ხუთმა ოპოზიციონერმა იუსტიციის საბჭოს "ოცნების" კანდიდატებს მისცა ხმა. ვინ დაეხმარა ხელისუფლებას
ვინ მისცა იუსტიციის საბჭოს “ოცნების” კანდიდატებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრის დროს, რამდენიმე ოპოზიციონერმა “ქართული ოცნების” კანდიდატებს დაუჭირა მხარი და ამით მმართველ პარტიას დაეხმარა სასურველი კანდიდატის არჩევაში.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ის ხუთი დეპუტატი, რომლებმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებს მხარი დაუჭირეს არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.
ისინი პარლამენტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია” პარტიული სიით მოხვდნენ.
კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. მანამდე მმართველმა გუნდმა 5 ვაკანტურ პოზიციაზე სამი ახალი წევრის არჩევა მოახერხა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა). კვორუმისთვის საჭირო იყო 90 დეპუტატის მხარდაჭერა.
სწორედ მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი. დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ოპოზიცია შეთანხმებული იყო იმაზე, რომ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერდნენ, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი “გაიყიდა” და მმართველ პარტიას დაეხმარა სასურველი კანდიდატის არჩევაში.
● როგორ მივიდა საქართველოს სასამართლო სისტემა დასავლურ სანქციებამდე
● “ქართულმა ოცნებამ” კვლავ შეუშალა ხელი მოსამართლეების კორუფციის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას
● კელი დეგნანი სანქციებზე: კორუფციული ქმედებებით სამართლის უზენაესობა შებღალეს
“ლელო- საქართველოსთვის” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრის დროს “რამდენიმე ოპოზიციონერი ქართულ ოცნებას გაურიგდა” და დაეხმარა სასურველი კანდიდატის არჩევაში.
“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის თემა არის ერთ-ერთი მთავარი თემა 12 რეკომენდაციის შესრულების ნაწილში და მოითხოვს პოლიტიკურ კონსენსუსს, სხვა შემთხვევაში, რეკომენდაცია შესრულებულად არ ჩაითვლება. ჩვენ ვთავაზობდით მათ ღია მოლაპარაკებებს და პოლიტიკურ კონსენსუსს, ქართულმა ოცნებამ არ მოისურვა ეს, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან”, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
“გირჩის” წევრი, ჰერმან საბო ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატების მის პარტიას და პარტია მოქალაქეებს ხმა არ მიუციათ.
“ხმის მიცემები რომ დაიწყო და გამოჩნდა რომ ვიღაცა “გვარცხვენ” ოპოზიციიდან, სალომე სამადაშვილმა დაიძახა – “აბა, ავდგეთ ახლა და გავიდეთ ყველა, ვინც დარჩება დარბაზში, ისინი იქნებიან მიმცემებიო” და ადგა ეს ხალხი, ხმის მიმცემებიანად და გალაგდა გარეთ. სალომეს დაძახილზე მარტო გირჩები, ელისაშვილები და აქუბარდია არ წამოვხტით, მაგრამ ჩვენ არცერთს არ მიგვიცია”, – წერს ჰერმან საბო ფეისბუქზე.
პარტია “საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური აღნიშნავს, რომ მათ გაცხადებული ჰქონდა ორი კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა – სულხან სალაძე და კახა წიქარიშვილი – თუმცა მათ კენჭისყრამდე საქმე არც მისულა.
“სამწუხაროდ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ივაჭრა ქვეყნის ევროპული მომავლით.” – განაცხადა ბუჩუკურმა.