ყველაზე სწრაფი ტემპით საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდამ 14.4 პროცენტი შეადგინა, რაც საბაზისო 2019 წელთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკის ზრდის 11.9 პროცენტიანი მაჩვენებელია. ამ შედეგით საქართველო სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერია.
რაც შეეხება სამეზობლოს სხვა ქვეყნებს: აზერბაიჯანის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8 პროცენტით გაიზარდა, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კი ზრდა 7.7 პროცენტია. რაც შეეხება სომხეთს, ქვეყნის ეკონომიკა იანვარ-მარტში 9.6 პროცენტით გაიზარდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 54.1 პროცენტი აზერბაიჯანში უშუალოდ მრეწველობის დარგზე მოდის.
მიუხედავად ეკონომიკური ზრდის სწრაფი დინამიკისა, საქართველოში პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება. მწარმოებლები გაზრდილ ფასებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას, რუსეთიდან გაძნელებული ლოგისტიკას და მსოფლიო ბაზარზე პროდუქციასა და ნედლეულზე გაზრდილი ფასებს უკავშირებენ.
საქართველოს მთავრობაც გაზრდილ ფასებს და ინფლაციას უკრაინაში რუსეთის შეჭრას აბრალებს. საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ინფლაციის მაჩვენებლებმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულ მაჩვენებელს გადააჭარბა.
“მაგალითად, აშშ-ში ბოლო 40 წლის რეკორდული მაქსიმუმი დაფიქსირდა, ხოლო გერმანიაში ინფლაცია არის ბოლო 29 წლის მაქსიმუმზე. მისივე თქმით, იგივე ეხება მთლიანად ევროზონას.”
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა ასეთი, ასეთი მასშტაბის ომი ევროპაში. ბუნებრივია, ამას ექნება გავლენა ყველაზე და ყველაფერზე: ფასებზე, ეკონომიკაზე, ინფლაციაზე“. – თქვა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ინფლაციის დღევანდელი მაჩვენებელი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის 2006 წლის პერიოდსაც შეადარა:
“მე არ მინდა, კიდევ შედარება გავაკეთო წინა ხელისუფლებასთან, მაგრამ ვინაიდან ოპონენტები ასე უპასუხისმგებლოდ საუბრობენ და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, მინდა მათ შევახსენო, რომ მათ პერიოდში 2011 წლის მაისში ინფლაცია იყო 14,3%, იმავე წლის მარტში 13,9%, აპრილში, 13,5%, უფრო ადრეც, 2006 წელს ინფლაცია 14,5%-ს შეადგენდა.“