"ოცნების" მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა
ზოგადი განათლების რეფორმა
“ქართული ოცნების” მთავრობამ დაამტკიცა ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ რეფორმა მიზნად ისახავს სკოლის პროგრამის თანამედროვე გამოწვევებთან “შეუსაბამო ასპექტების” დახვეწას და მოსწავლის პიროვნული, აკადემიური და სოციალური განვითარების უზრუნველყოფას.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ქართული ზოგადი განათლების სისტემა დღეს მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, ხოლო არსებული პროგრამა ვერ უზრუნველყოფს მოსწავლის ჩამოყალიბებას სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის მქონე, კონკურენტუნარიან მოქალაქედ.
“ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დოკუმენტს ხელს მოაწერა, რის შედეგადაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პასუხისმგებელია კონცეფციის ამოცანების განხორციელებაზე შესაბამის უწყებებთან ერთად.
რა წერია ახალ კონცეფციაში
● ახალ კონცეფციაში გათვალისწინებულია ეროვნული იდენტობის, კულტურული თვითმყოფადობის და სახელმწიფო ენის გაძლიერება, ხოლო სასწავლო პროცესი მიმართულია კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის, პრობლემის გადაჭრის უნარისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე.
● განახლებული ხედვა ყურადღებას ამახვილებს სასწავლო პროგრამის ფუნდამენტური საგნებით გაძლიერებაზე. ჰუმანიტარული მეცნიერებები, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა ხელს შეუწყობს ეროვნული თვითმყოფადობისა და მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებას.
● ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაძლიერება დაეხმარება მოსწავლეს კრიტიკულ და სისტემურ აზროვნებაში. დაწყებით საფეხურზე ძირითადი ყურადღება მიექცევა კითხვის, წერისა და მათემატიკური აზროვნების განვითარებას, საბაზო საფეხურზე კი ინტერაქტიული სწავლების და მრავალფეროვანი გამოცდილების მიღება შეცვლის გადატვირთულ აკადემიურ პროგრამას.
● საშუალო საფეხურზე სწავლება მოარგება პროფესიულ და აკადემიურ მოთხოვნებს, ეროვნული გამოცდები სრულად შესაბამისობაში მოექცევა სასწავლო პროგრამასთან, ხოლო XI კლასში მოსწავლეებს ექნებათ სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი ეროვნული გამოცდებისთვის მზადებისთვის.
● კონცეფცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სასწავლო რესურსებს. სახელმძღვანელოების შემუშავება უზრუნველყოფს ცოდნის სიღრმეს, სისტემურ აზროვნებას და ეროვნული ღირებულებების გააზრებას.
● სახელმძღვანელოები იქნება მუდმივად განახლებადი, რაც საშუალებას მისცემს განათლების სისტემას დროულად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს. მოსწავლეებს წარედგინება ინტეგრირებული სასწავლო გამოცდილება, რომელიც მოიცავს ციფრულ პლატფორმებს, ვიდეორესურსებს, სიმულაციებსა და კვლევით აქტივობებს.
● სასკოლო ცხოვრება მოერგება მოსწავლეთა ინტერესებს, შემოქმედებით პოტენციალს და სოციალური უნარების განვითარებას. არაფორმალური განათლება ინტეგრირდება სასკოლო ცხოვრების ორგანულ ნაწილად, ხოლო სკოლის მიღმა არსებული სპორტული და შემოქმედებითი პროგრამები სისტემურად გახდება ხელმისაწვდომი ყველა მოსწავლისთვის.
● ინკლუზიური განათლება გახდება პედაგოგის პროფესიული სტანდარტის განუყოფელი ნაწილი, ხოლო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები მიიღებენ ინდივიდუალურად მორგებულ მხარდაჭერას.
● მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სისტემური და პროგნოზირებადი იქნება. ახალი მოდელი უზრუნველყოფს კადრების მომზადებას, რეგიონისა და საგნის დისბალანსების დაძლევას და მათთვის კარიერული წინსვლის მკაფიო გზას. მასწავლებლებს ექნებათ ონლაინ და პრაქტიკული მხარდაჭერის ხელმისაწვდომობა, ხოლო ანაზღაურება ეტაპობრივად გაიზრდება.
● სკოლის ინფრასტრუქტურა განახლებადი და მოქნილია. პროექტები მოიცავს ლაბორატორიებს, სპორტულ ინფრასტრუქტურას, ბიბლიოთეკებს, კვების ობიექტებს და არაფორმალური განათლების სივრცეებს. სკოლებში შექმნილი გარემო ხელს შეუწყობს სწავლაზე ორიენტირებას, მოსწავლეთა კონცენტრაციას, კომუნიკაციას და ჯანსაღ ქცევას.
● ბულინგის პრევენციისა და ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის სისტემები გაძლიერდება, ხოლო რესურსცენტრები უზრუნველყოფენ დირექტორებისა და პედაგოგების პროფესიულ მხარდაჭერას.
● დაფინანსებისა და მართვის სისტემა მორგებული იქნება სკოლების ინდივიდუალურ საჭიროებებზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სერვისების მიწოდებაზე. სკოლის ავტონომია გაიზრდება, თუმცა ანგარიში და ანგარიშვალდებულების მექანიზმები უზრუნველყოფენ პროცესის გამჭვირვალობას და მოქნილ რეაგირებას. კერძოდ, 2026 წლიდან იგეგმება მშობლებთან პირდაპირი შეხვედრების ციკლი, რაც დამატებით გააძლიერებს სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობას.