სანქციები, არჩევნები, პოლიტპატიმრები - "წინააღმდეგობის პლატფორმამ" ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნებს მიმართა
წერილი ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნებს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლიდერობით მოქმედმა “წინააღმდეგობის პლატფორმამ” ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების – გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის – ლიდერებს წერილით მიმართა.
წერილში საუბარია ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიმართ თანმიმდევრული და სათანადო პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავების აუცილებლობაზე, ასევე, სანქციების გამკაცრებაზე.
რა წერია წერილში
“ჩვენ, წინააღმდეგობის პლატფორმას, რომელიც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს და რომელსაც კოორდინაციას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უწევს, ქართველი ხალხის სახელით, რომელიც მტკიცედ დგას დემოკრატიის თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციის სადარაჯოზე, გვსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდამჭერი და სოლიდარული გზავნილის გამო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
ჩვენ ვაფასებთ თქვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ – განსაკუთრებით ამ რთულ დროს. თქვენს მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ, რომელიც გამოხატავს ჩვენი ერის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და იდენტობას, მნიშვნელოვანი მორალური და პოლიტიკური წონა აქვს. თქვენი გზავნილი ევროპული საზოგადოების სოლირადობის ძლიერ შეხსენებად გვევლინება საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული მომავლისკენ სწრაფვაში.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენები – მათ შორის დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის მზარდი რეპრესიები, დე-ფაქტო რეჟიმის მიზანმიმართული მცდელობა, რომ ქვეყანა ევროპულ გზას ჩამოაშოროს – ეწინააღმდეგება დემოკრატიული ანგარიშვალდებულების ძირითად პრინციპებსა და ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს. ეს სახიფათო ტრაექტორია, რომელიც ევროპის კარებთან ვითარდება, მხოლოდ მისი მტრების ინტერესებშია,, მაშინ, როცა რუსეთი აძლიერებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ და იყენებს დე-ფაქტო რეჟიმს მოსკოვის სტრატეგიული მიზნების გასატარებლად.
ჩვენ ვრჩებით ერთგულნი ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმიმართ და ვისწრაფვით მიმდინარე კრიზისის დემოკრატიული გზით გადაწყვეტისკენ. ამ მიზნის მისაღწევად, ვთვლით, რომ აუცილებელია შემდეგი ნაბიჯები:
- ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიმართ თანმიმდევრული და სათანადო პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავება – საჭიროა შედეგებზე ორიენტირებული გეგმა მიმდინარე კრიზისის დასაძლევად, მკაფიო პირობებით, რომელიც ერთდროულად წაახალისებს პროგრესს და შეუსრულებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მკაცრად დადგენილ ვადებში.
- სანქციების პოლიტიკა – მიზნობრივმა სანქციებმა უკვე მოახდინა გავლენა რეჟიმის ძალაუფლებრივ ვერტიკალზე, რაც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან საკვანძო ფიგურების წასვლამაც დაადასტურა: ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი და სულ ახლახანს, ვახტანგ გომელაური (რომელიც ამერიკულ “მაგნიტსკის აქტსა” და დიდი ბრიტანეთის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების სიაშია შესული).
ქართველი ხალხი მოელის ამ სანქციების გამკაცრებას, რადგან ეს ხელს უშლის ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას და ამცირებს რეჟიმის გავლენას.
- ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზება – არჩევნები უნდა ჩატარდეს ჭეშმარიტად ღია და დემოკრატიულ გარემოში და უნდა აღმოიფხვრას 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების ყველა ჩავარდნა. შესაბამისი ინსტიტუტების დემოკრატიული ლეგიტიმაციის და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად განსაზღვრულია მკაფიო პირობები და გარანტიები და აუცილებელია მათზე შეთანხმება და მათი ზედმიწევნით შესრულება.
- საქართველოში დემოკრატიული მმართველობის და საქართველოს ევროპული კურსის აღდგენის საგზაო რუკა – აუცილებელია კოლექტიური ძალისხმევა დემოკრატიულ ნორმებთან სწრაფად დასაბრუნებლად და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის აღსადგენად, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის განსახორციელებლად.
- სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერა – მიმდინარე დევნისა და ფინანსური ზეწოლის პირობებში, მნიშვნელოვანია მუდმივი მხარდაჭერა დამოუკიდებელი ხმების შესანარჩუნებლად და ავტორიტარიზმისკენ სვლის შესაჩერებლად.
- პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება – ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც იბრძოდა საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის და რეჟიმის მსხვერპლად იქცა ავტოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ ხმის ამაღლების გამო, უნდა განთავისუფლდეს დაუყოვნებლივ და უპირობოდ.
დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ქმედებები აუცილებელია არა მხოლოდ არსებული კრიზისის დასაძლევად, არამედ ევროპისთვის განმსაზღვრელი ღირებულებებისა და სტანდარტებისადმი საქართველოს ერთგულების ხელახლა დასადასტურებლად.
სრული პატივისცემით მოგიწოდებთ, რომ “ვაიმარის სამკუთხედის” ქვეყნები, სხვა მოკავშირეებთან ერთად, გაუძღვნენ საქართველოში მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესს.”
26 მაისს ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების, გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერებმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და “ქართული ოცნების” ქმედებები დაგმეს.
“საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად, გვინდა მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილი გავუგზავნოთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს.
ეს მისწრაფებები ასახავს მათ მზადყოფნას, იყვნენ ევროპის ოჯახის ნაწილი. შესაბამისად, ვგმობთ ყველა იმ მოქმედებას, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს და რაც დემოკრატიის უკუსვლასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და მთავრობის კრიტიკოსებზე განხორციელებულ თავდასხმებში ვლინდება. საჭიროა სიტყვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა.
გადამეტებული ძალადობის შესახებ ცნობები უნდა იქნას გამოძიებული. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს, საჭიროებს გადახედვას, ხოლო აუცილებელი რეფორმების პროცესი უნდა განახლდეს. საქართველოს ხელისუფლებამ დიალოგი უნდა აღადგინოს ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას ის შესაძლებლობები, რაც ქვეყნის ევროპულ გზას უკავშირდება”, – წერია ერთობლივ განცხადებაში.