უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება “ქართული ოცნების” ახალ წინასაარჩევნო რეკლამას, სადაც უკრაინის ომის კადრები და განადგურებული ინფრასტრუქტურაა გამოყენებული, გვერდით კი – “მშვიდობის” მაგალითად თბილისის კადრებია. უკრაინა აცხადებს, რომ ასეთი “ცინიკური ნაბიჯები” უკრაინელი ხალხისა და რუსული აგრესიის მსხვერპლთა მიმართ ზიზღს გამოხატავს და უკრაინულ საზოგადოებაში სამართლიან აღშფოთებას იწვევს.
უკრაინის საგარეო უწყება ვიდეოს მორიგ “არამეგობრულ ქმედებას” უწოდებს და განმარტავს, რომ “ქართული ოცნება” საკუთარი პიარის მიზნით აგრძელებს ვიდეოების გამოქვეყნებას, სადაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესიის საშინელი შედეგებია ასახული.
მათივე თქმით, “სამწუხაროა იმის ყურება”, თუ როგორ ემორჩილება საქართველოს ხელისუფლება მოსკოვს და უგულებელყოფს ღირსებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რომლებიც “ისტორიულად თანდაყოლილია ქართველი ერისთვის” და მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
“ვურჩევთ საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკურ სტრატეგებს, იყვნენ გულახდილები საკუთარ ხალხთან და თავიანთ გვერდებზე უფრო ჭეშმარიტი სურათი განათავსონ: მარჯვნივ რუსეთის სამფეროვანი დროშა და მარცხნივ ევროკავშირისა და NATO-ს დახურული კარები. ეს რეალობას შეესაბამება, რადგან ამჟამინდელმა საქართველოს მთავრობამ ქვეყანას არა ომი, არამედ ევროპული მომავალი წაართვა”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ამავდროულად, საგარეო საქმეთა აცხადებს, რომ უკრაინა თანმიმდევრულად და ურყევად უჭერს მხარს მეგობარი ქართველი ხალხის სურვილს, ააშენონ დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო.
“ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვლავ გამოიყენა უკრაინულ ქალაქებში რუსეთის აგრესიის შედეგად მიყენებული ნგრევის კადრები.
ვიდეოში ომის შავ-თეთრ კადრებს ახლავს ფერადი სცენები “წარმატებული“ საქართველოს შესახებ და წარწერები: “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“.
ოცნება უკრაინაში ომის კადრებს საარჩევნო აგიტაციისთვის პირველად არ იყენებს — მსგავსი მასალა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენიშვნების მიუხედავად, პარტიამ 2024 წლის შემოდგომაზეც გაავრცელა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ.
ბანერები, რომლებიც ქუჩებში 2024 წლის 26 სექტემბერს გამოჩნდა, ასახული იყო უკრაინის დაბომბილი ეკლესია, მარიუპოლის განადგურებული თეატრი, ასევე მიწასთან გასწორებული ქალაქი – წარწერით “არა ომს”, შედარებისთვის კი საქართველოს სხვადასხვა ლოკაცია წარწერით – “აირჩია მშვიდობა”. ბანერები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე იყო დამონტაჟებული.
ასევე, ოცნებამ პროპაგანდისტული ვიდეორგოლიც დაამზადა, რომელშიც უკრაინელი ხალხის ტრაგედია იყო ნაჩვენები – ის არაეთიკურია, შეიცავს ომის პროპაგანდას, ეროვნული შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებას და ამომრჩევლის ომით დაშინებას.