ადამიანი ზაფხულში უნდა დაქორწინდეს
ლენქორანის [სამხრეთი აზერბაიჯანის ერთ-ერთი რეგიონის] სოფლებში ცდილობენ, ქორწილები ზამთრისთვის არ დაგეგმონ, იმიტომ რომ ადგილობრივების დიდი ნაწილის ნათესავები რუსეთში ცხოვრობენ. მათთვის უფრო მარტივია ზაფხულში, არდადეგებისა და შვებულების პერიოდში ჩამოსვლა. ამას გარდა, წელიწადის ამ დროს ხილ-ბოსტნეულიც უფრო იაფია.
რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ზამთარში მეტისმეტად ცივა იმისთვის, რათა სუფრა ღია ცის ქვეშ გაიშალოს; ქორწილის რესტორანში გადახდა კი შეუძლებელია ერთი მარტივი მიზეზის გამო – სოფელში რესტორნები არ არის.
ქორწილი, რომლის შესახებაც გიამბობთ, სამხრეთ აზერბაიჯანში, ლენქორანის რაიონის სოფელ ბადალანში გაიმართა.
არა, ეს საქორწინო კერძი არ არის. აზერბაიჯანულ ქორწილს ბევრი რიტუალი უძღვის წინ: განსაზღვრული წესით ეცნობიან ერთმანეთს, ქორწინებაზე თანხმობას აცხადებენ და დღესასწაულებსა და ნიშნობაზე საჩუქრებს ჩუქნიან ერთმანეთს – ზოგჯერ ეს ყველაფერი რამდენიმე თვე იწელება – ქორწილისწინა ღონისძიებებს შორის უკანასკნელია „თოი აჰშამი“, რომლის სახელიც ითარგმნება, როგორც „საღამო ქორწილის წინ“, სწორედ „თოი აჰშამის“ სუფრას ამშვენებდა ეს არაჩვეულებრივი ქაბაბი.
ბაქოში „თოი აჰშამი“ უბრალოდ სიმბოლური მამაკაცური წვეულებაა, მაგრამ სოფლებში ამ ღონისძიებას პრაქტიკული ხასიათი აქვს – აქ ნათესავები ფუნქციებს ინაწილებენ და იმაზე ბჭობენ, თუ ვის რა მოვალეობა დაეკისრება ქორწილში.
ესაა „უმაღლესი კლასის“ კარავი, რომელიც ნამდვილად არ ჰგავს ბრეზენტის იმ კოლორიტულ კარვებს, რომლებიც მთლიანად ხალიჩებითაა მოფენილი, რომლებზეც ბამბითა და წებოვანი ლენტითაა გამოსახული სიტყვები: „ბედნიერებას გისურვებთ!“.
მომდევნო დილას სიძის ნათესავები გამთენიისას იღვიძებენ – მათ ბევრი საქმე აქვთ. კარავი და მასში ჩადგმული საქორწინო სუფრები წინასწარ იქირავეს. იჯარის თანხაში მაყალი, ოფიანტების მომსახურება და ჭურჭელიც კი შედის… თავად ნათესავები ამზადებენ. სიძის ნათესავები, იმიტომ რომ ამ ღონისძიებას „ბიჭის ქორწილი“ („ოღლან თოიუ“) ეწოდება. ტრადიციისამებრ, პატარძლის ნათესავებმა უკვე გადაიხადეს თავიანთი „გოგოს ქორწილი“, რომელიც სარძლოს მშობლიურ რაიონში გაიმართა.
დროა სიძე-პატარძალიც წარმოგიდგინოთ: ფარვიზი და ნიგიარი; მამაკაცი 28 წლისაა, ქალი კი – 25-ის.
მათ ძველი ტრადიციების მიხედვით ნამდვილად არ გაუცნიათ ერთმანეთი. პირველად ერთმანეთს ბაქოში შეხვდნენ. მაშინ ორივე მათგანი დედაქალაქში მუშაობდა. სრულიად დამოუკიდებლად, შუამავლების ჩარევის გარეშე გაიცნეს ერთმანეთი. ამჟამად ახალგაზრდა ოჯახი ბაქოში ცხოვრობს, მაგრამ საქორწინო ადათ-წესები „სრულად და ზედმიწევნით“ შეასრულეს, რითაც ნათესავების ოცნება აასრულეს.
სპეციალური „რიტუალური“ ნავთის ლამპები ერთგვარი სიმბოლოა ზოროასტრიზმისა, რომელიც ოდესღაც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. რა თქმა უნდა, ეს სანათები ოჯახის კერიის სიმბოლოცაა. როდესაც პატარძალი მამის სახლიდან მიდის, მის წინ მისი ახალგაზრდა ნათესავი ქალები და მეგობრები მიუძღვიან. სწორედ ეს ლამპები და სანთლები უჭირავთ ხოლმე სარძლოს წინ მიმავალ გოგონებს.
დავუბრუნდეთ წესებს. ტრადიციის მიხედვით პატარძალი სიძის სახლში გადადის საცხოვრებლად და თან მიაქვს ყველაფერი, რაც ოჯახისთვისაა საჭირო – მ.შ. ავეჯი (თანამედროვე რეალობაში საყოფაცხოვრებო ტექნიკაც მზითევის ნაწილად იქცა), ჭურჭელი, ხალიჩები, მატყლის საბნები და ა.შ.
ადრე მზითევი მემკვიდრეობითაც კი გადადიოდა – დედიდან ქალიშვილზე. ლამაზ, ჭედურ კიდობნებში ქსოვილები და ლოგინის თეთრებულის უხმარი კომპლექტები ინახებოდა. გოგონას დედა ქალიშვილის დაბადებიდანვე აგროვებდა მისთვის მზითევს და ამ მარაგის საფუძვლად იმ ნივთებს იყენებდა, რომლებიც მისი საკუთარი მზითევიდან მორჩებოდა ხელუხლებლად. შეძლებული ოჯახებისთვის (განსაკუთრებით დიდ ქალაქებში) ამ ყველაფერმა აქტუალობა დაკარგა, იმიტომ რომ ამჟამად ყველა საჭირო ნივთის შეძენა სულ ორიოდე თვეში შეიძლება. მაგრამ მზითევის საჭორაო თემად ქცევის ტრადიცია ჯერაც არ კარგავს აქტუალობას.
ქორწილის დღეს სიძის ოჯახი ზარ-ზეიმით მიემართება პატარძლის მოსაყვანად. ამ მსვლელობის დროს ყოველთვის ისმის ხოლმე „ვაგზალლის“ მელოდია, რომელსაც ტრადიციული ტრიო ასრულებს. იმავე ტრიოს სვამენ პატარძლის ეზოში. სარძლო მშობლების ლოცვა-კურთხევას იღებს, ოჯახის უხუცესი წევრი კი ხელში, რომლის ქვეშაც პატარძალმა უნდა გაიაროს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი სახლიდან გადის. გარშემო ყველაფერი წითელი ლენტებითაა მორთული, მანქანა, რომლითაც სარძლო უნდა წაიყვანონ, ათასი მოსართავითაა შემკული და ყველგან ზურნის განმგმირავი ხმა ისმის. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მთელი სოფელი ხედავს და ყველას ესმის, რომ სახლიდან სარძლო მიჰყავთ – და თანაც არა უბრალოდ მიჰყავთ, არამედ ისე ასრულებენ ამ ადათს, როგორც წესიერ ადამიანებს შეეფერებათ.
სიძის შავი კოსტიუმი დაპატარძლის თეთრი კაბა აზერბაიჯანისათვის დამახასიათებელი ტრადიციების გადაგვარების მაგალითს წარმოადგენს.
სოფლებში ჯერ კიდევ შემორჩა საქორწინო კორტეჟისათვის გზის გადაღობვის ტრადიცია – გზაზე მდგარ ბიჭებს სიძის ნათესავები რაიმეს (სიმარტივისათვის, უბრალოდ ფულს) ჩუქნიან ხოლმე.
და აი, პატარძალი სიძის სახლში მოჰყავთ, სადაც მას ყველა კოცნის და ლოცავს. გოგონა სახლში შეჰყავთ და თავზე მონეტებს, კანფეტებსა და ბრინჯს აყრიან – იმისათვის, რათა ოჯახში სიმდიდრემ და საყოველთაო კეთილდღოებამ დაისადგუროს. მუხლზე პატარა ბიჭუნას უსვამენ – იმისათვის, რათა მამრობითი სქესის პირმშო ჰყავდეს.
ამის შემდეგ პატარძალს სახლში ტოვებენ. სიძე მას მხოლოდ ღამით მიაკითხავს. მანამდე კი ყველა სტუმარი ქეიფობს და ერთობა. მამაკაცები სიძესთან ერთად კარავში ნადიმობენ, ქალები კი ეზოში გაშლილ მაგიდებთან სხედან.
მაგიდებზე ქათმის, ხორცისა და კარტოფილის მწვადები და შემწვარი ხორცი დევს.