უსაფრთხოების ზომები და შიში
ფრანგი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, თბილისში რამდენიმე შენობა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა.
პრეზიდენტის რეზიდენცია
თბილისის საკრებულო
ტელეკომპანია “რუსთავი 2″
მშვიდობის ხიდი
ტელეკომპანია «რუსთავი2»-მა საინფორმაციო გამოშვება ორიგინალურად დაიწყო – «კურიერის» ტრადიციული ქუდის ნაცვლად ეთერში «მარსელიეზა» გაისმა (იხილეთ ვიდეო).
ეს კი საქართველოს პარლამენტის შენობაა, სადაც თბილისელები ტრანსფარანტებითა და სანთლებით მივიდნენ, რათა ფრანგ ხალხთან ერთად გაეზიარებინათ მომხდარი ტრაგედია.
პარიზის ტერაქტებიდან სულ ცოტა ხანში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ საზღვრებზე და აეროპორტებში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ფეისბუკის ქართული სეგმენტი აღნიშნულ გამცხადებას თავშეკავებულად შეხვდა, თუმცა, უსაფრთხოების საკითხი ძალიან აქტუალურია.
‘საფრანგეთისნაირი ძლიერი სახელმწიფო თავს ვერ იცავს ისლამისტებისგან და მასშტაბური ტერორისტული აქციის ეპიცენტრი ხდება. მეშინია წარმოვიდგინო, რა დაუცველია საქართველო, სადაც არანაირ ანტიტერორისტულ გეგმაზე საუბარიც არაა, დაწერა მომხმარებელმა სახელით Anna Kaplan.
‘რადიო თავისუფლების’ ჟურნალისტმა გოგა აფციაურმა 2005 წლის თებერვალში გორში განხორციელებული ტერაქტი გაიხსენა. გოგა თავადაა გორში მომხდარი აფეთქების მომსწრე: ‘ჰჰაერში ტროტილის, დამწვარი მანქანების, სისხლის და ადამიანის დამწვარი ხორცის სუნი ტრიალებდა. ეს სუნი მერე დიდხანს დარჩა ცხვირში. დაჭრილები შველას ითხოვდნენ. ადამიანები ქაოტურად დარბოდნენ. ეს არის ტოტალური შიში, შიში იმისა რომ კიდევ რაღაცა აფეთქდება, შიში იმისა რომ ამ დაღუპულის ან დაჭრილის ადგილას შეიძლება შენ ყოფილიყავი. ცდილობ სხვების დახმარებას მაგრამ არც ეს გამოგდის, უაზროდ ილანძღები და რეალურად ისიც კი არ იცი ვინ არის მტერი’.
ტერმინ ‘ისლამური სახელმწიფოს’ სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლები საკმაოდ მგრძნობიარედ აღიქვამენ. ისინი საქართველოსა და ამ სახიფათო ორგანიზაციის ურთიერთკავშირს იხსენებენ. ზოგიერთი ცნობით, ამ ორგანიზაციას საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქეც შეუერთდა. ფეისბუკის ზოგიერთი მომხმარებელი იმ საარქივო მასალებსაც აზიარებს, რომლებიც ამ თემას ეხება.