კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) კვლევის თანახმად, თუ ევროკავშირი მართლაც შეაჩერებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას, გამოკითხულთა 51% პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
თავად ევროკავშირს ამაზე პასუხისმგებლობას მხოლოდ 13% აკისრებს, ოპოზიციას კი – 5%.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის მოსახლეობის 78% ამბობს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის დამაზიანებელი იქნება.
“მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები, ქალები და დედაქალაქში მცხოვრებნი უფრო მეტად ამბობენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოქალაქეებისთვის ცუდი და დამაზიანებელი იქნება, ამ მხრივ საზოგადოება საკმაოდ ერთსულოვანია და დემოგრაფიულ ჯგუფებს შორის დიდი განსხვავებები არ გამოიკვეთა”, – აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობაში კვლავ მაღალია ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა. ევროკავშირის წევრობას გამოკითხულთა 78% ემხრობა.
ახალგაზრდებში (18-34) საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია — 86%. უფროს ასაკობრივ ჯგუფებში მხარდაჭერის მაჩვენებლები მცირედით იკლებს, თუმცა, ევროკავშირში გაწევრიანებას მაინც დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს: 35-54 წლის კატეგორიაში 76%, ხოლო 55+ ასაკობრივ ჯგუფში — 71%. სქესის მიხედვით განსხვავება პრაქტიკულად არ ფიქსირდება, თუმცა, დედაქალაქის მოსახლეობაში მხარდაჭერა უფრო მაღალია, ვიდრე რეგიონებში.
ევროკავშირისა და ვიზალიბერალიზაციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების შესასწავლად საქართველოს მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა CRRC-საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაკვეთითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა. გამოკითხვა 2025 წლის 8-12 აგვისტოს მიმდინარეობდა კომპიუტერით მხარდაჭერილი სატელეფონო ინტერვიუს (CATI) მეთოდით. შემთხვევით გენერირებული ტელეფონის ნომრების შერჩევის საფუძველზე სულ 1,333 რესპონდენტი გამოიკითხა. შედეგები საქართველოს ქართულენოვანი ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითია. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 1.56%-ს შეადგენს.