WHO IS Mr. სააკაშვილი ოდესაში
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტს ტოვებს, რითაც დიდი სკანდალი და ცხარე დისკუსიები გამოიწვია როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში.
“ქართულ” გადადგომებს შორის ეს შემთხვევა ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა. 7 ნოემბრის დილით გადადგა ასევე ოდესის ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელი, სააკაშვილის თანამებრძოლი, გია ლორთქიფანიძე. მის წასვლასთან დაკავშირებით სააკაშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა: “ახლა ყველა ჯურის კორუფციონერსა და არამზადას შეუძლია გამარჯვება იზეიმოს”.
ნოემბერში ზუსტად წელიწად-ნახევარი გავიდა იმ მომენტიდან, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის ხელმძღვანელად დანიშნა.
და აი, როგორც ჩანს, ცნობილი “ქართული რეფორმების” უკრაინაში გადმოღების მცდელობა დასრულდა. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ პირიქითაც მოხდეს და სააკაშვილის წასვლა უკრაინისათვის ახალი პოლიტიკური პერიოდის დაწყებას ნიშნავდეს.
სააკაშვილი, როგორც ოდესის ღირსშესანიშნაობა
სწორედ ასე უწოდებდა საკუთარ თავს სააკაშვილი – “მე ოდესის ახალი ღირსშესანიშნაობა ვარ”.
მისი მმართველობის თვრამეტი თვის განმავლობაში არ წყდებოდა ხმაურიანი სკანდალები, კერძოდ :
· იგი ექსკავატორით ანგრევდა ადგილობრივი ოლიგარქების ვილების ღობეებს;
· ოდესის ოლქის ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი ძალოვანი შეცვალა (რაც გრანდიოზულ სკანდალად იქცა);
· ოდესაში შეერთებული შტატების პირველი პირები ჩაჰყავდა;
· ახორციელებდა მოულოდნელ “რეიდებს” რეგიონის პორტებში, სადაც დირექტორებს ცვლიდა;
· დაუპირისპირდა ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს;
· სკანდალური დანიშვნები ოდესის ადმინისტრაციაში;
· სამუშაო კაბინეტი გზის პირზე მოაწყო;
· “ღვინის კანონის” საკუთარი ვერსიის მიღებას მიაღწია;
· და ადგილობრივ არჩევნებზე “სააკაშვილის გუნდის” სრული კრახი იხილა.
სააკაშვილის გუბერნატორობის პერიოდში ოდესაში არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ სად არის პრობლემის სათავე – უკრაინაში არსებული პრობლემებში, თუ თავად სააკაშვილში.
ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა რომ უფრო გამარტივდეს, JAMnews შეგახსენებთ იმ რეფორმებს, რომლებიც ოდესის აწ უკვე ყოფილმა გუბერნატორმა წელიწად-ნახევრის განმავლობაში გაატარა.
აპარატის რეფორმა
2015 წლის 29 მაისს, პირველივე სამუშაო დღეს, სააკაშვილმა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის აპარატის შტატი 800-დან 500 ადამიანამდე შეამცირა. ამასთან, პირობა დადო, რომ კიდევ ასზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებდა.
პოლიციის რეფორმა
ერთი წლის წინათ ოდესაში ახალი საპატრულო პოლიცია ამოქმედდა, რომელმაც დროთა განმავლობაში რეგიონის მთელი მილიცია უნდა ჩაანაცვლოს. სტრუქტურის ხელმძღვანელად სააკაშვილის თანამებრძოლი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე დაინიშნა. რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი უსაფრთხოების ხელმძღვანელის პოსტი უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ყოფილმა მრჩეველმა, “ქართული გუნდის” კიდევ ერთმა წევრმა, კონსტანტინე მჭედლიშვილმა დაიკავა.
პოლიციელების პირველი გამოშვების ფიცი თავად პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიიღო, რომელიც ოდესაში ამ დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.
პორტში განხორციელებული რეფორმები
ხმაურიანი სკანდალი მოჰყვა ოდესის მახლობლად მდებარე ქალაქ ილიჩევსკის პორტის დირექტორის გათავისუფლებას.
აღნიშნული ნავსადგური უკრაინის ყველაზე დიდი პორტია. 2015 წლის 23 ივლისს სააკაშვილმა პორტის დირექტორის გათავისუფლების შესახებ ბრძანება პირადად მიიტანა პორტში და თან, კორუფციასთან დაკავშირებული ეჭვების საფუძველზე, ნავსადგურის საქმიანობის აუდიტიც წამოიწყო.
სააკაშვილის ვერსიის მიხედვით, პორტს მთავარი უკრაინელი ოლიგარქის, იგორ კოლომოისკის ხალხი მართავდა, რომელთაც “კაცური გარიგება” შესთავაზეს სააკაშვილს. ეს “გარიგება” რომ არ გამოვიდა, მათ პორტის ორი მთავარი ნავმისადგომის შემოსავლები ოფშორულ ზონებში გადაიტანეს და ამით უკრაინის ბიუჯეტს ათობით მილიონი დოლარის ყოველწლიური შემოსავალი მოუსპეს.
ოდესის საბაჟოს ხელმძღვანელად სააკაშვილმა “მაიდანის” აქტივისტი, იულია მარუშევსკაია დანიშნა. მანამდე მარუშევსკაიამ ოთხი თვის განმავლობაში იმუშავა სააკაშვილის მოადგილედ და საბაჟო სისტემასთან საერთოდ არ ჰქონია კავშირი.
იულია მარუშევსკაიას ცნობილი ვიდეომიმართვა მეიდნის საპროტესტო აქციაზე კიევში
ყველა რაიონის ხელმძღვანელების შეცვლა
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე (2015 წლის ივნისის დასაწყისში) სააკაშვილმა ოდესის ოლქის თითოეული რაიონის ხელმძღვანელის ჩანაცვლების კონკურსი გამოაცხადა. 26 პოზიციაზე 6 452 ადამიანი აცხადებდა პრეტენზიას. ზოგიერთი მათგანის დანიშვნა საკმაოდ სკანდალური ნაბიჯი აღმოჩნდა, რადგან ახალი ხელმძღვანელების ნაწილს ოდესასთან საერთოდ არაფერი აკავშირებდა.
ადმინისტრაციულ მომსახურებათა ცენტრი
ოდესაში “ადმინისტრაციულ მომსახურებათა ცენტრი” გაიხსნა, რომელიც ამ ტიპის პირველი დაწესებულებაა უკრაინაში. ეს ცენტრი საქართველოში წარმატებით მომუშავე “იუსტიციის სახლების” ანალოგია.
ცენტრის კონცეფციიდან გამომდინარე, ნებისმიერ ოდესელს შეუძლია ნებისმიერი ცნობა (დაბადების მოწმობა, პასპორტი, ქორწინების მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა და ა.შ.) ძალიან სწრაფად და “კანტორებში მისვლა-მოსვლის” კორუფციური ჯაჭვის გარეშე მიიღოს.
“ადმინისტრაციულ მომსახურებათა ცენტრის” გახსნის ცერემონიალი 2015 წლის 16 ოქტომბერს გაიმართა. პრეზიდენტი პოროშენკო ამ ღონისძიებასაც დაესწრო.
ომი ღობეების წინააღმდეგ
სააკაშვილმა საზღვაო პლაჟებზე, ოლიგარქების ვილების ღობეების წინააღმდეგ ნამდვილი “ჯვაროსნული ომი” გამოაცხადა. მისი განკარგულებით, მოანგრიეს უკრაინელი მილიარდერის, ვასილი ხმელნიცკის ღობეც; ხოლო ოდესის სასაზღვრო სამსახურისა და უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელებმა თავად მოანგრიეს ამ უწყებების გარშემო შემოვლებული უზარმაზარი ღობეები. საქმე იმაშია, რომ ამ უწყებებს წლების განმავლობაში საკუთარ მფლობელობაში პლაჟის მოზრდილი ტერიტორიები ჰქონდათ, რომლებიც დახურული იყო “უბრალო მოკვდავებისთვის”.
მუსიკალური აკრძალვები
მიხეილ სააკაშვილმა ზოგიერთ რუსი შემსრულებლისთვის ოდესაში კონცერტების გამართვა აკრძალა. კერძოდ, ჯერ გაუქმდა რუსი მომღერლის სტას პიეხას კონცერტი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი და ყირიმის ანექსიის აქტიური მხარდამჭერი აღმოჩნდა. შემდეგ კი კონცერტის გამართვა აეკრძალა რუს რეპერ ტიმატისაც, რომელიც მძაფრად აკრიტიკებდა უკრაინის ახალ ხელისუფლებას, თვად უკრაინას კი ” ნარკოტიკზე შემჯდარი უმცროსიძმა” უწოდა.
მიწა ხალხს!
ადგილობრივი მოსახლეობის საჩივრების საფუძველზე, სააკაშვილმა სანაპიროს მიწების განკარგვასთან დაკავშირებით რაიონის ხელისუფლების საქმიანობის შემოწმება დაიწყო.
შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ოდესის მახლობლად მდებარე დასახლება კრიჟანოვკაში მთელი საზღვაო სანაპირო ამ დასახლების ხელმძღვანელობის ნათესავებსა და მეგობრებს ეკუთვნოდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ კი ხელისუფლებისაგან ერთი კვადრატული მეტრის ფართობის მიწის მიღებაც კი ვერ შეძლო.
სააკაშვილმა საჯარო სკანდალი მოაწყო და პირობა დადო, რომ ყველა დამნაშავეს “დაიჭერდა”.
გზა ევროპისკენ
ოდესიდან რუმინეთის გავლით ევროპისკენ მიმავალი მთავარი გზა – ოდესა-რენის ტრასა 35 წლის განმავლობაში არავის შეუკეთებია. “ჭიშკარი ევროპაში” – ასე უწოდებენ ამ 261 კილომეტრიან ტრასას, რომელიც იმდენად სავავალო მდგომარეობაში იყო, რომ ზოგიერთი მძღოლი ამ ტრასას მინდვრების გავლით უვლიდა გვერდს.
სააკაშვილმა აქცია 2015 წელს დაიწყო და 7 ოქტომბერს რემონტი დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ამ შემთხვევაშიც ოდესის გუბერნატორთან ერთად ჩავიდა ადგილზე და გზის მშენებლობის პროცესს პირადად დააკვირდა გზებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს.
უკრაინელი მეღვინეების საუკეთესო მეგობარი
რამდენიმე თვის წინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოდესელი მეღვინეები მას დახმარებას სთხოვენ. ღვინის გაყიდვის უფლების ლიცენზია უკრაინაში 500 000 გრივნა [დაახლოებით $20 000] ღირს, რაც ბევრი კერძო მეღვინისათვის მიუწვდომელი თანხაა.
2016 წლის სექტემბერში სააკაშვილმა მეღვინეობასთან დაკავშირებულ დღესასწაულებზე სამჯერ მიიწვია ჟურნალისტები, 7 ოქტომბერს კი პრეზიდენტი პოროშენკო ოდესის ოლქის სოფელ ბელიაევკაში ჩაიყვანა და ადგილობრივი მეღვინის სახლში მიიყვანა სტუმრად. სწორედ იმ სახლში, კამერების წინ მოაწერა პოროშენკომ ხელი კანონს, რომელიც “მცირე მეღვინეებს” ლიცენზიის ღირებულების გადახდის ვალდებულებისგან ათავისუფლებს.
იმ დღის შემდეგ სააკაშვილს “უკრაინელი მეღვინეების საუკეთესო მეგობარი” უწოდეს.
რეფორმების მეორე მხარე
არსებობს რეფორმების მეორე მხარეც. რამდენიმე ხმამაღალი რეფორმატორული პროექტი ქაღალდზე დარჩა, ზოგიერთი რეფორმა კი ისე არ განვითარდა, როგორც ამას ოდესის ახალი გუბერნატორი სახავდა.
აპარატი სულ ოდნავ შემცირდა
საბოლოოდ საშტატო განრიგი 500 კაცით განისაზღვრა. ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო შემცირება სააკაშვილს არ გამოუვიდა.
პოლიცია მილიციად დარჩა
ოდესაში დაწყებული საპოლიციო რეფორმა ბოლომდე ვერ განხორციელდა და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
· ახალი პოლიციის პარალელურად ძველი მილიციაც მუშაობს, რომლის ჩანაცვლებისთვისაც სათანადო სპეციალისტებია საჭირო. ამ სფეროში კადრების დეფიციტი ფიქსირდება.
· ახალი საპატრულო პოლიცია გაჭირვებით თანამშრომლობს ძველ მილიციასთან, მაგრამ მის გარეშე უბრალოდ ვერ მუშაობს.
· ახალი პოლიცია საპოსტო-საპატრულო სამსახურის ფუნქციებს ასრულებს. გამოძიება, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა, საქმეების სასამართლოსთვის, ან პროკურატურისთვის გადაცემა ძველი მილიციის საქმეა.
· მილიციელები ანტიპათიით არიან განწყობილნი პოლიციების მიმართ. თუნდაც იმიტომ, რომ ისინი, ვინც მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა მილიციაში და ამ უწყების ძირითად ფუნქციების შესრულებას აგრძელებს, რამდენჯერმე უფრო ნაკლებ ხელფასს იღებენ, ვიდრე ის პოლიციელები, რომლებმაც ფორმა მცირე ხნის წინ ჩაიცვეს.
მიზეზთა შორის აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ “ქართული გუნდი” სათანადოდ არ იცნობდა რეგიონს. მაგალითად, რეგიონის მილიციის ახალმა ხელმძღვანელმა, გიორგი ლორთქიფანიძემ ქალაქის მილიციის ხელმძღვანელის პოსტზე ოლეგ მაკუხა დანიშნა, 27 აგვისტოს კი ქრთამის სახით 20 ათასი დოლარის აღებისათვის დააპატიმრა. მაკუხას კაბინეტის ჩხრეკისას კი რუსული დროშები იქნა აღმოჩენილი.
ამასთან, არც ახალი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები თაკილობენ ქრთამის აღებას – ჯერ კიდევ გასულ წელს, ქრთამის აღების ფაქტებზე რამდენიმე მათგანი დააკავეს.
პორტის მდგომარეობა არ შეცვლილა
ილიჩევსკის პორტში მომხდარი ზემოაღწერილი სკანდალს არც არაფერი შეუცვლია. სააკაშვილის დაპირებული შემოწმება უშედეგო აღმოჩნდა, საწარმოს კი ყოფილი დირექტორის ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს.
ამჟამად იულია მარუშევსკაია ძალიან იშვიათად ჩნდება საჯაროდ, ოდესაში კი განიხილავენ სავარაუდო კორუფციულ ქვეტექსტს,
რომელიც, გავრცელებული მოსაზრებით, ოდესის საბაჟოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე მის დანიშვნას უკავშირდება.
უკრაინულ მედიაში ასეთ ხაზზე საუბრობენ:
· მარუშევსკაია ერთ-ერთი უმსხვილეს უკრაინულ ტელეარხ “24”-ის კომერციული დირექტორის, მარკიან პროცივის მეუღლეა;
· პროცივი უკრაინულ პარტია “სამოპომოშის” ლიდერის და, ამავდროულად, ქ.ლვოვის მერის, ანდრეი სადოვოის მეგობარია;
· ფილოლოგიური განათლების ახალგაზრდა აქტივისტის თავბრუდამხვევი კარიერული წინსვლა, შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტის პარტიისა და “სამოპომოშს” შორის შეთანხმებების შედეგი იყოს.
ადმინისტრაციული ნახევარ-მომსახურეობის ცენტრი
გასული წლის 16 ოქტომბერს გახსნილი “ადმინისტრაციული მომსახურეობის ცენტრმა” იურიდიული სტატუსი დღემდე ვერ მიიღო. თავიდან საკანონმდებლო ცვლილებებს ელოდებოდნენ, შემდეგ კი ცენტრის დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები გაჩნდა.
ამჟამად ცენტრი მოქალაქეების საბუთებს ოღებს და ეს დოკუმენტები პროფილურ უწყებებში დააქვს, რის შემდეგაც დამუშავებულ საბუთებს მოქალაქეებს უბრუნებს. ცენტრი აშკარად ვერ ამუშავდა, თუმცა ამავდროულად “პლატინუმ ბანკის” შენობაში იჯარით აღებული ფართის ქირის გადასახდელად თვეში რამდენიმე მილიონ გრივნას მაინც “ჭამს”.
საერთაშორისო ჟურნალისტი, რალფ ლეონგარდი გამოცემა “ხვილიასთვის” დაწერილ სტატიაში ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს: “როგორც ამბობენ, ოლიგარქებს – ბორის კაუფმანსა და ადნან კივანს [“პლატინუმ ბანკის” მფლობელები], სააკაშვილის დახმარებით, საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესი აქვთ, სანაცვლოდ კი, მის არცთუ იაფფასიან ცხოვრების წესს, მათ შორის კერძო თვითმფრინავით მის გადაადგილებასაც უზრუნველყოფენ”.
ღობეების დაბრუნება
სააკაშვილმა ჯერ კიდევ გასული შემოდგომის დასაწყისში აღნიშნა, რომ მას ექსკავატორების გამოყენებისგან თავის შეკავება და კანონიერი გზებით, სასამართლოს გზით მოქმედება ურჩიეს.
ოლქის ერთ-ერთი რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას ოდესის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ უკანონოდ მიტაცებული ყველა სანაპირო ნაკვეთის სიას პროკურატურას გადასცემდა და დარღვევების აღმოსაფხვრელად 2 კვირას იძლეოდა, რის შემდეგაც იგი ისევ მიიყვანდა სანაპირო ზოლში სანგრევ-სამშენებლო ტექნიკას. ეს მოხდა ერთი წლის წინ. მას შემდეგ გალავნების ნგრევა შეწყდა. უკვე დანგრეული ღობეების ნაცვლად კი, ახალი გალავნები აშენდა.
გალავანი აღდგენილია ოდესურ კომპანია “ინფოქს-ვოდოკანალის” მიერ მიტაცებულ სანაპიროზეც. საწარმომ, რომელიც ქალაქის ბინებს წყლით ამარაგებს, ზღვის ნაპირზე “წყლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია” მოაწყო, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია აუზი, მარმარილოს ფანჩატურები, ძველბერძნული ქანდაკებების ასლები, იაპონური “ოქროს თევზებით” სავსე ტბორი და ორი ვილა ნავმისადგომებით. “ლაბორატორიის” ტერიტორია ოთხმეტრიანი გალავნითაა გარშემორტყმული.
პუტინის მეგობრები
ოდესაში რუსი შემსრულებლების კონცერტების გაუქმების შემდეგ ზემოაღნიშნული მომღერლები “რუსეთისათვის წამებულ მარტვილებად” იქცნენ, რამაც მხოლოდ გაზარდა მათი პოპულარობა მათსავე სამშობლოში.
ტანსაცმლის მაღაზია “ბლექ სთარი” კი, რომელიც “ტიმატის” ეკუთვნის, დღემდე მშვიდად მუშაობს ოდესის ცენტრში. მის შესასვლელში რეპერის უზარმაზარი ფოტოა გამოკიდებული.
მიწები ხალხს? არა!
ადგილობრივი ადმინისტრაციების მიერ სანაპიროს მიწების ნათესავებისა და მეგობრებისათვის გადაცემის არაკანონიერი პრაქტიკის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია უშედეგოდ დასრულდა.
მას შემდეგ, რაც კრიჟანოვკაში სკანდალური დაპირისპირება გამართა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნატალია კრუპიცას მომხრეებთან ჩხუბის შედეგად ხმა დაკარგა, სააკაშვილმა პირობა შეასრულა და მისი ვიზიტის მომდევნო დღეს კრუპიცა 2,7 მილიონი გრივნის [დაახლოებით $119 000] განიავების ბრალდებით დააკავეს.
იგი იმავე დღეს გირაოთი გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ნატალია კრუპიცა, მიუხედავად იმისა, რომ მის წიონააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, კიდევ ერთი ვადით აირჩიეს რაიონის ხელმძღვანელის პოსტზე.
კიდევ უფრო ეგზოტიკური სიტუაცია შეიქმნა ოლქის ერთ-ერთ სხვა რაიონში. ოდესელი სამართალდამცველების ცნობებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმ რაიონშიც ნათესავებს დაურიგა მიწები. რეგიონის მილიციის ხელმძღვანელი გიორგი ლორთქიფანიძე სააკაშვილის მოსკოველ მრჩეველთან, მარია გაიდართან ერთად სამი საათის განმავლობაში სიცივეში ელოდებოდა რაიონის გაუჩინარებულ ხელმძღვანელს. ამის შემდეგ რაიონის ხელმძღვანელი გამოჩნდა და აღნიშნა, რომ ღამით ადმინისტრაცია გაქურდეს და სხვა ნივთებთან ერთად გაქრა ის სეიფიც, რომელშიც პოლიციისათვის საინტერესო საბუთები ინახებოდა. ამით ყველაფერი დასრულდა.
პატრიოტული შეუთანხმებლობა
2015 წლის ივნისში სააკაშვილი ოდესის პატრიოტულ ორგანიზაციების – “ევრომაიდანის”, “სამოობორონას”, “ავტომაიდანისა” რუსეთში აკრძალული “პრავი სექტორის” წარმომადგენლებს შეხვდა.
გუბერნატორმა ყველას ხელი ჩამოართვა და განაცხადა, რომ მათ მოკავშირეებად განიხილავდა. პატრიოტული ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც ახალ გუბერნატორს მხარდაჭერა აღუთქვეს და იმ პირების სია გადასცეს, რომლებიც, მათი დაკვირვებით, სეპარატისტებისა და რუსეთის ხელისუფლების მიმართ ლოიალობაში არიან შემჩნეულები.
აგვისტოს ბოლოს სააკაშვილის მაგალითით ფრთაშესხმულმა მოძრაობა “ავტომაიდანის” წევრმა ოდესელმა პატრიოტებმა მისი საქციელის გამეორება სცადეს და ბულდოზერით მიადგნენ შენობას, რომელსაც ხალხი “ჰარი პოტერის სახლს” უწოდებს.
ესაა ზღვის სანაპიროზე მდგარი ფეშენებელური სასახლე, რომლის გალავანიც პლაჟს კეტავს და მოქალაქეებს ზღვის სანაპიროზე გასვლის საშუალებას უზღუდავს.
“ციხე-სიმაგრის” ოფიციალური სახელია “ოდესის ეროვნული იურიდიული აკადემიის საერთაშორისო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სასწავლო გამაჯანსაღებელი კომპლექსი”.
არაოფიციალურად კი, ეს ობიექტი უნივერსიტეტის პრეზიდენტის, სერგეი კივალოვის პირად საკუთრებად ითვლება. კივალოვს ოლიგარქად მოიხსენიებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მას ოდესის სამი ტელეარხი და რეგიონშის მსხვილი სამშენებლო ბიზნესი ეკუთვნის.
ამას გარდა, არაოფიციალურად, კივალოვს ოდესური “ანტიმაიდანის” (მოქმედის ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მოძრაობის) მთავარ იდეოლოგსაც უწოდებენ. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ იწყებს მოკვლევას კოვალიოვის წინააღმდეგ – მის მიერ გამოქვეყნებული სტატიის გამო. პუბლიკაციას ასეთი სახელი აქვს – “დროა, “ოდესშჩინასთვის” კონსტიტუცია მოვამზადოთ”. სტატიის ტექსტში ზოგიერთმა ადამიანმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მოწოდების ნიშნები დაინახა.
სწორედ ამ კივალოვის “ციხე-სიმაგრეს” აქტივისტები ბულდოზერით მიადგნენ და დაანგრიეს – ისე, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა. ამის შემდეგ ისინი პოლიციამ დააკავა, ბულდოზერის მძღოლის წინააღმდეგ კი ქონების დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
გალავანი მაშინვე აღადგინეს. აქტივისტები მხარდაჭერას სააკაშვილისგან ელოდნენ. მომდევნო დღეს სააკიშვილი “ციხესიმაგრესთან” მართლაც მივიდა, თუმცა რაიმე რადიკალური ქმედებების ნაცვლად, ოდესის გუბერნატორმა უბრალოდ ჩოგბურთი ითამაშა კივალოვის სახლის წინ მდებარე კორტზე, რითაც პატრიოტების რისხვა დაიმსახურა.
ოდესის “ავტომაიდანისა” და “პრავი სექტორის” წევრებმა, რომელთა ლიდერებიც დააკავეს, ღალატზე დაიწყეს საუბარი. მათ ოდესაში გამართეს მარში, სადაც სააკაშვილისა და კიევის მისამართით რადიკალური განცხადებებით გამოვიდნენ.
ოდესის პრიმორსკის სასამართლოსთან, სადაც დაპატიმრებულ ლიდერებს ასამართლებდნენ, სტიქიური მიტინგები გაიმართა. დემონსტრანტები საბურავებს წვავდნენ – ისე, როგორც “მაიდანზე”.
“დღეს ახალგაზრდობა პოროშენკოსა და სააკაშვილს იმაზე უფრო უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს, ვიდრე თავის დროზე იანუკოვიჩს ლანძღავდა. მოღალატეები მტრებზე მეტად სძულთ ხოლმე. ამიტომ, შეიძლება წინაზე გაცილებით სერიოზული რევოლუცია მოხდეს,” – ამბობს ოდესის “ევრომაიდანის” აქტივისტი ალინა პოდოლიანკა.
რა გველის?
სააკაშვილი ჯერ კიდევ გასულ წელს აკრიტიკებდა რადასა და ქვეყნის მთავრობას. გუბერნატორი აღნიშნავდა, რომ მაღალჩინოსნები რეფორმების გატარებაში უშლიდნენ ხელს და ოლიგარქების ინტერესებს იცავდნენ.
2016 წლის სამთავრობო ცვლილებებმა და პრემიერი იაცენიუკის გადაყენებამ (რომელთანაც სააკაშვილს კონფლიქტი ჰქონდა) ოდესის გუბერნატორს პოლიტიკური წონა შესძინა.
ოდესის ოლქის ყოფილი პროკურორი, სააკაშვილის თანამებრძოლი, დავით საყვარელიძე აცხადებდა, რომ უკრაინაში ახალი პოლიტიკური პარტია იქმნება, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც მიხეილ სააკაშვილი იქნება.
24 მაისამდე ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ სააკაშვილი ან მინისტრთა კაბინეტში აპირებდა მოხვედრას, ან – უმაღლეს რადაში (სწორედ ამისთვის იქმნება ხოლმე პარტიები). მაგრამ სააკაშვილმა ყველა გააოგნა, როდესაც მაისის ბოლოს ტელეარხ “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: “ეჭვი არავის შეეპაროს…. – გადაწყვეტრილი მაქვს საქართველოში დავბრუნდე და აქტიურად ჩავება პროცესებში”.
გუბერნატორის პოსტიდან მისი წასვლის შემდეგ ამ არაორდინალური ლიდერის მომავალი კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახდა.