ათი დეტალი, რომელიც მინსკში ჩასულ ბაქოელს გააოცებს
რატომ უყვართ ბაქოელებს მინსკში ჩასვლა? პირველ რიგში, ალბათ უნდა აღინიშნოს, რომ ბელარუსში მოსახვედრად ვიზის აღება არ არის საჭირო და აქ შედარებით დაბალი სამომხმარებლო ფასებია.ზოგიერთი აქაურ პროდუქტებს აქებს და ამბობს, რომ აქ უფრო გემრიელი საჭმელია, ვიდრე ბაქოში. ბევრი აღნიშნავს, რომ „მინსკში წესრიგი სუფევს“. JAMnews ბაქოელებს გაესაუბრა და შეეცადა, გაერკვია, თუ რით განსხვავდება, დამსვენებლის აზრით, ეს ორი ქალაქი.
1. მინსკში ძალიან თავაზიანი ადამიანები ცხოვრობენ. არადსროს მოგეპყრობიან უხეშად რიგში დგომისას. და, სხვათა შორის, ყოველთვის ზუსტად დაგიბრუნებენ ხურდას. იმ შემთხვევაში, თუკი ფულის გადახდა გმართებთ და მცირე თანხა გაკლდებათ, ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ „გაპატიებენ“. ეს გარემოება ძალიან აოცებთ ბაქოელებს, რომლებიც ხურდა ფულის მიმართ ზერელე დამოკიდებულებით გამოირჩევიან.
2. ქალაქის მასშტაბები ყველაზე თვალშისაცემ განსხვავებას წარმოადგენს ბაქოსა და მინსკს შორის. ბაქოს მყუდრო ცენტრისგან განსხვავებით, მინსკი საკმაოდ დიდ სივრცეს იკავებს და აქ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტიდან მეორეში მოსახვედრად დიდხანს სიარული მოგიწევთ. შესაძლოა, სწორედ ფართო გზების გამო გვეჩვენება, რომ მინსკის ცაზე „დაბალი“ ღრუბლები „ცურავენ“. და ეს ძალიან ლამაზია.
3. ქალაქში მრავლადაა კოხტა ველოტრეკები – ისეთივე ველობილიკები, როგორც ჰოლანდიაში. მინსკში ბევრი ველოსიპედისტი მოძრაობს. ზოგიერთი პარკი Segway-ს აქირავებს.
4. ბელარუსის დედაქალაქში წარმოუდგენელი სისუფთავე სუფევს. ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ მიწაზე დაგდებული სიგარეტის ნამწვი იპოვოთ. და ის ნაპოვნი ნამწვიც, სავარაუდოდ, ტურისტის მიერ იქნება დაგდებული.
5. ყველგან საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობის ნიშნები ჩანს. ზოგან საბჭოთა კავშირის მოფრიალე დროშასაც კი გადააწყდებით. აზერბაიჯანში ასეთ სურათს ვერსად ნახავთ.
6. აქ ძალიან ბევრ კერძს ამზადებენ კარტოფილით, რომლებსაც ძვირიან რესტორნებშიც ხშირად შეხვდებით, და იაფიან კაფეებშიც. ამ საჭმელებს სხვადასხვა ტიპის საწებლებთან ერთად მიირთმევენ. ფოტოზე ღორის ხორცით დამზადებული დრანიკებია გამოსახული.
7. მუნიციპალური ტრანსპორტი ბელარუსების სიამაყეს წარმოადგენს. აქ ავტობუსებს, ტრამვაის ვაგონებსა და ტროლეიბუსებს აწარმოებენ. მეტროში ჟეტონებს ხმარობენ (და არა პლასტიკურ ბარათებს. ნოსტალგიის კიდევ ერთ მიზეზს წარმოადგენს ტურნიკეტები, რომლებიც ჯახუნით „კეტავენ“ გასასვლელებს და ხმაურით „იხსნებიან“.
8. სავაჭრო ცენტრები, რომლებიც ბაქოს „მოლებივით“ მდიდრულად არ გამოიყურება, მაგრამ, სამაგიეროდ, უზარმაზარი მასშტაბებით გამოირჩევა. ფოტოზე გამოსახულია მიწისქვეშა სავაჭრო ცენტრი „სტოლიცა“, რომელიც სამ სართულს იკავებს.
9. ბელარუსის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა ძალიან შთამბეჭდავ კონსტრუქციას წარმოადგენს, რომელიც საქალაქო მნიშვნელობის ხარისხით ნამდვილად არ ჩამორჩება ჰეიდარ ალიევის ცენტრს. ეს დაწესებულება 2006 წლიდან მუშაობს.
10. თუკი გამწვანების მასშტაბებზე ვისაუბრებთ, შეგვიძლია, დაბეჯითებით აღვნიშნოთ, რომ „მარმარილოს“ ბაქო ნამდვილად ჩამორჩება მინსკს. აქ ყველგან პარკები და ვრცელი გაზონებია გაშენებული. საკუთრივ ქალაქს კი ტყეები აკრავს. ბაქოელებისთვის კი ასეთი სიმწვანე უბრალოდ ოცნებას წარმოადგენს.