აზერბაიჯანული ნაღმები საქართველოში
თბილისიდან ერთი საათის სავალზე, აზერბაიჯანის საზღვართან, არის შვიდკილომეტრიანი დანაღმული ტერიტორია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ სოფელს, კირაჩ-მუღანლოს ესაზღვრება. აზერბაიჯანული ნაღმები საქართველოში
1991 წელს, ყარაბაღის ომის აქტიური ფაზის დროს, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ეს ტერიტორია სომხური შემოტევისგან თავის დასაცავად დანაღმეს [სომხეთის საზღვარიც აქვე ახლოსაა].
მას შემდეგ 28 წელი გავიდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ტერიტორიას ნაღმებისგან ვერ წმენდს, რადგან ამის წინააღმდეგი აზერბაიჯანია.
საქართველოს ტერიტორიაზე დღეს ტანკსაწინააღმდეგო, ქვეითსაწინააღმდეგო და ჯგუფსაწინააღმდეგო ათასზე მეტი აზერბაიჯანული ნაღმია.
ამ წლების განმავლობაში აქ 18 ინციდენტი მოხდა – სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ეს ადგილი დღემდე საფრთხეს უქმნის სოფელ კირაჩ-მუღანლოში, კაჩაგანსა და თეკალში მცხოვრებ 4 ათასზე მეტ საქართველოს მოქალაქეს. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც კიდურები დაკარგეს მშობლიურ სოფელში ნაღმზე აფეთქების დროს.
_______________________________
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი კირაჩ-მუღანლო თბილისიდან 60 კილომეტრითაა დაშორებული. 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის თანახმად, აქ ათას 200 ადამიანი ცხოვრობს, ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები.
კირაჩ-მუღანლოდან რამდენიმე მეტრში აზერბაიჯანი იწყება – სოფელს მთელს პერიმეტრზე მიუყვება რკინის მესერი, რომელიც ორ ქვეყანას ჰყოფს. სწორედ ამ მესრის გასწვრივ, საქართველოს მხარეს, შვიდი კილომეტრი სიგრძისა და დაახლოებით 100 მეტრი სიგანის დანაღმული ზოლი იჭიმება.
დანაღმული ტერიტორია სოფლის საძოვრებს ესაზღვრება; ის არც შემოღობილია და არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშნებია დამონტაჟებული – ადამიანი, რომელიც ამ სოფელში სტუმრად ჩამოვა და გადაწყვეტს მინდორ-ველებისკენ გაისეირნოს, თავისუფლად შეიძლება ნაღმზე აფეთქდეს.
65 წლის მამიშ მუსაევის სახლი სოფლის განაპირასაა. მამიშს დიდი სახლი აქვს, მოვლილი, სუფთა ეზოთი – ბევრი ცხვარი და საქონელი ჰყავს. სახლთან ახლოს, იქვე, შემოღობილ ტერიტორიაზე ქათმები და ინდაურები საკვებს კენკავენ. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მამიშის ოჯახს არ უჭირს.
მიწაც ბლომად აქვს, მაგრამ ვერ ამუშავებს – სოფლის ამ ნაწილში წყალი არ არის. წყალს სახლიდან 600 მეტრში მდებარე წყაროდან ავზებით ეზიდებიან.
“ნაღმები უფრო ახლოს გვაქვს – 500 მეტრიც არ იქნება”, – ღიმილით ამბობს მამიშის ცოლი, რომელიც პლედში გახვეულ შვილთაშვილს ეზოში ასეირნებს.
მუსაევები იმ რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ, როდესაც მათი თანასოფლელები ნაღმზე აფეთქდნენ და დაიღუპნენ.
“ყველამ ყველაფერი იცის, – მშვიდად საუბრობს მამიში, – პოლიციამაც იცის, გამგეობაშიც იციან, მაგრამ ეგენი რას იზამენ?! ეს საკითხი ზემოთ უნდა გადაწყდეს”.
ეს ალბათ ის იშვიათი ინფორმაციაა, რომელიც იცის მარნეულის გამგეობამ და არ იცის “გუგლმა”. ცნობას იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებობს ტერიტორია, რომელიც უცხო ქვეყანას აქვს დანაღმული, ქართულენოვან მედიარესურსებზე ვერ მივაკვლიეთ.
2013 წელს მედიამ გააშუქა კირაჩ-მუღანლოში 25 წლის სარჰან მუსაევის ნაღმზე აფეთქების შემთხვევა. თუმცა, საიდან მოხვდა ნაღმი სოფელში, რომელიც არც კონფლიქტისპირა ტერიტორიაა და არც მტერ სახელმწიფოს ესაზღვრება, ამაზე არც ერთი უფლებამოსილი პირი ჟურნალისტებთან არ საუბრობს. ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო ამ ინციდენტზე ასე წერს:
“ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. ჯერჯერობით გაურკვეველია, საიდან გაჩნდა ამ რაიონში ნაღმი”.
ვინ დადო ნაღმები?
ნაღმები სოფელ კირაჩ-მუღანლოსთან 1991 წელს გაჩნდა. ეს ტერიტორია რომ თავის დროზე აზერბაიჯანმა დანაღმა, ამას ჩვენთან საუბარში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ისა სადიგოვიც არ უარყოფს.
მთიანი ყარაბაღის გამო 1987 წელს დაწყებულმა, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე სისხლიანმა კონფლიქტმა, 1991 წელს ახალი ძალით იფეთქა. აზერბაიჯანმა, რომელიც პოზიციებს კარგავდა, წითელ ხიდთან საზღვრის დანაღმვა გადაწყვიტა, რადგან წითელი ხიდიდან სულ რაღაც 6 კილომეტრში სომხეთის საზღვარი გადის. ამგვარად აზერბაიჯანმა საქართველოს მხრიდან სომხური სამხედრო ძალისა თუ ცალკეული ადამიანების შემოსვლისგან თავი დაიცვა.
ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში სამოქალქო ომია, თბილისში ტანკები დგანან, ყველა მეორე სახლში იარაღი ინახება და ნაღმებს საახალწლო შუშხუნებივით აფეთქებენ.
“1991 წელს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არა თუ საზღვრებს, დედაქალაქის ცენტრსაც ვერ აკონტროლებდა, აზერბაიჯანის გადაწვეტილება, ასე დაეცვა საკუთარი საზღვარი, გამართლებულიც კი იყო”, – ამბობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ აგლაძე.
თუმცა, დღეს საქართველო აღარ არის ქაოსში ჩაფლული ქვეყანა, რომელიც საკუთარ საზღვრებზე პასუხს ვერ აგებს.
მაშ, რატომ რჩება აქ სხვა ქვეყნის მიერ ჩადებული ნაღმები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას?
დასახიჩრებული ადამიანები
სოფელ კაჩაგანში ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, სარჰან მუსაევის სახლს ყველა მიგასწავლით.
ეზოში შევდივართ და ვეძახით. კარიდან თავი ფრთხილად გამოყო კაცმა დანაოჭებული შუბლითა და შავი, დაუვარცხნელი თმით. თვალებს ისე ჭუტავს, თითქოს მზის შუქი დიდი ხანია არ უნახავს.
ზუსტად ხუთი წლის წინ, 2013 წლის 2 აპრილს, სარჰანი მეზობელ სოფელში – კირაჩ-მუღანლოში მეგობართან სტუმრად წავიდა. საღამოს მეგობარს დაკარგული ძროხის მოსაძებნად გაჰყვა და ფეხი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმს დააბიჯა. სარჰანი 25 წლის იყო, როდესაც მარცხენა კიდურის გარეშე დარჩა.
“ზოგჯერ ტკივილებიც მაქვს, მაგრამ ძალიან – არა, ვუძლებ. არ ეგონათ რომ გადავრჩებოდი, ბევრი სისხლი დავკარგე”, – ამბობს სარჰანი.
სახელმწიფო, რომელსაც თავის ტერიტორიაზე მოსაზღვრე ქვეყნის ნაღმები უდევს, ფეხის გარეშე დარჩენილ მოქალაქეს 100 ლარიან პენსიას უხდის. სხვა დახმარებას ის და მისი ოჯახი არ იღებს. იმის გამო, რაც სარჰანს შეემთხვა, არც არავინ დასჯილა.
სოფელ კირაჩ-მუღანლოს მკვიდრი, სარჰან მამედოვი ორ ქვეყანას შორის ჩუმი და ბუნდოვანი შეთანხმების კიდევ ერთი მსხვერპლია – 12 წლის იყო, როდესაც სახლიდან 700 მეტრში, მინდორში მეგობრებთან ერთად თამაშობდა და რაღაც რკინა იპოვა.
ბავშვმა უცნაური ნივთი სახლში მიიტანა, სადაც ის ჩხირკედელაობის დროს ხელში აუფეთქდა. რკინა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის ამფეთქი აღმოჩნდა.
სარჰანი ახლა 29 წლისაა და მარჯვენა ხელს სრულფასოვნად ვერ ხმარობს
“დამირეკეს და მითხრეს, რომ საქართველოში აზერბაიჯანული ტანკი შემოვიდა”
“აზერბაიჯანს რომ ჩვენი ტერიტორია აქვს დანაღმული, შემთხვევით გავიგე, – ჰყვება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც ვინაობის გასაჯაროება არ სურს, – ერთ დილას მირეკავენ და მეუბნებიან, რომ საქართველოში აზერბაიჯანული ტანკი შემოვიდა. მეგონა, რომ მომესმა. მერე აღმოვაჩინე, რომ ასეთი რამე, თურმე ხშირად ხდება”.
JAMnews-ის წყარო, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, ჰყვება, რომ საქართველოს ტერიტორიის ამ მონაკვეთს ფაქტობრივად აზერბაიჯანი განკარგავს. წყარომ დაადასტურა, რომ ამ ტერიტორიის განაღმვის წინააღმდეგი სწორედ აზერბაიჯანული მხარეა:
“დრო და დრო აზერბაიჯანის მხრიდან გადმოდიან და ამოწმებენ ნაღმებს. როდესაც საქმეში ჩავიხედე და ვიკითხე, თავის მხარეს რატომ არ აქვთ დანაღმული-მეთქი, მითხრეს, რომ სამშვიდობო პროცესში აღებული ვალდებულებების თანახმად, ამის უფლება არ აქვთ, ამიტომაც ჩვენს ტერიტორიას იყენებენ, ჩვენ კი ამაზე თვალს ვხუჭავთ”.
აზერბაიჯანული მძიმე ტექნიკის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის ფაქტს ადასტურებენ ბრიტანული გამნაღმველი ორგანიზაციის HALO TRUST-ის წარმომადგენლებიც.
2015 წლის 6 ივლისს HALO TRUST-მა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ჰუმანიტარული განაღმვის სამუშაოების მაკოორდინირებელი ორგანოსგან, სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი “დელტასგან” მიიღო წითელ ხიდზე ტექნიკური მოკვლევის სამუშაოების ჩატარების ნებართვა. ეს ნებართვა ნაღმური ველის ფართობის და იქ არსებული ნაღმების ტიპების დადგენას გულისხმობდა. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებული ამ ნებართვის მიუხედავად , HALO TRUST-ი იძულებული გახდა, განაღმვის სამუშაოების დაწყება შეეჩერებინა.
HALO TRUST-ის პროგრამის მენეჯერი ირაკლი ჭითანავა ასეთ ისტორიას ჰყვება:
“როგორც კი ნებართვა ავიღეთ, იმავე თვეს ჩვენ დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები, განვალაგეთ განაღმვის ჯგუფი და უკვე აგვისტოში, როგორც კი მივუახლოვდით უშუალოდ დანაღმულ ველს, საზღვრიდან სადღაც 50 მეტრში, ამ დროს ვხედავთ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ გამოიყვანა მძიმე ტექნიკა, ჯარისკაცები და ტერიტორიის დატოვება მოგვთხოვა. ამ მომენტში იქ ჩვენთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროს და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. იძულებული გავხდით, დაგვეტოვებინა ტერიტორია” – ამბობს ჭითანავა.
მისი თქმით, სოფელ კირაჩ-მუღანლოში ნაღმები არა მარტო სასაზღვრო ზოლთან, არამედ საზღვრიდან თითქმის ერთ კილომეტრშიც არის ნაპოვნი:
“2016 წელს ადგილობრივი მოსახლე დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ბილიკზე, სადაც საქონელს მიერეკებოდა, ნაღმი იპოვა. ჩვენ შევატყობინეთ სასაზღვრო პოლიციას და ის ერთი ნაღმი ამოიღეს. შემდეგ ვითხოვდით ამ ტერიტორიის დათვალიერების და გაწმენდის უფლებას, მაგრამ უარი გვითხრეს. ეს ადგილი სასაზღვრო ზოლიდან 800 მეტრითაა დაშორებული,” – ამბობს ჭითანავა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო HALO TRUST-ისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში აღნიშნავს, რომ სამუშაოები შეჩერდეს შემდგომი გადაწვეტილების მიღებამდე. წერილში არ არის დასაბუთებული უარის მიზეზი. თუმცა, ბრიტანული ორგანიზაციის თანამშრომლებთან პირად საუბრებში ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს საკითხი ჯერ აზერბაიჯანულ მხარესთან უნდა განიხილონ.
ისტორიები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დრო და დრო გადმოდიან საზღვარზე, კირაჩ-მუღანლოში ადგილობრივი მოსახლეებისგანაც მოვისმინეთ.
“მარტო მე კი არ მინახავს. ჰკითხეთ სოფელში ვისაც გინდათ, – ამბობს მამიში, – ზოგჯერ ჩვენი ცხვარი და საქონელიც მიჰყავთ. ერთხელ 35 ცხვარი მომპარეს. ქართველ მესაზღვრეებთან, პოლიციასთანაც ვიჩივლე, მაგრამ არავინ დამიბრუნა”.
ზეწოლა საქართველოზე?
JAMnews-მა დეტალების გარკვევა აზერბაიჯანშიც სცადა. ისა სადიგოვი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ 1992 წელს მუშაობდა. ის ამბობს, რომ სასაზღვრო ზოლთან ნაღმების განლაგების სპეციალური რუკა აზერბაიჯანის უშიშროების სამინისტროში ინახება:
“აზერბაიჯანის თანხმობის და მონაწილეობის გარეშე ამ ტერიტორიის ნაღმებისგან გათავისუფლება საქართველოს არ შეუძლია. სწორედ აზერბაიჯანულმა მხარემ უნდა მიიღოს მონაწილეობა განაღმვის პროცესში, რადგან რუკა აზერბაიჯანს აქვს”,- ამბობს ის.
თუმცა, HALO TRUST-ში ამბობენ, რომ რუკის არქონა შემაფერხებელი ფაქტორი არ არის, რადგან დანაღმული ტერიტორიის რუკა მათ უკვე თავადაც შეადგინეს და ქართული მხარის თანხმობის შემთხვევაში მზად არიან სამუშაოები დაიწყონ.
“საერთო ჯამში 2,2 მილიონი კვადრატული მეტრია დანაღმული, რომლის გაწმენდას დაახლოებით ორი-სამი წელი და 3 მილიონი დოლარი სჭირდება. საქართველოს მთავრობის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ სხვადასხვა დონორებს და შევეცდებით ვიპოვოთ შესაბამისი დაფინანსება იაპონიის და აშშ-ს და საქართველოს სხვა მეგობარი ქვეყნების მთავრობებისგან”, – ამბობს ჭითანავა.
ისა სადიგოვი ვარაუდობს, რომ აზერბაიჯანი ზეწოლას ახდენს საქართველოზე:
“ეს დანაღმული ზოლი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობის საგანია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დემარკაცია არ არის დასრულებული და მათ სადაო ტერიტორიები აქვთ. შესაძლოა, აზერბაიჯანი იყენებს ამ ფაქტს, რომ საქართველოზე ზეწოლა მოახდინოს”, – ამბობს სადიგოვი [აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ყველაზე მწვავე ტერიტორიული დავის საგანია დავით გარეჯის კომპლექსის ერთი მონაკვეთი_JAMnews]
“რაც უნდა იყოს, ნაღმების არსებობა ტერიტორიაზე, რომელიც დასახლებულ პუნქტებს ესაზღვრება, არაადამიანური გადაწყვეტილებაა”, – აღნიშნავს იგი.
სამხედრო ექსპერტი ზურაბ აგლაძე დარწმუნებულია, რომ დანაღმული ველის არსებობა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა:
“აზერბაიჯანი საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა. სავარაუდოდ, საქართველო რაღაცის სანაცვლოდ ანგარიშს უწევს მას და ამიტომ არ ჩქარობს ამ ტერიტორიის განაღმვას”.
“თუმცა, არის მეორე მხარეც, – ამბობს აგლაძე, – თუ ეს ტერიტორია არ არის მონიშნული და ეს ნაღმები საშიშია ადამიანებისთვის, მაშინ იკვეთება სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობა – სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საკუთარი მოქალაქეები”.
მისი თქმით, მას არ გაუგია სხვა შემთხვევა, რომ ერთ ქვეყანას მეორე – მეგობარი ქვეყნის ტერიტორია დაენაღმოს.
სტრატეგიული პარტნიორი
CRRC-ის მიერ 2017 წლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის მთავარ მეგობრად აშშ-ს შემდეგ სწორედ აზერბაიჯანს (და უკრაინას) ასახელებს.
აზერბაიჯანი დღეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი მეზობელი და პარტნიორია. ამ ქვეყანასთან საქართველოს ბევრი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტი აკავშირებს. აზერბაიჯანული ენერგორესურსები საქართველოსთვის რუსულის ალტერნატივად იქცა და ქვეყანა რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლად აქცია. გარდა ამისა, აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
აზერბაიჯანული თემი საქართველოში ყველაზე დიდ ეთნიკური უმცირესობაა. საქართველოში 223 ათასი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 6 პროცენტზე მეტია (2014 წლის მოსახლეობის აღწერა). მათი დიდი ნაწილი კომპაქტურად არის დასახლებული ქვეყნის აღმოსავლეთით – ქვემო ქართლის რეგიონში.
თუმცა, ბოლო ერთი წელია, მას შემდეგ, რაც თბილისიდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი, დამკვირვებლები საქართველო-აზერბაიჯანის არათანაბარ და საქართველოსთვის საზიანო ურთიერთობებზე საუბრობენ.
ოპოზიციონერი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ თბილისიდან მის გატაცებაში ქართველი სამართალდამცავები მონაწილეობდნენ. სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო საზოგადოების დიდი ყურადღების მიუხედავად, საქართველომ ამ დრომდე არ გამოიძია მუხტარლის გაუჩინარების ინციდენტი. ამით ქვეყანამ, რომელიც რეგიონში “დემოკრატიის შუქურად” ითვლება, მნიშვნელოვნად დაიზიანა საკუთარი იმიჯი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანი მომავალშიც შეეცდება ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე, თბილისს კი, მდიდარი მეზობლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ძალა არ ჰყოფნის.
_______________________________
27 წლის განმავლობაში სოფელ კირაჩ-მუღანლოში ნაღმებთან თანაცხოვრება ისწავლეს.
წვიმამ, თოვლმა და ქარებმა წლების წინ მიწაში ჩაფლული ნაღმების ნაწილი გააშიშვლა. მათ იოლად პოულობენ ადგილობრივი მეცხვარეები და მწყემსები, რომლებიც ყოველდღე დანაღმულ ველთან ახლოს დადიან.
ზამთარში უფრო ადვილია, ზაფხულში კი, როცა იქაურობა მწვანე ბალახით იფარება, მწყემსები უფრო ფრთხილები არიან.
“მწყემსები ნაღმს რომ იპოვიან, გვერდით დიდ ქვას დებენ, რომ ეს ადგილი მონიშნონ. რამდენჯერ საქონელი აფეთქდა – ზრდი, შრომობ, წვალობ და ამხელა ზარალი”, – ამბობს კირაჩ-მუღანლოელი შამშირ მამედოვი.
“სად უნდა ვიჩივლოთ? ძნელია ასე ცხოვრება. ბავშვი სახლში რომ დაიგვიანებს, მშობლებს პირველ რიგში იმის შიში აქვთ, დანაღმული ველისკენ ხომ არ წავიდა – გეგონება, ომში ვიყოთ”, – ამბობს შამშირი.
**სტატიის მომზადების დროს JAMnews-ი კომენტარისთვის დაუკავშირდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ სახელმწიფო საზღვრის დემილიტაციისა და დემარკაციის კომისიას და შს სასაზღვრო პოლიციას. სამივე უწყებიდან მივიღეთ ზეპირი პასუხი, რომ ეს საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.
ავტორი: სოფო ბუკია, JAMnews-ის რედაქტორი საქართველოში