამოქალაქო აქტიურობას ეხება – უწყებებმა „აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის თაობაზე უნდა მოახსენონ (მინისტრთა კაბინეტს)“.
აფხაზეთში ამგვარი შეზღუდვა პირველად მიიღეს. JAMnews-მა ამ გადაწყვეტილების შესახებ კომენტარის გაკეთება თავად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და იურისტებს სთხოვა.
რას ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციებში
აფხაზეთის ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის დირექტორი ლიანა კვარჩელია მიიჩნევს, რომ თავისთავად მინისტრთა კაბინეტის მხრიდან დიდი რაოდენობით განკარგულებების გაჩენა, შესაძლოა, ახალი ხელისუფლების მხრიდან დისციპლინის ამაღლებისა და უწყებებს დაქვემდებარებული სტრუქტურების უკეთ გაკონტროლების სურვილზე მიუთითებდეს.
მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ საზღვარგარეთ მოგზაურობებში ჩინოვნიკების მონაწილეობის აკრძალვა „კითხვებს აჩენს“, – ამბობს ის.
„განკარგულებაში ნათქვამი რომ იყოს, რომ ჩინოვნიკებმა ყველა მოგზაურობა მინისტრთა კაბინეტთან უნდა შეათანხმონ – ამაში ნეგატიურს ვერაფერს დავინახავდი. ეს ნორმალურია, ჩინოვნიკმა საკუთარი ქმედებები ზემდგომ ხელმძღვანელობასთან უნდა შეათანხმოს.
მაგრამ, როდესაც ლაპარაკია ყოველგვარი პირობის გარეშე აკრძალვაზე – ამგვარ ფორმულირებას არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვად აღვიქვამ.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ განკარგულების მიზანი არა საკუთრივ აკრძალვაა, არამედ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ გარკვეული დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვა.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ოფიციალური პირების მონაწილეობა კი არ უნდა აიკრძალოს, არამედ უნდა შეთანხმდეს.თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა გარკვევა, თუ რამდენად მიზანშეწონილია ეს მოგზაურობა, როგორია მონაწილეობის ფორმატი.
მართლაც, ამ მომენტების უგულებელყოფამ – საერთაშორისო შეხვედრაში აფხაზეთისთვის მიუღებელ ფორმატში ოფიციალური პირების გაუაზრებელმა მონაწილეობამ, შესაძლოა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აფხაზეთისთვის არახელსაყრელი ინტერპრეტაცია შეიძინოს. თუმცა, ფატალური არც ეს არის.
სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული პროცესების საშუალებით მიუწვდებათ ხელი ოფიციალურ პირებს იმ მნიშვნელოვან საერთაშორისო სივრეცეებზე , რომლებიც, ჩვეულებრივ, დასავლეთის ქვეყნების მიერ არაღიარებული სახელმწიფოებისა და ოფიციალური პირებისთვის დაკეტილია ხოლმე.
ხოლო აფხაზეთის ინტერესების გასატარებლად მნიშვნელოვანია, რომ აფხაზური ინტერესები ოფიციალური წარმომდგენლების მიერ გახმოვანდეს.
ჩემი აზრით, ახალ პრემიერს ეს კარგად ესმის, რადგან უახლოეს წარსულში თავად მეთაურობდა სავაჭრო-სამრეწველო პალატას – ეს ხომ აფხაზეთის ყველაზე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციაა. რამდენადაც ვიცი, აფხაზეთის ოფიციალური პირების მონაწილეობით მოგზაურობების ორგანიზება მათ არაერთხელ გაუკეთებიათ. და ასეთი განკარგულების წაკითხვა მით უფრო უცნაური იყო“.
ლიანა კვარჩელიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ ახლა მიიღეს, საკუთრივ ეს პროცესი ახალი არ არის. ბოლო წლებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის დეპუტატებისგან განსხვავებით, უარს აცხადებდნენ ევროპაში ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის მონაწილეობით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე, თუმცა ჯერ არავითარი ფორმალური აკრძალვები არ არსებობდა.
„მაინც ვიმედოვნებ, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალი ხელმძღვანელობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის უფრო გახსნილი იქნება“, – უთხრა JAMnews-ს ლიანა კვარჩელიამ”.
ჩინოვნიკების უფლებების დარღვევა
კომენტარები JAMnews-ისთვის იურისტისგან, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.
„იურიდიული თვალსაზრისით, აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების თანამშრომლებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ მოგზაურობებში მონაწილეობის აკრძალვა – თვითნებური და არამოტივირებული გადაწყვეტილებაა, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან მთლიანობაში პიროვნების თავისუფლებას ზღუდავს.
ეს გადაწყვეტილება არამხოლოდ გადაადგილების უფლებას ზღუდავს, არამედ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთერთობის უფლებასაც, მათ შორის – საზოგადოებრივი მნიშვნელოვნების კუთხითაც.
თავისი სხვა განკარგულებით – აფხაზეთში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ მოხსენების თაობაზე – მინისტრთა კაბინეტის მეთაური მთელ საერთაშორისო და აფხაზურ სამოქალაქო საზოგადოებას უნდობლობას უცხადებს. ამავდროულად, ის ივიწყებს მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარულ წვლილსაც”.
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომელთაგან ვინმე აღშფოთდეს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. ამიტომ, აქ პრეზიდენტი უნდა ჩაერიოს. მას, როგორც ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციის დაცვის გარანტს, შეუძლია, რომ ეს განკარგულება გააუქმოს“.
სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრებები
სოციალურ ქსელებში დისკუსია ეს-ესაა დაიწყო, მოგვყავს ორი სახასიათო კომენტარი:
„ეს ბრძანებულება კონკრეტული ჩინოვნიკებისთვის არის მიღებული, დანარჩენი – მხოლოდ ფონია“.
„როდესაც საქართველო ჩვენი შვილების ან სპორტული გუნდების საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობას ხელს უშლის – ჩვენ გადაადგილების უფლების, განვითარების და სხვა დარღვევებზე ვლაპარაკობთ. ახლა კი თავადვე დავიწყეთ აკრძალვა. იზოლაცია – ერთი უბედურებაა, თვითიზოლაციას კი უკვე მარაზმის სუნი ასდის“.
პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები, აზრები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ JAMnews–ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს. JAMnews უფლებას იტოვებს, წაშალოს პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად შეფასდება