საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები 23 ივნისს, საბჭოს ყოველწლიურ სხდომაზე საქართველოს შესახებ იმსჯელებენ.
როგორც ელჩი განმარტავს, ევროკავშირის მინისტრები სამ საკითხს განიხილავენ – ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას, სანქციების შესაძლო შემოღებას და უვიზო მიმოსვლას.
“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ზეგ, 23 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. ეს არის მათი ყოველთვიური საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა, და ისინი კვლავ განიხილავენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ განიხილონ რაც სურთ.
ზუსტად არ ვიცი რა იქნება დღის წესრიგში, მაგრამ მომზადების ეტაპზე, დაბალ დონეზე – ელჩების დონეზე – გამართული დისკუსიებიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ დიდი ალბათობით წევრი სახელმწიფოები სამ საკითხს განიხილავენ:
პირველი საკითხია: ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასა და დემონიზაციაზე, რაც ხდება საქართველოში და, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ხორციელდება ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მიერ.
მეორე საკითხია: ადამიანის უფლებების დარღვევის გამო შესაძლო სანქციების შემოღება.
მესამე საკითხია: უვიზო მიმოსვლის პრივილეგიის საკითხი, რომელიც ქართველებისთვის მოქმედებს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა.
მაგრამ უნდა დაველოდოთ ორშაბათს, და გთხოვთ, ეს კითხვები ორშაბათს ლუქსემბურგში დაუსვათ უმაღლეს წარმომადგენელს, ვიცე-პრეზიდენტს”. – თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროპის მინისტრთა საბჭომ და ევროპარლამენტმა 17 ივნისს მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც განახლდა მექანიზმები მესამე სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ცვლილებების შედეგად ევროკავშირი უკეთეს მდგომარეობაში იქნება იმ სიტუაციებზე რეაგირებისთვის, “როდესაც უვიზო მიმოსვლა ბოროტად გამოიყენება ან ევროკავშირის ინტერესების” საწინააღმდეგოდ მუშაობს.
უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი საფუძვლები შემდეგნაირად განისაზღვრა:
ქვეყნის უვიზო რეჟიმის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, იმ შემთხვევებში, როდესაც – ამ ქვეყნის ევროკავშირთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო – ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვა მესამე ქვეყნების მოქალაქეების არაავტორიზებული ჩამოსვლის ზრდა.
ინვესტორთა მოქალაქეობის სქემის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, წინასწარ განსაზღვრული გადახდების ან ინვესტიციების სანაცვლოდ, მოქალაქეობა ენიჭებათ იმ პირებს, რომლებსაც არ აქვთ რეალური კავშირი შესაბამის მესამე ქვეყანასთან.
ჰიბრიდული საფრთხეები და ხარვეზები დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კანონმდებლობასა და პროცედურებში.
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ან გაეროს წესდების სერიოზულ დარღვევებს.