გიორგი კინოიანის შემდეგ სომხეთიდან რუსეთში ექსტრადიციის საფრთხე კიდევ ერთ უკრაინაში მებრძოლ ქართველს, ვანო საბაშვილს ემუქრება.
მისი მეგობრების თქმით, საბაშვილს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საერთაშორისო ძებნილთა სიაში იმყოფებოდა. საქართველოს კონტროლირებადი საზღვარი მან უპრობლემოდ გადაკვეთა, თუმცა სომხეთის მხარეს დააკავეს. ქართველი მებრძოლი 9 სექტემბერს დააკავეს — იგი სომხეთში სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდა.
ვანო საბაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რვა წლის განმავლობაში მსახურობდა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების პირველ ეტაპზე ის ინტერნაციონალური ლეგიონის რიგებში იბრძოდა. კონტრაქტის დასრულების შემდეგ საბაშვილი სამშობლოში დაბრუნდა. მოგვიანებით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ იგი უკრაინის მხარეს ბრძოლის გამო დაუსწრებლად გაასამართლა და პატიმრობა მიუსაჯა.
ქართველი მებრძოლის გადაცემა რუსეთში სომხეთის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. გადაწყვეტილებამდე რუსეთს 40-დღიანი ვადა აქვს, რათა წარმოადგინოს საბაშვილის წინააღმდეგ ბრალის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ამ დროისთვის, სომხეთის საპატიმროში წინა საექსტრადიციო ვადის ფარგლებში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი კინოიანიც იმყოფება.
ქართველმა მესაზღვრეებმა მებრძოლი საზღვარზე ისე გაუშვეს, არ მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ წითელი ცირკულარით იყო ძებნილი. ოჯახის თქმით, თუ მას საქმის კურსში ჩააყენებდნენ, კინოიანი საქართველოს არ დატოვებდა.
კინოიანის თანამებრძოლები ამბობენ, რომ მისი რუსეთში ექსტრადირება სარისკოა და დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული.
სომხეთი დსთ-ის წევრია და ვალდებულია, დაიცვას კიშინიოვის კონვენციის დებულებები სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ. ამ კონვენციის ფარგლებში არსებობს საერთო სასაზღვრო ბაზა, რომელშიც ავტომატურად შეაქვთ მონაცემები მათ შესახებ, ვის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული ან ძებნილი არიან დსთ-ის წევრი სახელმწიფოების მიერ, მათ შორის რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და სომხეთის.
სომხეთის კანონებით, მას შემდეგ, რაც ძიების გამომცხადებელი დსთ-ს წევრი სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა, გამოიყენება პრევენციული ზომები – 40-დღიანი პატიმრობა. შემდეგ ინიციატორ ქვეყანას დაკავების შესახებ აცნობებენ და ექსტრადიციის ოფიციალურ მოთხოვნას ელიან.