ადეიშვილის გერმანიაში ვიზიტის გამო, საგარეო უწყებამ ევროკავშირის და გერმანიის ელჩებს ქართული მხარის "შეშფოთება" გადასცა
ზურაბ ადეიშვილის გერმანიაში ვიზიტი
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის და ქართული მხარის მიერ ძებნილი ზურაბ ადეიშვილის გერმანიაში ვიზიტის გამო, საგარეო უწყებამ ევროკავშირის და გერმანიის ელჩებს ქართული მხარის “შეშფოთება” გადასცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს “ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო”.
ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნას გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის საელჩო. მათ “რადიო თავისუფლებას” მიმართვის შემდეგ წერილობით უპასუხეს, რომ ადეიშვილი ბუნდესტაგში იმყოფებოდა, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. საელჩოს განცხადებით, ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობებს.
28 თებერვალს გერმანიის ბუნდესტაგის გვერდზე გამოქვეყნებული სხდომის ჩანაწერის მიხედვით, სხდომას უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა, რომელიც ქართული მხარის მიერ ამ დრომდე იძებნება.
ამასთან ერთად, უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა 6 მარტს ტელეგრამის გვერდზე გაავრცელა ფოტო, სადაც ანდრეი კოსტინს გერტ იან კომპანთან შეხვედრაზე დელეგაციაში ზურაბ ადეიშვილიც ახლავს.
ადეიშვილი ამჟამად უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველია. საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირების რეესტრიდან 2015 წელს ამოიღეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
“როგორც ელჩებს განემარტათ, ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ არის ცნობილი გახმაურებულ საქმეებზე და სამწუხარო ფაქტია, რომ პირი, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები მიმართული იყო დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფო პრინციპების წინააღმდეგ, ევროკავშირის ქვეყნებში ოფიციალურ ფორმატებში იღებს მონაწილეობას. ეს, ბუნებრივია, სამართლიან შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში და ხელს არ უწყობს ანტიდასავლური განწყობების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ეფექტიანობას.
შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების მხრიდან მომავალში სათანადო რეაგირება მიეცემა მსგავს ფაქტებს.
საგარეო უწყებაში ელჩებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა, მჭიდროდ ითანამშრომლონ როგორც ორმხრივი ურთიერთობის აქტიური დღის წესრიგის საკითხების ირგვლივ, ასევე საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პროცესში პროგრესისთვის.” – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
● ვოლსკი-ხიდაშელის შეხვედრა. საუბრის მთავარი თემა ოკუპირებულ აფხაზეთთან ურთიერთობების აღდგენა იყო
● პრეზიდენტის ინტერვიუ BBC-სთან: რუსულ საფრთხეებზე, სააკაშვილზე და აფხაზეთში რუსეთის პორტზე
● 22 წლის ქართველ მებრძოლს რუსეთმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ოჯახი დახმარებას ითხოვს
საქართველოს მთავრობა: გამოვთქვამთ წუხილს უკრაინის ხელისუფლების საქართველოსადმი დამოკიდებულების გამო
საქართველოს მთავრობა “ღრმა წუხილს და შეშფოთებას” გამოთქვამს “იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება უკრაინის მეგობარი ქვეყნის – საქართველოს და “ქართველი ხალხის” მიმართ ავლენს.
“დასანანი და ღრმად შემაშფოთებელია უკრაინის ხელისუფლების მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც უხეშად უპირისპირდება ტრადიციულ მეგობრობას, რომელიც ორ ქვეყანასა და ხალხს შორის არის ჩამოყალიბებული:
- უკრაინის ხელისუფლებამ, სანქციების არდაწესებისა და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნის გაუგებარი საბაბით, 2022 წლის 1 მარტს საქართველოდან გაიწვია უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;
- უკრაინის ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილის მომაკვდავ მდგომარეობაში ყოფნის ყალბი საბაბით, 2023 წლის 3 ივლისს უკრაინა დაატოვებინა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უკრაინაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელჩი იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ უცხოელ დიპლომატთაგანი, რომელიც ომის დაწყების დღიდან კიევში დარჩა და უკრაინას ერთი დღითაც არ ტოვებდა;
- უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა არაერთი განცხადება მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რომელიც მისი პატიმრობის, თითქოსდა, პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებდა, მათ შორის, გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ „რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავდა მიხეილ სააკაშვილს“;
- უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებენ პირები, რომლებზეც გამოცხადებულია ძებნა ან რომლებსაც შეფარდებული აქვთ სასჯელი სხვადასხვა დანაშაულისთვის. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილისა და უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ლორთქიფანიძის ყოფნა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები ხელმძღვანელობდნენ საქართველოს წინა ხელისუფლების ავტორიტარულ რეჟიმს, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა იმსხვერპლა. ზურაბ ადეიშვილი მსჯავრდებულია ღვინის ქარხნის უკანონო ჩამორთმევის, ტელეკომპანია „იბერიას“ ხელში ჩაგდების, კობა დავითაშვილის გატაცებისა და მასზე სასტიკი ძალადობის, პატიმრების წამების და „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეებზე, ხოლო ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისა და მიტაცების, 2007 წლის 7 ნოემბრის ძალადობის და ბუტა რობაქიძის მკვლელობის დანაშაულის დაფარვის საქმეებზე. გიორგი ლორთქიფანიძე ბრალდებულია 2011 წლის 26 მაისის ძალადობის და საზღვრის უკანონო კვეთაში მიხეილ სააკაშვილის დახმარების საქმეებზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურამ უკრაინულ მხარეს არაერთგზის მიმართა ამ პირების გადაცემის შესახებ, უკრაინის ხელისუფლებამ არ გამოავლინა აუცილებელი პატივისცემა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და საქართველოს დამნაშავეები არ გადასცა.
საქართველოს მთავრობისთვის გაუგებარია, რატომ იღებს უკრაინის ხელისუფლება იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ორი მეგობარი ქვეყნისა და ხალხის ერთმანეთისგან ხელოვნურად დაშორებისკენ არის მიმართული.” – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ “ანტიევროპული განწყობების” გაღვივებას ხელს უწყობს ევროკავშირის ტერიტორიაზე სხვა დამნაშავეებისა და ძებნილების თავისუფალი მიმოსვლა, რომელთა ნაწილზე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ისინი დღესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ “უმძიმეს დანაშაულებრივ” ქმედებებში არიან ჩართული.
პარლამენტის თავმჯდომარე: გვაქვს 1 მკაცრი პრიორიტეტი ევროკავშირის მიმართ – არ შეიფაროს ქართველი კრიმინალები
“ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს კითხვების გაჩენას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ერთგულია ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი იმ ღირებულებების მიმართ, რომელსაც ჩვენ და ევროკავშირი სამართლებრივ სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის მხრივ ვიზიარებთ. ეს ეწინააღმდეგება 9 პრიორიტეტიდან პირველივე პრიორიტეტს დეზინფორმაციასთან დაკავშირებით – რა არის თუ არა დეზინფორმაცია, როდესაც ხდება ადეიშვილის წარმოჩენა ადამიანად, რომელთანაც შესაძლებელია მაღალ დიპლომატიურ დონეზე საუბარი.
კიდევ უფრო დამაფიქრებელი იყო გერმანიის და ევროკავშირის საელჩოების განცხადებები, რომელიც წინა კვირას მოვისმინეთ […] იყო მცდელობა კრიმინალ ადეიშვილთან ამ დონეზე შეხვედრების ნორმალიზებისა […] ევროინტეგრაციის პროცესში საუბარი იყო ხან 12, ხან 9 პრიორიტეტზე ქართველი ხალხის მიმართ – ქართველ ხალხს აქვს ერთი, მაგრამ ძალიან მკაცრი პრიორიტეტი ევროკავშირთა მიმართებაში, ეს არის ის, რომ ევროკავშირი არ უნდა იქცეს სივრცედ, სადაც თავს აფარებენ ქართველი კრიმინალები.” – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.