უკეთესია თუ არა მეტი დეპუტატი?
საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობის რაოდენობრივ ცვლილებებთან დაკავშირებული კანონპროექტი ჯერ მხოლოდ ერთი მოსმენითაა მიღებული, მაგრამ შეიძლება ითქვას, ეს უკვე გადაწყვეტილი საკითხია, რადგანაც პირველ მოსმენაზე აღნიშნული კანონი, ფაქტობრივად, ერთხმად მიიღეს. აღნიშნულ ინიციატივის წინააღმდეგი მხოლოდ ერთი დეპუტატი აღმოჩნდა.
აფხაზეთში ახალი სადეპუტატო მანდატები საარჩევნო სისტემის ცვლილებების შედეგად გაჩნდება. დღემდე აფხაზეთის პარლამენტის ყველა დეპუტატი მაჟორიტარი იყო, ანუ არჩევნებამდე შექმნილ შესაბამის ოლქებში მათ პირდაპირ ირჩევდა მოსახლეობა. ახალი საარჩევნო სისტემა შერეული იქნება – 27 მაჟორიტართან ერთად პარლამენტში ის 28 დეპუტატიც შევა, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვებული პარტიები დაასახელებენ (საუბარია პროპორციული სისტემის გამოყენებაზე).
სპიკერმა ვალერი ბგანბამ აღნიშნული ცვლილების მხარდასაჭერად განაცხადა, რომ “თუკი მაჟორიტარობა მოსახლეობასთან უშუალო კავშირს ნიშნავს, იმედია, პარტიული სიებით შესული დეპუტატები მომავალში პარლამენტის პროფესიონალური ნაწილს შეადგენენ.”
ის, რომ აღნიშნული საკუნსტიტუციო ცვლილება ასეთი სიმსუბუქით მიღეს პირველი მოსმენისას, ფეისბუქის მომხმარებლებისთვის ხუმრობის საბაბად იქცა. საქმე ის არის, რომ ზაფხულში ეს საკითხი პარლამენტში უკვე განიხილეს, მაგრამ ჩავარდა. მოწინააღმდეგეების არგუმენტები ასეთი იყო: 1)შერეული სისტემა დეპუტატთა კორპუსს სახეს დაუკარგავს; 2) პარლამენტს ლობისტური ჯგუფები დაიპყრობენ; 3) პარლამენტის ხარჯები გაორმაგდება და გაუსაძლის, მძიმე ტვირთად დააწვება ბიუჯეტს.
მაშინდელი გეგმით, პარლამენტის დეპუტატების რიცხვი 45 წევრამდე უნდა გაზრდილყო.
კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციამ (სწორედ ამ უწყებამ შეიტანა აღნიშნული ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტში) განაახლა გეგმა და კიდევ ერთხელ შესთავაზა პარლამენტს დასამტკიცებლად. ერთადერთი სიახლე კი ის არის, რომ ამჯერად გეგმაშია პარლამენტართა რიცხვის 55 დეპუტატამდე გაზრდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკანონმდებლო ინიციატივის ბოლო ვერსია პარლამენტმა მოიწონა. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი განმარტება კი ასე ჟღერს: მაჟორიტარი დეპუტატები სრულად აკონტროლებდნენ სიტუაციას და სტატუსკვოს ცვლილების ნებისმიერ მცდელობას ბლოკავდნენ. ახლა კი, პარლამენტართა რიცხვის ზრდის წყალობით, მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა, პრაქტიკულად, არ შეიცვლება და, შესაბამისად, მაჟორიტარებს გაუჩნდათ იმედი, რომ ახალი მოწვევის პარლამენტშიც მოხვდებიან.
Facebook-ში აღნიშნულ საკითხს ასე ეხმაურებიან:
“ვაშა! ახლა ყველა აფხაზურ მოდგმას თავისი წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში!”
“გერმანიის საავტომობილო მრეწველობის მესვეურებს ალბათ წარმოდგენაც არ აქვთ, 2017 წლიდან როგორ მოიმატებს მათი გაყიდვები.”
• დღესდღეობით აფხაზეთში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მოქმედებს. რვავე ოლქში კანდიდატებს წარადგენენ როგორც საინიციატივო ჯგუფები, ისე პოლიტიკური პატიები.
• 2015 წლის ივლისში პარლამენტის დეპუტატების რაოდენობასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის მომხრე 19 დეპუტატი იყო; 5 დეპუტატი აღნიშნული პროექტის წინააღმდეგი აღმოჩნდა, 4-მა კი პოზიციის გამოხატვისგან თავი შეიკავა. ამდენად, აღნიშნულ კანონპროექტს დეპუტატთა საკმარისმა რაოდენობამ (პარლამენტის წევრთა 2/3) მხარი არ დაუჭირა.
• მომდევნო საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთში 2017 წლის მარტში უნდა ჩატარდეს.