ვინ არის მთავარი ფეხბურთში
არც ისე დიდ ხნის წინათ მოსკოვის სპარტაკის მფლობელმა ლეონიდ ფედუნმა თანამედროვე საფეხბურთო მწვრთნელის როლი შეაფასა და გუნდის ხელმძღვანელის ფაქტორი მხოლოდ 10%-ით შეაფასა, რითაც ყოველმხრივი, უსასტიკესი ობსტრუქცია დაიმსახურა. ასეთ განცხადებას სხვანაირი რეაქცია ვერც მოჰყვებოდა.
თუმცა, მიუხედავად იმ კრიტიკისა, რაც ფედუნმა მიიღო, მის ნათქვამში ნამდვილად არის ერთგავრი სიმართლე.
რუსეთის ყველაზე პოპულარული კლუბის მეპატრონეობის განმავლობაში მან ათობით მწვრთნელი გამოცვალა, და შეუძლია, დასკვნები პირადი გამოცდილებიდან გამოიტანოს. ალბათ ყველს ის მწვრთნელი, რომელიც მას ცხოვრებაში შეხვედრია, აუცილებლად უკავშირებდა ხოლმე გუნდის გამოსვლის შედეგებს იმ დიდ თანხებს.,რაც ფეხბურთელების ტრანსფერებში იხარჯებოდა
და ამ ყველაფრის ხშირი მოსმენის შემდეგ მან პრაგმატულად დაასკვნა: გუნდის წარმატებულ ასპარეზობაში ლომის წვლილი მიუძღვის ხარჯვით ბიუჯეტს. ამ ფეხბურთელების სათამაშო პოზიციების სწორად განმსაზღვრელ მწვრთნელს კი ძალიან მცირედი როლი აქვს.
როდესაც ხედავ, თუ ვინ იგებს ამა თუ იმ ეროვნულ ჩემპიონატსა და ევროპული თასების გათამაშებებში და შემდეგ პირველობაში მონაწილე კლუბების ბიუჯეტებსა და სატურნირო ცხილებს ადარებ (იქ კი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ერთი და იგივე ხდება), ხვდები, რომ ლეონიდ ფედუნი არც ისე შორს არის ჭეშმარიტებისგან.
ყველაზე მაგარი მწვრთნელებიც კი – ისეთები, როგორებიც არიან, მაგალითად, ჟოზე მაურინიო, პეპ გვარდიოლა, ან კარლო ანჩელოტი, მათი გახმაურებული სახელების მიუხედავად, შედეგს პირდაპირ უკავშირებენ იმ შემადგენლობას, რომელიც მათ განკარგულებაშია. ასეთი შემადგენლობა კი აუცილებლად მსოფლიოს ნაკრების ერთ-ერთი ვარიანტი უნდა იყოს.
მითხარით, რა შედეგს მიაღწევდა გვარდიოლა ინგლისის პრემიერლიგაში, სადაც ის ახლა “მანჩესტერ სიტის” წვრთნის, თუკი ამ სეზონში არა არაბი შეიხების ამ საყვარელ სათამაშოს, არამედ არანაკლებ შეძლებულ (ამჟამად ინგლისის პრემიერლიგაში მოთამაშე ყველა გუნდი შეძლებულია), მაგრამ ნაკლებად უნარიან “ბორნმუთს” ჩაუდგებოდა სათავეში? ალბათ, თავადაც წარმატებად ჩათვლიდა, თუკი ჩემპიონშიპში არ გავარდებოდა.
“ბორნმუთში” ალბათ ვერავინ ნახავდა იმ “ტიკი-ტაკას”, რომლითაც პეპი სუპერკლუბიდან სუპერკლუბში “მოგზაურობს”, რადგან თამაშის ეს სტილი, რომელიც მოკლე პასებსა და, ბურთის გაკონტროლების მიზნით, განუწყვეტელი დრიბლინგის სინთეზს წარმოადგენს, არ მუშაობს, თუ შემადგრნლობა უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით არ არის დაკომპლექტებული.
კალუმ უილსონი, ჯოშუა კინგი და ჰარი არტერი … “ბორნუთის” ამ ფეხბურთელების მიმართ პატივისცემის მიუხედავად, ისინი წმინდა ბრიტანული ფეხბურთის ვარსკვლავებიც კი ვერ არიან, ხოლო მსოფლიო სტანდარტებზე საუბარიც ზედმეტია. “ბორნმუთში” მოთამაშე ფეხბურთელების ასეთი შემადგრნლობით გვარდიოლა “მეორე ნომრად” თამაშისთვის იქნებოდა განწირული და იმედს იშვიათ კონტრშეტევებსა და სტანდარტული მომენტების გათამაშებაზე დაამყარებდა.
და, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მწვრთნელი ასეთი ფეხბურთელებით მაინც ახერხებს შედეგების მიღებას და ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასაც კი.
დიახ, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რანიერის, რომელსაც თავისი ძველი გუნდებით არაფერი მოუგია, გაუმართლა, როდესაც მისი ხელმძღვანელობით მოთამაშე მოკრძალებელმა “ლესტერმა” მოულოდნელად ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამჟამად იმავე შემადგრნლობითა და იმავე მწვრთნელით მოასპარეზე ეს გუნდი სატურნირო ცხრილის ფსკერზე ფართხალებს, რაც სამწვრთნელო წარმატების საკითხს ეჭვქვეშ აყენებს.
მაგრამ ევროპულ ფეხბურთში მოიძებნებიან მწვრთნელები, რომლებიც რეგულარულად ამტკიცებენ, რომ საფეხბურთო წარმატება ყოველთვის ფულზე არაა დამოკიდებული.
ოდესღაც (შორეულ 2008 წელს) კლოპმა ფინანსურად გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი დორტმუნდის “ბორუსია” ჩაიბარა და სამ წელიწადში ამ კლუბს ჩემპიონობა მოუტანა. მის მიერ ნაპოვნი და კაპიკებად ნაყიდი ფეხბურთელები კი ორიოდე წელიწადში ვარსკვლავებად იქცნენ.
თუმცა, ზოგიერთი მათგანი (მაგალითად, მარიო გიოცე) კლოპის ხელმძღვანელობით მოთამაშე გუნდში თამაშამდეც ვარსკვლავი იყო, მაგრამ ეს გარემოება მხოლოდ ხაზს უსვამს გერმანელი სპეციალისტის შესაძლებლობს.
ამჟამად კლოპი რაღაც მსგავსის გაკეთებას “ლივერპულთან” ერთად აპირებს. მაურინიოსა და გვარდიოლასგან განსხვავებით, იგი კლუბის ხელმძღვანელობისგან სატრანსფერო ფანჯრის დროს უზარმაზარი თანხების ხარჯვას არ ითხოვს (მიუხედავად იმისა, რომ ამის საშუალება არსებობს) და ფსონს მხოლოდ საკუთარ სამწვრთნელო ნიჭსა და ფეხბურთელების დარწმუნების უნარზე დებს. იგი თავის შეგირდებს არწმუნებს, რომ მათთვის გადაუჭრელი ამოცანები არ არსებობს.
და ამასთან, ვერავინ იტყვის დაბეჯითებით, რომ სეზონის ბოლოს ორი მანჩესტერული გრანდის დაჯაბნა არ გამოუვა.
რატომღაც მგონია, რომ “ბორნმუთთან” სულით არ დაეცემოდა და ორ-სამ სეზონში ამ ნაკლებად ტიტულოვან კლუბს აქცევდა გუნდად, რომელსაც ყველა ანგარიშს გაუწევდა.
კლოპის პარალელურად, თავისი გზით მიდის კონკრეტულად სამწვრთნელო გუნდების შექმნის კიდევ ერთი სპეციალისტი, დიეგო სიმეონე. მისი ფეხბურთი ნაკლებად სანახაობრივია და გერმანელის სანახაობრივ ფეხბურთს უპირისპირდება.
ამის მიუხედავად, თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე აგრესიულ კლუბისთვის ჯილდო რომ იყოს დაწესებული, ამ ტიტულს ალბათ მადრიდის “ატლეტიკო” მიიღებდა. ამ გუნდის შემადგენლობა არ არის დაყოფილი იმ ფეხბურთრლებად, რომლებიც როიალს ათრევენ და იმ სპორტსმენებად, რომლებიც ამ როიალზე უკრავენ.
გუნდის ერთადერთი ვარსკვლავი, ანტუან გრიზმანი სხვებთან ერთად ასრულებს შავ სამუშაოს და ეს გარემოება სიმეონეს საფეხბურთო ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილია. სხვა შემთხვევაში, “ატლეტიკო” ვერასდროს გაუწევს კონკურენციას მსოფლიო ნაკრების ორ ნაირსახეობას – მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას”.
და მაინც, ფედუნი არ არის მართალი. სწორედ მწვრთნელი ქმნის გუნდს კარგი და ცუდი ფეხბურთელებისგან. ან ვერ ქმნის და, ამ შემთხვევაში, ჩნდება აზრი, რომ გუნდის წარმატება მხოლოდ 10%-ითაა დამოკიდებული მწვრთნელზე.
გამოქვეყნდა: 24.10.2016