გორის სმარტთან “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ. პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენლის, ანა ყურაშვილის თქმით, ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.
ამის შემდეგ ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკი მიმდინარეობდა, 60-მდე ადამიანი მიცვივდა და გაურკვეველ სიტყვებს ყვირიან, ისვრიან ქვებს და სასტუმროს ასხამენ საღებავებს.
გავრცელებულ ვიდეო კადრებში ისმის, რომ გაურკვეველი ჯგუფის წევრები ადგილზე მყოფებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ და მათ მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი.
პარტიის ცნობით, გამოძახებული ჰყავთ პოლიცია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე ამ დრომდე არ იმყოფებიან.
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ მას “პატრიარქსა და ეკლესიაზე შეურაცხყოფის გამო მოხვდა”.
შაქარიშვილმა ეს პოსტი თავდასხმიდან მალევე დაწერა და მომხდარს პირველი გამოეხმაურა. პარალელურად, პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს თავდასხმა ხელისუფლების მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიისა და პროპაგანდის შედეგია.
“ზურა გირჩი შარვალჩახდილ ჯაფარიძე მიდიოდა ბორჯომში ახალგაზრდების მოსაწამლად(ტრენინგის ჩასატარებლად). გორში “სმარტში” გაჩერდა, ერთი ქართველი კაცი მიუახლოვდა, თუ შეიძლება შუშას ჩაუწიე რაღაც მაქვს სათქმელიო… ჩამოწია გირჩმაც იფიქრა მესალმებაო და ცხვირ-პირში მოხვდა, ეს იმისთვის ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას რომ შეურაცხყოფას აყენებო და წავიდა თავის გზაზე ის კარგი კაცი. ზურა დარჩა შარვალჩახდილი და მოუწია უკან თბილისში დაბრუნება”, – წერს შაქარიშვილი.
ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმასა და ბორჯომში, მათ ბანაკში მობილიზებულ დაჯგუფებას ხელისუფლების დისკრედიტაციულ კამპანიას უკავშირებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ბადრი გრიგალაშვილმა ფორმულასთან ისაუბრა.
“ამ ბანაკების საშუალებით, ვესაუბრებით ახალგაზრდებს და უკვე მიზანმიმართულად, საკმაოდ დიდი ხანია, იმედი და მთელი ქართული ოცნების მედია პროპაგანდა ცდილობს დისკრედიტაციას, ერთი მხრივ, ამ ბანაკების, ლიბერალური აკადემიის, რადგან მათ სურთ, დააშინონ ამ ბავშვების მშობლები, ეს ბავშვები, რათა აღარ ჰქონდეს აღარავის სურვილი, რომ წამოგვყვეს და ჩვენი იდეების შესახებ მათ მოისმინონ. ეს უფრო განავითარეს მათი ამ დისკრედიტაციული კამპანიის ხასიათი და უკვე ფიზიკურად შეგვიქმნეს საფრთხე”, – განაცხადა მან.
ზურაბ ჯაფარიძე პოლიციაში. მისი თქმით, ის კარგადაა და განცხადებას წერს