ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის და, პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია
გაზიარება
გაზიარება
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირზე
ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „2030+“ წლისთვის 30-ზე მეტი სახელმწიფოს გაწევრიანებისთვის უნდა მოემზადოს და თუ ეს ორგანიზაციის საბაზისო შეთანხმებებში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, ეს უნდა გაკეთდეს. მან პოტენციურ ევროკავშირის წევრებს შორის სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც დაასახელა, ოღონდ მხოლოდ “პერსპექტივაში.”
აღსანიშნავია, რომ იგივე განაცხადა 7 სექტემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმაც. მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა რეალურია და განმარტა, რომ უკრაინა, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები. ბერბოკმა იგივე გაიმეორა საქართველოზეც, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში დაამატა, რომ ეს შედარებით უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა.
„უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის და, პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ამიტომ ორგანიზაციამ არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევაზე პასუხი უნდა მოძებნოს და ამ ქვეყნების დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერის გზა გამონახოს“ – განაცხადა დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, ევროკავშირი თანდათან გეოპოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდა. ფონ დერ ლეიენმა გაამახვილა ევროკავშირის მიერ უკრაინის სტაბილურ მხარდაჭერაზე და ჩინეთის, როგორც გლობალური გამოწვევის დაბალანსებაზე. მისი თქმით, ბოლო წლების პოლიტიკამ ევროკავშირი უფრო მეტად აქცია, ვიდრე ეს ეკონომიკური გაერთიანებაა.
2024 წელს ევროკავშირის არჩევნებია, სადაც შესაძლოა ევროპული კომისიის ახალი პრეზიდენტი აირჩიონ. თითქმის ერთ საათიანი გამოსვლის მიუხედავად, ურსულა ფონ დერ ლაიენს არ უთქვამს, აპირებს თუ არა ევროპული კომისიის პრეზიდენტობის თანამდებობისთვის ბრძოლას.
ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი საქართველომ 2022 წლის 3 მარტს წარადგინა, რის შემდეგაც მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი. შევსებული კითხვარი ბრიუსელს “ქართულმა ოცნებამ” მაისში გადასცა.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიამ დასკვნა 2022 წლის 17 ივნისს მოამზადა. შედეგად, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი და დაეკისრათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ 12 პუნქტიანი გეგმის და პირობების შესრულება დაევალა, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
2023 წლის 22 ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ საქართველომ სრულად შეასრულა თორმეტიდან სამი რეკომენდაცია, ნათქვამია შუალედურ მოხსენებაში, რომელიც აფასებს, რამდენად შეასრულა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პრიორიტეტი.
რაც შეეხება მოლდოვას და უკრაინას, რომელთა პროგრესიც ასევე საქართველოსთან ერთად იქნა შეფასებული – მოლდოვას ცხრა პრიორიტეტი ჰქონდა შესასრულებელი და სრულად შეასრულა სამი (დემოკრატიულ რეფორმები, სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი და ადამიანის უფლებების დაცვა).
რაც შეეხება უკრაინას, მან ამ დრომდე სრულად შეასრულა შვიდიდან ორი რეკომენდაცია, რომლებიც სასამართლო რეფორმას და მედიის შესახებ კანონმდებლობას ეხება. შუალედური ზეპირი ანგარიში მნიშვნელოვანი სიგნალი ქვეყნებისთვის და მიანიშნებს იმაზე, თუ რომელ სფეროებს უნდა მიაქციოს ქვეყანამ განსაკუთრებული ყურადღება, ვიდრე ოქტომბერში ევროკომისია გაფართოების პაკეტს და რეკომენდაციებს წარადგენს.