"წვევამდელები კარისკაცებად და დარაჯებად აღარ დადგებიან" - ოპოზიციის დაპირება
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარისა და თბილისში მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი მონაწილეობას აღარ მიიღებს იმ ახალგაზრდების ჯარში გაწვევაში, რომლებიც ადმინისტრაციულ შენობებთან დაცვის ფუნქციას ასრულებენ. ამის შესახებ მან “მთავარ არხზე” ისაუბრა.
“იცით, რომ თავდაცვის სამინისტრო ვითომ ჯარში იწვევს წვევამდელებს, მაგრამ სინამდვილეში კარისკაცებად და დარაჯებად აყენებს მოდულის შენობებთან, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან. ამ ყველაფერს აორგანიზებინებს მუნიციპალიტეტებს, მათ შორის, დედაქალაქის მერიას, სხვადასხვა გამგეობას. თავად გახლდით გამგებელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში და ვერ ვხვდებოდი, რა მთაწმინდის გამგეობის საქმე იყო ძალდატანებით ახალგაზრდა მოიყვანო გამგეობაში, სტრესის ქვეშ ამყოფო, ძალდატანებით განცხადება დააწერინო და სადღაც გააგზავნო, რომელიღაც სამინისტროში, ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს ვგულისხმობ”, – ამბობს მელია.
მისივე თქმით, საქართველოში თავდაცვისუნარიანობა გასაძლიერებელია და თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიც გასაზრდელია, მაგრამ ეს არანაირად არ არის მუნიციპალიტეტის საქმე. ამიტომ დედაქალაქის მერია და გამგეობები “არ შეუწყობენ ხელს ახალგაზრდებისთვის ცხოვრების დამახინჯებას.”
● სამხედრო გაწვევა – სამშობლოს დასაცავად თუ უფასო ყარაულებად?
● კომენტარი: სამშობლო წმინდა სიტყვაა, მაგრამ მისი ჯარი – არა. ქართული პატრიოტიზმის თავისებურებები
● ახალქალაქი: ცხოვრება რუსული ბაზის შემდეგ
“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერისა და თბილისის ვიცემერობის კანდიდატის, ზურა ჯაფარიძის განმარტებით, თუ ქალაქის ხელისუფლებაში ოპოზიციური კოალიცია მოვიდა, სისტემას არ მისცემენ საშუალებას, რომ წვევამდელები არსებულ პირობებში გაიწვიონ სავალდებულო სამხედრო სამსახურში:
“სავალდებულო სამხედრო სამსახურს სინამდვილეში არანაირი კავშირი არ აქვს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან. თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება თუ გინდათ, თანამედროვე თავდაცვა არ დგას ძალით გაყვანილი ადამიანების რაოდენობაზე. დგას მცოდნე ადამიანებზე, კვალიფიკაციაზე და პროფესიონალიზმზე. ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებიც როგორც უფასო მუშახელი, მიჰყავთ და აყენებენ სხვადასხვა ობიექტის დასაცავად. მეტი სხვა შინაარსი იქ არ არის. არანაირი კავშირში ეს თავდაცვასთან არ არის. […] ნიკა მელიას იდეა იყო, რომ ჩვენ თუ მოვედით ქალაქის ხელისუფლებაშიო, ჩვენს სისტემას მაინც არ მივცეთ საშუალება, რომ ახალგაზრდები დატანჯონ და ცხოვრება დაუნგრიონო. თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ვეღარ წაიყვანენ ახალგაზრდებს უფასო მუშახელად.”
2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობას უნდა აერჩია 64 მერი და საკრებულოს 2044 დეპუტატი. ძირითად თვითმმართველ ქალაქებში მეორე ტურები ჩაინიშნა (მათ შორის თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში და თელავში), სწორედ მეორე ტურებისთვის ემზადება ოპოზიცია 30 ოქტომბერს.
მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
ეს რიგით მერვე თვითმმართველობის არჩევნებია, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ჩატარდა.
ეს არჩევნები, თავისი მნიშვნელობით, ოპოზიციამ და არამხოლოდ ოპოზიციამ, მისი დანიშვნის დღიდანვე შეაფასა რეფერენდუმის ტოლფასად.