„უკვე სულ მცირე ხუთი ათასი ადამიანი დაიღუპა ორივე მხარეს“ - პუტინი ყარაბაღის ომის შესახებ
სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მთიან ყარაბაღში მიმდინარე ომის თემასაც შეეხო.
მისი გამოსვლის მთავარი თეზისები:
„დავიწყოთ თავიდან, მთიანი ყარაბაღიდან და ვის ვუჭერთ მხარს. ჩვენ ვთქვით, რომ რუსეთს ყოველთვის განსაკუთრებული კავშირი ჰქონდა სომხეთთან. მაგრამ ჩვენ განსაკუთრებული კავშირი გვქონდა აზერბაიჯანთანაც. რუსეთში, 2 მილიონზე მეტი სომეხი და დაახლოებით, 2 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. არა მარტო ის ადამიანები, რომლებიც აქ დროებითი სამუშაოსთვის ჩამოვიდნენ, არამედ ისინიც, რომლებიც აქ ფაქტობრივად მუდმივად ცხოვრობენ“.
„ორივე მხრიდან დიდი დანაკარგია. ჩვენი მონაცემებით, ორივე მხრიდან, 2 ათასზე მეტი დაღუპულია (სამხედროებს შორის). სულ კი გარდაცვლილთა საერთო რიცხვი უკვე 5 ათასს აღწევს. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმას, რომ ავღანეთში ომის 10 წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის არმიას დაეღუპა 13 ათასი ჯარისკაცი. აქ კი, ასეთ მოკლე დროში – თითქმის, 5 ათასი“.
• ყარაბაღი და „მშვიდობა ტერიტორიების სანაცვლოდ“ – მოსაზრება ბაქოდან შვიდი რაიონის შესახებ
„ჩვენთვის სომხეთიცა და აზერბაიჯანიც თანაბარი პარტნიორები არიან. და ჩვენთვის უდიდესი ტრაგედიაა, როდესაც იქ ადამიანები იღუპებიან. ჩვენ სრულფასოვანი ურთიერთობების აგება გვინდა, როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან“.
„ჩანდა, რომ კიდევ ცოტაც და გადაწყვეტილებას მოვნახავდით. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა და დღეს გვაქვს კონფლიქტი, მისი ყველაზე უარესი ვარიანტის სახით“.
„როგორც იცით, ძალიან მჭიდრო კონტაქტი მაქვს პრეზიდენტ ალიევთანაც და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთანაც. დღეში, რამდენჯერმე ვესაუბრები ტელეფონით მათ. დღეში, რამდენჯერმე“.
„ჩვენთვის ეს განსაკუთრებული ვითარებაა. დიახ, როგორც მახსოვს, 1992-ში შეიქმნა ჯგუფი, სადაც რუსეთი, საფრანგეთი და აშშ თანათავმჯდომარეები არიან. ჩვენზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მოლაპარაკებების ორგანიზების თვალსაზრისით. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ პროცესის ყველა მონაწილე გულწრფელად ვცდილობთ იმის მიღწევას, რომ პროცესი დარეგულირდეს, მაგრამ ამით არავინ არის ისე დაინტერესებული, როგორც რუსეთი“.
„აი, მაგალითად, მესმის, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ჩვენი (რუსეთისა და თურქეთის) პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა, იმიტომ, რომ, ჩვენ გვჯერა, მსგავსი ტიპის სადავო საკითხები უნდა გადაიჭრას არა ძალისა და იარაღის დახმარებით, არამედ, დიპლომატიური გზით, მოლაპარაკებების მაგიდასთან. დიახ, რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ უკვე 30 წელია მოლაპარაკებები მიმდინარეობს და არანაირი შედეგი არ არის. მაგრამ, მაინც, ჩემი აზრით, ეს არ ნიშნავს, რომ სროლა უნდა დაიწყოს“.