"ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რუსეთის რკინიგზამ სომხეთი დატოვოს" - კომენტარი
გავა თუ არა რუსეთის რკინიგზა სომხეთს: სომეხი პოლიტოლოგის მოსაზრება
რუსეთი აცხადებს, რომ მზად არის ჩაერთოს სომხეთის რკინიგზის განბლოკვის პროცესში, თუმცა ერევანში სკეპტიციზმი იზრდება: მოსკოვის განცხადებები რეალურ ნაბიჯებად ჯერ არ ქცეულა, მაშინ როცა სომხეთი აზერბაიჯანსა და თურქეთთან სატრანსპორტო კავშირების აღდგენას ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაციიდან გამოსვლის საკვანძო ინსტრუმენტად მიიჩნევს. საკითხი უკავშირდება ე.წ. “ტრამპის მარშრუტს“ — პროექტს, რომელიც სომხეთის გავლით აზერბაიჯანს ნახიჩევანთან დააკავშირებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი კონტაქტზეა სომხურ მხარესთან, მათ შორის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მეშვეობით. მისი თქმით, ერევნის ყველა მოთხოვნას შესაბამისი უწყებები ოპერატიულად ამუშავებენ. ზახაროვამ უპასუხა შეკითხვას რკინიგზის იმ მონაკვეთების აღდგენის შესახებ, რომლებიც სომხეთს აზერბაიჯანისა და თურქეთის საზღვრებთან დააკავშირებს.
საქმე ეხება სამ ძირითად მიმართულებას: იერასხი–ნახიჩევანი, გიუმრი–ყარსი და იჯევანი–ყაზახი. ეს საკითხი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერთი თვეზე მეტი ხნის წინ წამოსწია. ერევნის მიმართვა მოსკოვისადმი ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ სომხეთის რკინიგზა 2008 წლიდან სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მართვის ქვეშაა – კომპანია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო მონოპოლისტის, “რუსეთის რკინიგზის“ შვილობილია და ქვეყანასთან 30-წლიან კონცესიურ ხელშეკრულებას ფლობს.
ხელისუფლებასა და ექსპერტულ წრეებში მიაჩნიათ, რომ ამ სამი მონაკვეთის აღდგენა აუცილებელია “ტრამპის მარშრუტის“ გაგრძელებისთვის და, უფრო ფართო კონტექსტში, სომხეთის სრულფასოვანი განბლოკვისთვის.
“ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) სომხეთის გავლით აზერბაიჯანს მის ავტონომიურ რეგიონ ნახიჩევანთან დააკავშირებს. აგვისტოში, ვაშინგტონში, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გზა სომხეთის სუვერენული კონტროლის ქვეშ იქნება, ხოლო შეერთებული შტატები განბლოკვის პროცესში ბიზნესპარტნიორის როლს შეასრულებს. სწორედ ამიტომ დაერქვა პროექტს მედიატორის პატივსაცემად “ტრამპის მარშრუტი“.
ფაშინიანის თქმით, ერევანი უკვე წერილობითაც დაუკავშირდა მოსკოვს.
“ზოგადად, დადებითი ნიშნებია, მაგრამ ველოდებით პროცესის დაჩქარებას. ჩვენ ვერ შევაჩერებთ რეგიონულ დინამიკას“, — განაცხადა პრემიერმა და დაამატა, რომ თუ რუსი პარტნიორები არ იმოქმედებენ, სომხეთი მონაკვეთების აღდგენას თავად დაიწყებს.
მან პირდაპირ მიანიშნა კონცესიის გადახედვის შესაძლებლობაზეც: თუ საჭირო გახდება, სომხეთის მთავრობა მონაკვეთებს სახელმწიფო კონტროლში დააბრუნებს და სამუშაოებს ბიუჯეტის ხარჯზე განახორციელებს.
ზახაროვამ არ უპასუხა მთავარ კითხვას, აპირებს თუ არა მოსკოვი კონკრეტული ვადებითა და ინვესტიციებით ჩართვას, თუმცა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა “ტრამპის მარშრუტის“ პროექტის განხილვაში მონაწილეობაზე.
ამ ფონზე პოლიტოლოგი რუბენ მეჰრაბიანი აცხადებს, რომ სომხეთის ხელისუფლება ჯერჯერობით თავს არიდებს “რუსეთის რკინიგზისთვის კარის მიხურვას“, მაშინ როცა ექსპერტული საზოგადოება უფრო მკვეთრ ნაბიჯებს ითხოვს. მისი აზრით, მოსკოვისგან პოზიტიური სიგნალების მოლოდინი რეალისტური არ არის.
“რუსეთი დროს წელავს, რათა სომხეთმა მეზობლებთან სრულფასოვანი სარკინიგზო კავშირები ვერ დაამყაროს. ეს მათ ინტერესებში არ შედის“, — ამბობს მეჰრაბიანი.
მოთხოვნები, დაპირებები და გაურკვევლობა
2025 წლის დეკემბერში ფაშინიანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყნის განბლოკვის პროცესში აუცილებელია სამი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენა, რომლებიც სომხეთს აზერბაიჯანთან, ნახიჩევანთან და თურქეთთან დააკავშირებს. მან რუს პარტნიორებს საკითხის დაჩქარება სთხოვა და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ერევანი დამოუკიდებლად იმოქმედებდა.
დეკემბერში პუტინმა ფაშინიანთან შეხვედრისას გამოთქვა მზადყოფნა “ძველი მარშრუტების აღდგენასა და ახლის შექმნაზე“ ერთობლივი მუშაობისთვის. ორი კვირის წინ კი სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა ერთობლივად დაათვალიერეს იერასხი–სადარაკის მონაკვეთი, რათა მისი ტექნიკური მდგომარეობა შეეფასებინათ.
ამავდროულად, TRIPP ოფიციალურად სომხურ-ამერიკული პროექტია. იანვარში ერევანმა და ვაშინგტონმა მისი განხორციელების ჩარჩოზე შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთი იღებს სატრანზიტო უპირატესობებს, აზერბაიჯანი — ნახიჩევანთან პირდაპირ კავშირს.
რუსეთი არაერთხელ აცხადებდა მონაწილეობისთვის მზადყოფნას, თუმცა ერევანი ხაზგასმით ამბობს: მოსკოვს შეუძლია ჩაერთოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მაგრამ არა თავად TRIPP-ის პოლიტიკურ არქიტექტურაში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ რუსეთი არ გამოვა სხვა პროექტებიდან, თუმცა “ტრამპის მარშრუტი“ დამოუკიდებელ ფორმატად რჩება.
ამის მიუხედავად, ზახაროვამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვი შეისწავლის მონაწილეობის ვარიანტებს “რუსეთის რკინიგზის უნიკალური ექსპერტიზის“ გათვალისწინებით და ელოდება ერევანთან არსებით კონსულტაციებს.
კომენტარი
რუბენ მეჰრაბიანის შეფასებით, “რუსეთის რკინიგზას“ სომხეთში პრაქტიკულად აღარ აქვს ბიზნესპერსპექტივა.
“რუსეთს ფული არ აქვს. და თუნდაც ჰქონდეს, ჩარევა მხოლოდ პროცესის შეფერხებას მოემსახურება, ხოლო თუ პროექტი მაინც ამოქმედდება, ის მკაცრი რუსული კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება“, — ამბობს ის.
ექსპერტის თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ ერევანი მკაფიო პოზიციას არ დაიკავებს და სიტუაციას შეარბილებს, რაც რუსეთს მანევრის სივრცეს უტოვებს.
მეჰრაბიანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამხრეთ კავკასიის რკინიგზის – “რუსეთის რკინიგზის“ შვილობილი კომპანიის – მომავალსაც სომხეთში.
“რამდენ ხანს უნდა ვითმინოთ ეს ჩამორჩენილი სტრუქტურა ჩვენს სარკინიგზო სისტემაში?სტრუქტურა, რომელიც ბრეჟნევის ეპოქის ლოგიკით მუშაობს და საკუთარ ქვეყანაში თვითძარცვას ახორციელებს. რუსეთის რკინიგზამ სომხეთი უნდა დატოვოს. სომხეთს ბევრი დრო არ აქვს ლოდინისთვის.“ – ამბობს მეჰრაბიანი.