ვინ როგორ ცხოვრობს კავკასიაში?
2008-2009 წლების ეკონომიკური კრიზისის შემდეგ 2010-2013 წლები კრიზისიდან გამოსვლის პერიოდი იყო, რა დროსაც კავკასიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 5%-ით იზრდებოდა.
2014 წლიდან სიტუაცია ისევ გართულდა, რაც თავდაპირველად რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია (რის გამოც რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესდა). მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა ნავთობზე ფასის მკვეთრმა დაცემამ – რეგიონის ორი ქვეყნის – რუსეთის და აზერბაიჯანის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სწორედ ნავთობის ფასზე.
ამ პერიოდში რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპი 1.7%-მდე შემცირდა.
მნიშვნელოვნად გაუფასურდა რეგიონის ყველა ქვეყნის ეროვნული ვალუტა. ამაღლდა ინფლაციის დონე, შემცირდა დოლარში გამოსახული ერთ მოსახლეზე შემოსავალი.
მივყვეთ ქვეყნების მიხედვით:
საქართველო
ბოლო წლებში საქართველოში სტაბილური პოლიტიკური გარემოა, არჩევნები შედარებით მშვიდ გარემოში ტარდება. თუმცა, ამავე პერიოდში, კავკასიის სხვა ქვეყნებში რთული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა იყო, რაც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე ცალსახად უარყოფითად აისახებოდა. საქართველოს მცირე, ღია ეკონომიკა აქვს, რომლის განვითარებაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უცხოურ ინვესტიციებზე, ვაჭრობაზე, ტურიზმზე, საგარეო სესხებზე და დახმარებებზე. ეკონომიკური გლობალიზაციის საერთაშორისო ინდექსში საქართველოს 184 ქვეყანას შორის მე-16 ადგილი უჭრავს. ეს ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ საქართველოს ეკონომიკა ძალიან მგრძნობიარეა.
ეკონომიკური ზრდა: 2010-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 6.6%-ით იზრდებოდა, 2013-2016 წლებში ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური ტემპი 3.2%-მდე შემცირდა. 2016 წელს კი საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 2.2%-ით გაიზარდა. 2013 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება ძირითადად მთავრობის ცვლილების შემდეგ წარმოქმნილმა გაურკვევლობამ გამოიწვია, უცნობი იყო ეკონომიკური განვითარების რა გზას აირჩევდა ახალი მთავრობა. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი.
ეროვნული ვალუტა: 2014 წლიდან, რეგიონის ყველა ქვეყანას მეტ-ნაკლებად კრიზისი დაეტყო. საქართველოს მდგომარეობა განსაკუთრებით 2014 წლის ბოლოდან გაუარესდა – ამის მთავარი მიზეზი ექსპორტის და საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება გახდა.
ამ სავალუტო შემოსავლების შემცირება სწრაფად აისახა ლარის კურსზე – 2015 წლიდან ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო და 2016 წლის ბოლოსთვის იგი უკვე 53%-ით გაუფასურდა.
ინფლაცია: ქვეყანაში გაიზარდა ინფლაციის მაჩენებელი – 2015-2016 წლებში სამომხმარებლო პროდუქცია 7%-ით გაძვირდა.
შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე: ლარის გაუფასურება დოლარში გამოსახულ შემოსავლებს ამცირებს. ამასთან, 2014 წლის ბოლოს ჩატარებულმა საყოველთაო აღრიცხვამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა არა 4.4, არამედ 3.7 მილიონია. შედეგად, დოლარში გამოსახული ერთ მოსახლეზე შემოსავალი ბოლო წლებში ფაქტობრივად არ შეცვლილა და 2016 წელს 3772 დოლარი შეადგინა. მსყიდველობითი უნარით (გათვალისწინებულია ფასებს შორის სხვაობა აშშ-სა და საქართველოს შორის) კი 10100 დოლარია.
ვალი: ლარის გაუფასურების და გაზრდილი საშინაო ვალის გამო, საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ 42%-მდე გაიზარდა. შედარებისთვის – 2013 წლის ბოლოს ვალი მშპ-ს მიმართ 35% იყო.
უმუშევრობის დონე: ოფიციალური სტატისტიკით, უმუშევრობის დონემ ქვეყანაში იკლო. 2015 წლის ბოლოს უმუშევრობის დონემ 12% შეადგინა, მაშინ როდესაც 2012 წლის ბოლოს ის 15% იყო.
აზერბაიჯანი
ნავთობის და გაზის ინდუსტრია აზერბაიჯანის ეკონომიკის 50%-ს შეადგენს, ხოლო ნავთობპროდუქტების და გაზის ექსპორტი მთლიანი ექსპორტის დაახლებით 85%-ია.
ეკონომიკური ზრდა: 2013 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა, 2014-2015 წლებში ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპი 2%-მდე შემცირდა. 2016 წელს კი, მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 3%-ით შემცირდა. აზერბაიჯანის ეკონომიკური ვარდნა ბოლო წლებში ნავთობზე ფასის დაცემას უკავშირდება.
ეროვნული ვალუტა: ნავთობის და გაზის ექსპორტიდან შემცირებულმა სავალუტო ნაკადებმა აზერბაიჯანული მანათის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია. 2015 წლის თებერვლამდე აზერბაიჯანს ფაქტობრივად მანათის დოლარის მიმართ ფიქსირებული კურსი ჰქონდა, ერთი დოლარი 0.78 მანათი ღირდა. მიუხედავად იმისა, რომ მანათის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად აზერბაიჯანმა ცანტრალური ბანკის რეზერვებიდან დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დახარჯა (სულ15 მილიარდ დოლარამდე რეზერვი ჰქონდა), 2016 წლის ბოლოსთვის მანათი 131%-ით გაუფასურდა და ერთი დოლარი 1.80 მანათს გაუტოლდა.
ინფლაცია: ინფლაციის დონემ 2016 წელს 13%-ს მიაღწია.
შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე: მანათის გაუფასურებამ და ეკონომიკის კლებამ, დოლარში გამოხატული ერთ მოსახლეზე წლიური შემოსავალი მნიშვნელოვნად, შეამცირა. 2014 წელს ერთი მოსახლეზე შემოსავალი 8000 დოლარი იყო, რომელიც 2016 წელს 3760 დოლარამდე შემცირდა.
ვალები: სახელმწიფო ვალი მშპ-ს 11%-დან 40%-მდე გაიზარდა.
უმუშევრობის დონე: უმუშევრობა არ გაზრდილა, ბოლო 7 წელია 6%-ის ფარგლებშია.
სომხეთი
სომხეთს მცირე ეკონომიკა აქვს, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უცხოურ ინვესტიციებზე, საზღვარგარეთიდან ფულად გზავნილებზე და სესხებზე. 2015 წლიდან სომხეთი “ევრაზიული კავშირის“ წევრია და შესაბამისად, მისი ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთზე. სომხეთის ექსპორტის 23% რუსეთზე მოდის.
ეკონომიკური ზრდა: 2010-2012 წლებში სომხეთის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 4.7%-ით იზრდებოდა, 2013-2016 წლებში ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური ტემპი 3.1%-მდე შემცირდა. მსოფლიო ბანკის წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს სომხეთის ეკონომიკა 2.4%-ით გაიზარდა.
ეროვნული ვალუტა: რუსეთის რთულმა ეკონომიკურმა სიტუაციამ სომხეთზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. თუმცა, სავალუტო კრისიზის მხრივ სომხეთი რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლებად დაზარალდა, სოხმური დრამი მხოლოდ 20%-ით გაუფასურდა.
ინფლაცია: არ გაზრდილა ინფლაციის დონე. 2016 წელს ინფლაცია 1% იყო.
შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე: 2016 წელს, 2014 წელთან შედარებით, ერთ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 7%-ით შემცირდა და 3596 დოლარი შეადგინა. მსყიდველობითი უნარით კი 8880 დოლარია.
ვალი: გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალი. 2012 წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი მშპ-ს 36.5% იყო, რომელიც 2016 წლის ბოლოსთვის მშპ-ს 51%-მდე გაიზარდა.
უმუშევრობა: უმუშევრობის დონე ქვეყანაში არ გაზრდილა და იგი 18% შეადგენს.
თურქეთი
ბოლო წლებში თურქეთი მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. პირველ რიგში, აღსანიშნავია გახშირებული ტერორისტული აქტები, რაც თურქეთის ეკონომიკის მნიშვნელოვან დარგს – ტურიზმს ძალიან აზარალებს. 2016 წელს თურქეთმა ტურიზმიდან 30%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო, ვიდრე 2015 წელს. 2015 წელს ორჯერ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რადგან პირველი არჩევნების შედეგად კოალიციური მთავრობა ვერ ჩამოყალიბდა. 2015 წლის ბოლოს მნიშვნლოვნად გაუარესდა თურქეთ-რუსეთის ურთერთობები, რასაც რუსეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციების დაწესება მოჰყვა. 2016 წლის ზაფხულში ადგილი ჰქონდა სამხედრო გადატრიალების მცდელობას. სირიის კრიზისის გამო თურქეთში მილიონობით დევნილი შევიდა.
ეკონომიკური ზრდა: აღნიშნული პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად თურქეთის ეკონომკა ზრდის პოზიტიურ ტემპს ინარჩუნებს. 2010-2013 წლებში თურქეთის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 6.1%-ით იზრდებოდა, 2014-2016 წლებში ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპი 3.2%-მდე შემცირდა. მსოფლიო ბანკის წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს თურქეთის ეკონომიკა 2.5%-ით გაიზარდა.
ეროვნული ვალუტა: ბოლო სამ წელიწადში თურქული ლირა 67%-ით გაუფასურდა.
ინფლაცია: 2015-2016 წლებში ინფლაციის ტემპმა 9%-ს მიაღწია. ბოლო 5 წელიწადში ლირებში გამოსახული სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასები 46%-ით გაიზარდა.
შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე: ლირას გაუფასურებამ დოლარში გამოსახული შემოსავლების კლება განაპირობა. 2016 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალმა 9317 დოლარი შეადგინა, როცა 2013 წელს 10761 დოლარი იყო. მსყიდველობითი უნარით კი ერთ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 21150 დოლარია.
უმუშევრობა: უმუშევრობის დონე არ გაზრდილა, 10%-ის ფარგლებში ნარჩუნდება.
ვალი: სახელმწიფო ვალი შემცირდა. 2012 წელს სახელმწიფო ვალი მშპ-ს 36% იყო, 2016 წლის ბოლოსთვის კი 32% შეადგინა.
რუსეთი
რუსეთის ეკონომიკაში განსაკუთრებული პრობლემები 2014 წლიდან დაიწყო, რაც ნავთობის ფასის მკვეთრმა დაცემამ და უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გამო დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულმა სანქციებმა განაპირობა. რუსეთს ექსპორტის 60%-მდე ნავთობის და გაზის ექსპორტზე მოდის. ასევე, ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლების 50%-ს ნავთობის და გაზის სექტორიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს.
ეკონომიკური ზრდა: 2010-2013 წლებში რუსეთის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 3.3%-ით იზრდებოდა. 2014 წელს რუსეთის ეკონომიკა 0.7%-ით გაიზარდა. ყველაზე მძიმე იყო 2015 წელი, როდესაც ეკონომიკა 3.7%-ით შემცირდა. მსოფლიო ბანკის წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს რუსეთის ეკონომიკა 0.6%-ით შემცირდა.
ეროვნული ვალუტა: 2014-2016 წლებში რუსული რუბლი 85%-ით გაუფასურდა. ეს იმ ფონზე, როდესაც რუბლის სტაბილურობისთვის რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 148 მილიარდი დოლარით შემცირდა (456 მილიარდიდან 308 მილიარდამდე).
ინფლაცია: ბოლო სამი წლის საშუალო წლიურმა ინფლაციამ 10% შეადგინა.
შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე: რუბლის გაუფასურებამ და ეკონომიკის შემცირებამ დოლარში გამოსახული შემოსავლების 57%-ით კლება განაპირობა. 2016 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალმა 8838 დოლარი შეადგინა, როცა 2013 წელს 15560 დოლარი იყო. მსყიდველობითი უნარით ერთ მოსახლეზე წლიური შემოსავალი რუსეთში 26100 დოლარია და კავკასიის რეგიონში ყველა მდიდარი ქვეყანაა.
ვალი: სახელმწიფო ვალი მშპ-ს 13%-დან 17%-მდე გაიზარდა.
უმუშევრობა: 2013 წლის შემდეგ უმუშევრების რაოდენობა დაახლოებით ნახევარი მილიონი კაცით გაიზარდა და უმუშევრობის დონის მაჩვენებელმა 6%-ს მიაღწია (იყო 5.5%).
სტატიის ავტორი: ბესო ნამჩავაძე – საქართველოს რეფორმების ასოციაციის მთავარი ეკონომისტი, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი
* სტატია მომზადებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით. http://www.worldbank.org/en/publication/global-economic-prospects http://www.imf.org/external/ns/cs.aspx?id=28