ანქვაბის დაბრუნება. აფხაზეთი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება
აფხაზეთში გამალებით მიმდინარეობს იმ საინიციატივო ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია, რომლებიც შემდეგ დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას შეძლებენ 12 მარტის საპარლამენტო არჩევნებში.
მოცემულ მომენტში ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა დაარეგისტრირა 104 საინიციატივო ჯგუფი და 2 პოლიტიკური პარტია: “ამცახარა” და “აინარი”. იმ ჯგუფებს, რომლებსაც ამ სიაში სურთ მოხვედრა, სულ ცოტა დრო დარჩათ – 10 თებერვლამდე.
ოლქების მითითებით, უკვე დარეგისტრირებული კანდიდატების დაწვრილებითი სია სააგენტო “აფსნიპრესმა” გამოაქვეყნა.
საზოგადოებაში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სოხუმის № 3 ოლქმა, სადაც კანდიდატთა შორის ფიგურირებს ალექსანდრ ანქვაბი – აფხაზეთის უახლესი ისტორიის გახმაურებული ფიგურა.
ალექსანდრ ანქვაბი აფხაზეთის პრეზიდენტად 2011 წლის მაისში აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე საქმიანობა ახალ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შეწყვიტა. 2014 წლის 27 მაისს მრავალათასიანი მიტინგის ზეწოლით, რომელიც პრეზიდენტის სასახლეზე შეტევაში გადაიზარდა, ანქვაბი იძულებული გახდა, გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზისთვის შეეფარებინა თავი, ოთხი დღის შემდეგ კი ოფიციალურად გადამდგარიყო.
ამ დრომდე პოლიტიკოსი მოსკოვში ცხოვრობდა, მის მიერ დეპუტატობის კანდიდატად თავის წარდგენა – 2014 წლის შემდეგ პოლიტიკაში ღიად დაბრუნებაა
JAMnews-ის მიმომხილველისა და რედაქტორის ინალ ხაშიგის კომენტარი
თავიდან, როგორც ყოველთვის, იყო სიტყვა. დედების ჯგუფმა, ვისმა შვილებმაც სამშობლოსთვის თავი დადეს, აფხაზეთის ყოფილ პრეზიდენტს ალექსანდრ ანქვაბს სთხოვა, „დაბრუნებულიყო მშობლიური ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მონაწილეობა მიეღო მომავალ საპარლამენტო არჩევნებში“.
შემდეგ იგივე გააკეთა შემოქმედებითი და სამეცნიერო ინტელიგენციის წარმომადგენელთა ჯგუფმაც.
დედებსა და ინტელიგენციას პოლიტიკოსებიც მიჰყვნენ. ძირითადად, ოპოზიციური განწყობის მქონე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ალქსანდრ ზოლოტინსკოვიჩს ანალოგიური თხოვნით მიმართეს – კენჭი ეყარა პარლამენტში, რადგან, მათი აზრით, ეს ინიციატივა “არამარტო საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების გადალახვას შეუწყობს ხელს, არამედ აფხაზეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივების აქტიურად გატანასაც”.
ხოლო 30 იანვრის თოვლიან ორშაბათს, ადგილობრივი სუბტროპიკული კლიმატისთვის უჩვეულო ნამქერისა და ყინვის გადალახვით, ალქსანდრ ანქვაბის მომხრეთა საინიციატივო ჯგუფი ოფიციალურად დარეგისტრირდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, და ანქვაბი სოხუმის №3 ოლქის დეპუტატობის კანდიდატად წამოაყენა.
ამგვარად, ის აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას უბრუნდება, ოფიციალურად უბრუნდება. და ამაში ეჭვი არავის ეპარება, მით უმეტეს – ამგვარი არტსამზადისის შემდეგ.
სხვათა, შორის, გულწრფელად რომ ითქვას, ანქვაბი ამ აფხაზური პოლიტიკიდან არც წასულა. ხელისუფლებას ჩამოშორებული, მოსკოვში რომ იმყოფებოდა, ეჭვგარეშეა, რომ აფხაზეთის შიდა ვითარებაზე გავლენის მოხდენას ისევ აგრძელებდა. ფაქტობრივად, ფასადაუდებელია ანქვაბის წვლილი იმ ოპოზიციურ ძალთა ბლოკის აქტივობაში, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში დაუღალავად მოითხოვდა პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბას გადადგომას.
მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ მაინც ვერ მიაღწია თავის ხმამაღლა გაცხადებულ მიზანს: ეიძულებინათ რაულ ხაჯიმბა ვადაზე ადრე დაეტოვებინა თანამდებობა.
15 დეკემბრის გახმაურებული სკანდალის, ასევე ხელისუფლებასა და ოპოზიციურ მხარეს შორის მორიგი კონფრონტაციული რაუნდის შემდეგ მხარეები, მართალია – არცთუ საუკეთესოდ, მაგრამ მაინც დაზავდნენ, და ურთიერთკომპრომისულ შეთანხმებამდე მივიდნენ.
აფხაზეთის ხელისუფლების სტრუქტურებში რიგი თანამდებობების დაკავების სანაცვლოდ, ოპოზიციამ, უფრო სწორად, მისმა დიდმა ნაწილმა, ვალდებულება აიღო, აღარ მოეთხოვათ პრეზიდენტის ვადამდელი გადადგომა.
და ახლა ალექსანდრ ზოლოტინსკოვიჩი ამ რეალობაში უნდა ჩაეწეროს. თუ რამდენად მზად არის ის ამისთვის – ეს რიტრიკული კითხვაა.
მე შორს ვარ იმ ილუზიისგან, რომ ანქვაბის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების გადალახვას შეუწყობს ხელს. აფხაზეთში ყველაფერი ისეა მიშვებული, რომ ამ საქმეს თვით ღმერთიც ვერ უშველის.
თუმცა არის ერთი პლუსიც, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით: პოლიტიკურ პროცესში აქტიური მონაწილეობა კულისებსმიღმა მოქმედებას ბევრად ჯობს და უფრო პატიოსანი გზაა.
გარდა ამისა, ანქვაბის დაბრუნება – ეს უფრო ხელისუფლების გამოწვევა კი არაა, რადგან ის მისთვის ნებისმიერი განზომილებით და სტატუსით უარყოფითი ელემენტია; ეს თავად ოპოზიციისთვის არის გამოწვევა, რადგან ახლა სწორედ ოპოზიცია დგება საკუთარი გზის არჩევის პირისპირ.
ბედნიერი წარსულზე, რომელსაც თავად ანქვაბი განსახიერებს, ნოსტალგიური გრძნობების დაუსრულებელი ექსპლუატაცია – ნებისმიერ შემთხვევაში ჩიხია. პირობითი კომუნიზმი, თავისი უკონტროლო ფუფუნებით, აფხაზეთში რუსულ ფულთან ერთად ამოიწურა ჯერ კიდევ ალაექსანდრ ზოლოტინსკოვიჩის პრეზიდენტობის დროს. ეს რომ არ მომხარიყო, ის დღემდე თავის სავრძელში იჯდებოდა.
რევანში, ანუ ანქვაბის სულ მთლად ხელისუფლების სათავეში მოსვლა, ნაკლებად შესაძლებელია. მთელმა ხალხმაც რომ ისურვოს – კონსტიტუციური შეზღუდვები არავის გაუუქმებია. დაბრკოლება გახდება არამარტო ასაკობრივი ზღვარი – შეგახსენებთ, რომ ალქსანდრ ზოლოტინსკოვიჩი 64 წლისაა, არამედ ქვეყანაში ცხოვრების ცენზიც.
რასაკვირველია, ყოფილი პრეზიდენტის ავტორიტეტისა და გავლენის გამოყენებით შესაძლებელია ხელისუფლებაში მის მოყვანილი ადამიანის დანიშვნა. მაგრამ ეს უკვე აფხაზეთის პრეზიდენტი კი არა, ანქვაბის ხელქვეითი იქნება, ამ როლის მთელი თანმხლები უპასუხისმგებლობით.
მაგრამ ოპოზიციას აქვს სხვა გზაც. დავარქვათ მას პირობითად პრაგმატული. აქამდე ოპოზიციური ძალებისა და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების ერთადერთი გამაერთანებელი რგოლი იყო წარსული – 2014 წლის 27 მაისის მოვლენები, რომელთა შედეგადაც ანქვაბმა პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. სხვა რაიმე საერთო იდეა, გარდა ძალისთვის ძალის დაპირისპირებისა, ამ კავშირს სამწუხაროდ არ ამყარებს.
ახლა კი, თუკი 15 დეკემბრის შეთანხმებებს უკუვაგდებთ, გამოდის, რომ ოპოზიციას წინ გახედვის მეტი შანსი გაუჩნდა, ვიდრე უკან ყურების – ანუ იდეების გაჩენის, განვითარების პროგრამების შექმნის, შეთავაზებების, განხილვის, კამათის. და ეს სწორედ ის არის, რაც აფხაზებს ჰაერივით სჭირდებათ.
დიახ, ეს გაცილებით რთულია. ბევრად ადვილია მიტინგზე ხალხის შეგროვება და ხმის ჩახლეჩამდე “გადადექი”-ს ყვირილი. მაგრამ, ამ იდეების ჭიდილის გარეშე, მომავალი არამარტო ოპოზიციას, არამედ თავად აფხაზურ სახელმწიფოებრიობასაც არ აქვს.
იმის პრეცედენტები, როდესაც ხალხი ომს იგებდა, ხოლო ხელისუფლება მიღწეულ მონაპოვარს ანიავებდა, იმის გამო, რომ კონკურენტუნარიანი იდეები არ გააჩნდათ, საკმაოდ ბევრი გვაქვს. რასაკვირველია, ერთხანს კიდევ შეიძლება ჩვენი კერპების პოტრტრეტებით ხელში მწყობრ რიგებად ვიაროთ. მაგრამ რამდენად პროდუქტიული იქნებ ეს? და ეს კითხვა რიტორიკული აღარ არის.
თუმცა, დასაწყისისთვის ალექსანდრ ანქვაბმა ჯერ მარტის საპარლამენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს.
- აფხაზეთის ოპოზიციის ძირითად ბირთვს დღეს შეადგენენ წინა პრეზიდენტის ალექსანდრ ანქვაბის გუნდის ყოფილი ჩინოვნიკები და მისი პოლიტიკის მხარდამჭერი აქტივისტები.
- აფხაზეთის ოპოზიციის გერთიანებულ ბლოკში ოთხი ორგანიზაცია შედის: პარტია “ამცახარა” და საზოგადოებრივი ორგანიზაციები – “აპრა”, “აბზანხარა” და “ქალები პოლიტიკაში”. თითოეული მათგანი ახლანდელი პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვს.
- მას მხარს უჭერს პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო, რომელიც 18 ერთეულისგან შედგება. მათ შორის ყველაზე დიდია “სახალხო ერთობის ფორუმი” და “ერთიანი აფხაზეთი”, ასევე – აფხაზურ-ქართული ომის ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია “არუაა”.