ზელენსკი: "აზერბაიჯანი და უკრაინა ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ"
ბაქოში თავის ვიზიტის დროს ვლადიმირ ზელენსკიმ აზერბაიჯანს მადლობა გადაუხადა „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ცნობისა და მხარდაჭერის გამო“, ილჰამ ალიევს კი ამ თემაზე არაფერი უთქვამს. უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა ბაქოში 7 დეკემბერს შედგა. ეს ვალდიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია ბაქოში.
• თაფლობის თვე აზერბაიჯანი-რუსეთის ურთიერთობაში
• უკრაინა სუფთა ფურცლიდან იწყებს?
შეხვედრის შედეგები: მადლობა და ვითანამშრომლებთ
„გვინდა, აზერბაიჯანის მიმართ მადლიერება გამოვხატოთ უკრაინის მხარდაჭერისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის. გთხოვთ, იცოდეთ, რომ ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – ციტირებს ვებ-გვერდი President.az ალიევთან პირისპირ შეხვედრისას ზელენსკის მიერ ნათქვამ სიტყვებს.
ამავდროულად ამ შეხვედრაზე ალიევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით (ანუ ყირიმისა და დონბასის შესახებ) არაფერი უთქვამს. ყოველ შემთხვევაში, ღია წყაროებში მისი მსგავსი გამონათქვამები არ არის.
მხარეები შეთანხმდნენ , რომ კიევი აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანიის SOCAR-ის უკრაინის ნავთობის ბაზარზე მუშაობას, ასევე – გაზსადენის ბაქო-თბილისი- ერზრუმი პროექტს მხარს დაუჭერს.
გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, უკრაინა და აზერბაიჯანი ორმხრივი საავიაციო, საავტომობილო და სარკინიგზო გადაზიდვების გააქტიურებას აპირებენ და დაინტერესებულები არიან კოსმოსის და ავიაციის დარგში პროექტების განვითარებით.
„საერთო უბედურება“ ანუ „სწორად მოიქეცი, რომ გაჩუმდი“
ზელენსკი აზერბაიჯანში ილჰამ ალიევის მიწვევით ჩავიდა. მაგრამ ამ შეხვედრის წინ კვლევითი ცენტრის „ატლასის“ ხელმძღვანელი ელჰან შაჰინოღლი საზოგადოების ყურადღების მიქცევას იმისკენ ცდილობდა, რომ აზერბაიჯანი სამხრეთი კავკასიის პირველი ქვეყანა გახდა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ჩავიდა. შაჰინოღლის თვალსაზრისით, ეს ტყუილად არ მომხდარა:
„ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთი ის, რომ უკრაინასა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა უფრო აქტიურია, ვიდრე საქართველოსა და სომხეთთან. აზერბაიჯანსა და უკრაინას ასევე საერთო უბედურება აერთიანებთ. მთიანი ყარაბაღისა და დონბასის პრობლემებს შორის არსებითი სხვაობა არ არის“.
პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ სოციალური ქსელების ბევრი მომხმარებელი ყურადღებას ამახვილებდა, რომ ილჰამ ალიევს ღიად არ განუცხადებია, რომ ყირიმი და დონბასი რუსეთის მიერ ოკუპირებულია. სხვებმა მიიჩნიეს, რომ მას ეს არ უნდა გაეკეთებინა, რადგან აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, და ეს სრულიად საკმარისია, ხოლო ამგვარმა ხმამაღალმა განცხადებებმა, შესაძლოა, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთერთობა გააფუჭოს.
ზოგიერთი კომენტარი:
„თუკი აზერბაიჯანი დონბასისა და ყირიმის შესახებ დუმს, მაშინ ნუ ეწყინება, თუკი სხვა ქვეყნები ყარაბაღის შესახებ დუმან“;
„ოფიციალური ბაქო ყირიმს ყველა დოკუმენტში უკრაინის ტერიტორიად აღიარებს. კიდევ რა პრეტენზიები უნდა არსებობდეს?“;
„რუსეთის მიერ ყირიმისა და დონბასის ოკუპაციის შესახებ განცხადება – კუდზე ფეხის დაბიჯებაა ცოცხალი და არცთუ ადეკვატური დრაკონისთვის, რომლის თბილ უბეშიც ვცხოვრობთ“.